ას-855-804-2010 29 ნოემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ჯ. ი-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები _ გ. მ-ძე, ვ. ქ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლOო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-ძემ და ვ. ქ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ჯ. ი-ძის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: ჯ. ი-ძე აპირებდა უძრავი ქონების შეძენას, კერძოდ, მას გადაწყვეტილი ჰქონდა 33 000 აშშ დოლარად შეეძინა ი. გ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობდა ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹38-ში. თავიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი გამყიდველს გადაუხდიდა ფულის ნაწილს, ხოლო უძრავი ქონების გადაფორმების შემდეგ კი დაფარავდა დარჩენილ თანხას. მოპასუხემ გ. მ-ძეს თანხის დაფარვაში დახმარება შესთავაზა, კერძოდ, გადასახდელი ჰქონდა 12 400 აშშ დოლარი, ხოლო, თუ მარწმუნებელი დაფარავდა დარჩენილ თანხას 20400 აშშ დოლარს, მაშინ მოცემული ქონების 1\2-ს აღრიცხავდა მის სახელზე, ხოლო დარჩენილ თანხას, ანუ ზედმეტად გადახდილ 4 100 აშშ დოლარს დაუბრუნებდა 2008 წლის ოქტომბრის ბოლომდე. მოსარჩელემ პირნათლად შეასრულა მოცემული შეთანხმება, მან მისცა ჯ. ი-ძეს 20400 აშშ დოლარი, საიდანაც 16 500 აშშ დოლარი მან გადაიხადა თავისი წილი, ხოლო დარჩენილი 4 100 აშშ დოლარი ფაქტობრივად ასესხა მოპასუხეს ოქტომბრის ბოლომდე, აგრეთვე, დამატებით ასესხა 1000 აშშ დოლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს მისთვის თანხა არ უსესხებია. მოსარჩელესათვის 20400 აშშ დოლარის სესხების შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, თავად შეეძლო აღრიცხულიყო ნახევარი ქონების მყიდველად. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2008 წლის 1 ოქტომბერს, სადაც გამყიდველი იყო ი. გ-ძე, ხოლო მყიდველი ჯ. ი-ძე. მოსარჩელის განცხადებით კი, ამ დროისათვის მას უკვე გადაცემული ჰქონდა 20400 აშშ დოლარი, მაგრამ თვითონ არ მიიღო მონაწილეობა, ანუ არ იყიდა ის ნახევარი მიწის ნაკვეთი, რაზედაც თითქოსდა მოპასუხეს ზეპირად შეუთანხმდა. მხოლოდ სიტყვიერად, ყოველგვარი წერილობითი შეთანხმების გარეშე, ენდო მოპასუხეს და ხელშეკრულება მიწის ნასყიდობის შესახებ გააფორმა მხოლოდ 2008 წლის 23 ოქტომბერს. არასწორია სარჩელის მითითება მოპასუხისთვის 1000 აშშ დოლარი სესხების თაობაზე. მოპასუხის განმარტებით, მან მიწის ნაკვეთის ნახევარი მიჰყიდა მოსარჩელეს უფრო მეტ ფასად, კერძოდ, 20400 აშშ დოლარად, რითაც ნახა მოგება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ძისა და ვ. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძემ და ვ. ქ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ძისა და ვ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. მ-ძისა და ვ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჯ. ი-ძეს გ. მ-ძისა და ვ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე და 976-ე მუხლებზე მითითებით გაიზიარა აპელანტების (მოსარჩელეების) მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2008 წლის 1 ოქტომბერს, გ. მ-ძის მეუღლე ვ. ქ-ძის მიერ ი. გ-ძის მინდობილი პირის ი.ჯ-შვილისათვის გადაცემული 20500 აშშ დოლარიდან 16500 აშშ დოლარი წარმოადგენდა 2008 წლის 23 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურს, ხოლო 4000 აშშ დოლარი. 2008 წლის 1 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი.ჯ-შვილის წინაშე ჯ. ი-ძის ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილ თანხას, ვინაიდან მოწინააღმდეგე (მოპასუხე) მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ 2008 წლის 1 ოქტომბერს გადახდილი 20500 აშშ დოლარი მთლიანად 2008 წლის 23 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია გ.მ-ძის მეუღლის მიერ 20500 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 2008 წლის 23 ოქტომბრის ნასყიდობის საგნის საფასური ფაქტობრივად განისაზღვრა 16500 აშშ დოლარით, მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია მხოლოდ სხვაობის 4000 (20500-16500=4000) აშშ დოლარის გადახდაზე, ხოლო დამატებით 100 აშშ დოლარის დაკისრებაზე დაუსაბუთებელი.
პალატამ აღნიშნა, რომ გ. ი-ძე და ვ. ქ-ძე სარჩელში მიუთითებენ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2008 წლის 1 ოქტომბერს გ.ი-ძის მოთხოვნის საფუძველზე ი.ჯ-შვილს გადასცეს 20500 აშშ დოლარი, საიდანაც 4100 აშშ დოლარი იყო ჯ.ი-ძის მიერ გადასახდელი (ვალი) და იმ თანხის დაბრუნებას ითხოვდნენ; ამასთან დაკავშირებით პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა ავალდებულებს მოსარჩელეს სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან სარჩელში მითითებული იქნა ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ქ.ბათუმში, ... ქუჩა ¹38-ში მდებარე 537 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის საფასური შეადგენდა 33000 აშშ დოლარს, რომლის ნახევარიც აღირიცხა ჯ.ი-ძის საკუთრებაში, ხოლო მეორე ნახევარი გ.მ-ძის საკუთრებაში, ამასთან გ.მ-ძის მიერ თავდაპირველი მესაკუთრისათვის გადახდილ იქნა 20500 აშშ დოლარი, პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, შეეფასებინა 20500 აშშ დოლარიდან 4100 აშშ დოლარის გადაცემას გააჩნდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, არასწორად მიიჩნია, სასამართლოს მოსაზრება, რომლითაც მხოლოდ სარჩელში მითითებული სამართლებრივი საფუძველი იქნა შეფასებული და, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, 4100 აშშ დოლარის სესხების თაობაზე წერილობით შედგენილი დოკუმენტის არარსებობის გამო, სარჩელი უსაფუძვლოდ ჩაითვალა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. ი-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი. არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ საერთოდ არსებობდა თუ არა სესხის ხელშეკრულება და ასეთის შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი; გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ჩათვალა მოსარჩელეთა მიერ გადაცემული თანხა 20 500 აშშ დოლარი მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თანხად თუკი 4100 აშშ დოლარი გადაცემული იქნებოდა არა სესხის სახით, არამედ ნასყიდობის მიზნით, მისი გადაცემა უნდა მომხდარიყო 2008 წლის 23 ოქტომბერს ჯ.ი-ძესა და მოსარჩელეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას და არა 2008 წლის 1 ოქტომბერს ჯ.ი-ძის სახელზე მიწის ნაკვეთის გაფორმებისას.
პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მისი მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, რომ 2008 წლის 1 ოქტომბერს გადახდილი 20500 აშშ დოლარი მთლიანად 2008 წლის 23 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურს წარმოადგენდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 976-ე მუხლების თანახმად აპელანტის (მოსარჩელის) მითითება იმის თაობაზე, რომ 4000 აშშ დოლარი გადაიხდა არა თავისი, არამედ ჯ.ი-ძის ნაცვლად ვალდებულების შესრულების მიზნით დასაბუთებულია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული თანხის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანი. პალატის ასეთი მოსაზრება და მის მიერ ამ კონკრეტული გარემოების განსაზღვრისათვის აღნიშნული მუხლების მხოლოდ ერთი მხარისათვის გამოყენება არასწორია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ი-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჯ. ი-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 317-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. ი-ძეს უნდა დაუბრუნდეს 2010 წლის 2 ოქტომბერს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 361.01 ლარის 70% _ 252.70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ი-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ჯ. ი-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 2 ოქტომბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 361.01 ლარის 70% _ 252.707 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.