Facebook Twitter

ას-850-799-2010 1 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. წ-ძის (წარმომდგენლები ო. კ-შვილი და ე. გ-ძე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე, მ. წ-ძის სარჩელის გამო ლ. კ-ძის მიმართ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მ. წ-ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 1 500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2010 წლის 30 სექტემბერს მ. წ-ძის წარმომადგენლებმა ო. კ-შვილმა და ე. გ-ძემ განცხადებით მიმართეს საკასაციო პალატას და მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლებენ სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით მ. წ-ძის წარმომადგენლების ო. კ-შვილისა და ე. გ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 1 500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.II, ს.ფ. 101-102).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მ. წ-ძის წარმომადგენლებს ო. კ-შვილსა და ე. გ-ძეს, რომელთაც განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 5 ოქტომბერს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ტ.II, ს.ფ. 104).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მხოლოდ მხარეს, ან მხოლოდ მის წარმომადგენელს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. წ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. წ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.