ბს-1195-770(კ-05) 25 იანვარი, 2006 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი- ი. ფ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შუახევის რაიონის გამგეობა
მესამე პირი - შუახევის რაიონის ნოტარიუსი ა. ფ-ძე
მესამე პირი - ა. მ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ი. ფ-ძემ სარჩელით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შუახევის რაიონის გამგეობის და თანამოპასუხის_ა. მ-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე შუახევის რაიონის გამგეობის საბინაო საკითხთა საზოგადოებრივი კომისიის მიერ სადავო ბინით სარგებლობის უფლების დაკანონება და შუახევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 25 მაისის ¹ -- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1995 წლის 21 ნოემბერს შუახევის რაიონის გამგეობის ¹-- გადაწყვეტილებით რაიონის პროკურატურას სამსახურებრივი დანიშნულებით გადაეცა საცხოვრებელი ერთოთახიანი ბინა, მდებარე ს. ---ის ქ ¹3-ში.
1994 წლამდე აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა პროკურატურის გამომძიებელი გ.ა. მაკარაძე, ხოლო მოგვიანებით სადავო ბინაში თვითნებურად შესახლდა შუახევის განათლების განყოფილების მუშაკი გ.ა. მ-ძე, რომელიც შუახევის პროკურატურის 1997 წლის დადგენილებით, ადმინისტრაციული წესით გამოსახლდა ბინიდან საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.
2002 წლის თებერვალში მოსარჩელე ი. ფ-ძისთვის ცნობილი გახდა, რომ შუახევის გამგეობამ 1998 წლის 25 მაისის ¹-- გადაწყვეტილებით ა. მ-ძეს დაუკანონა ბინით სარგებლობის უფლება, რაც მოსარჩელეს მიაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან შუახევის რაიონის პროკურატურის 1997 წლის 25 თებერვლის დადგენილებით გ. მ-ძე გამოსახლდა სადავო ბინიდან.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო გადაწყვეტილებით შეილახა მისი კანონიერი ინტერესი, კერძოდ, იგი 1981 წლიდან საბინაო აღრიცხვაზე იმყოფებოდა და ექვემდებარებოდა საცხოვრებელი ბინით დაკამაყოფილებას (იხ.ს.ფ 2-3, ტომი 1).
მოპასუხე შუახევის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ 36).
თანამოპასუხე ა. მ-ძემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ 37).
ქედის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ფ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება (იხ.ს.ფ 43-46).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002 წლის 29 ივლისის განჩინებით ი. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.ს.ფ 65-67).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შუახევის რაიონის პროკურატურა, რომელმაც მხარი დაუჭირა ი. ფ-ძის სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სადავო ბინის, როგორც სამსახურებრივი დანიშნულების, პროკურატურის ბალანსზე გადაცემა (იხ.ს.ფ 76-85).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ფ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მესამე პირის_შუახევის რაიონის პროკურატურის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შუახევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 25 მაისის ¹-- გადაწყვეტილება და ¹-- საბინაო ორდერი, გაუქმდა 2002 წლის 17 ივნისს გაფორმებული სადავო საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტით, რომლითაც გ. მ-ძეს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, შეილახა შუახევის რაიონის პროკურატურის ინტერესები, ვინაიდან ფაქტობრივად მითითებული გადაწყვეტილებით პროკურატურას ჩამოერთვა საუწყებო ბინა და მისი თანხმობის გარეშეE გადაეცა გ. მ-ძეს.
სასამართლომ დაასკვნა, რომ 1995 წლის 21 ნოემბრიდან, კერძოდ, ბინის პროკურატურაზე გადაცემის მომენტიდან, თანამოპასუხე გ. მ-ძე მასში ცხოვრობდა უკანონოდ, რასაც ადასტურებს შუახევის რაიონის პროკურატურის 1997 წლის 25 თებერვლის დადგენილება, რომლითაც საქართველოს საბინაო კოდექსის 101.2. მუხლის თანახმად, გ. მ-ძე ადმინისტრაციული წესით გამოსახლდა საცხოვრებელი ბინიდან.
სასამართლომ შუახევის რაიონის გამგეობის 1995 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩათვალა, რომ სადავო ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა შუახევის რაიონის პროკურატურა, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, აღჭურვილია უფლებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა (იხ ტ.1. ს.ფ. 132-134).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:
აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ბინაში საცხოვრებლად ა. მ-ძე შევიდა 1995 წლის აგვისტოში, ხოლო 1995 წლის 21 ნოემბრის ¹-- გადაწყვეტილებით ბინა შუახევის რაიონის გამგეობამ გადასცა შუახევის პროკურატურას.
აპელანტმა ჩათვალა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი, რომლის თანახმად, იგი წარმოადგენდა ბინის მფლობელს, მესაკუთრეს, რადგან მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შედეგად. აპელანტის მოსაზრებით, მისთვის, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელისათვის შუახევის პროკურატურას ბინის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა.
აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას შუახევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობის შესახებ, ვინაიდან სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროისათვის ამოქმედდა სამოქალაქო კოდექსი და ძალა დაკარგა საბინაო კოდექსმა, რომლის საფუძველზე შუახევის პროკურატურის 1997 წლის 25 თებერვლის დადგენილებით გ. მ-ძე გამოსახლდა ბინიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 139-141).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ფ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შუახევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და შუახევის ნოტარიუსის მიერ 2002 წლის 17 ივნისს დამოწმებული სანოტარო ხელშეკრულება ბინის პრივატიზაციის შესახებ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შუახევის რაიონის დაბა შუახევში, ---ის ქ ¹3-ში არსებული ¹3 ბინა ირიცხებოდა და ეკუთვნოდა შუახევის რაიონის კომუნალური მეურნეობის სამსახურს და ირიცხებოდა მის ბალანსზე. 1994 წლამდე მასში ცხოვრობდა პროკურატურის გამომძიებელი, როგორც დამქირავებელი. მისი წასვლის შემდეგ ბინა უკანონოდ დაიკავა სტიქიური უბედურებით დაზარალებულმა გ. მ-ძემ. შუახევის რაიონის გამგეობამ 1995 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით სადავო ბინა გადასცა მფლობელობაში (და არა საკუთრებაში) სამსახურებრივი სარგებლობისათვის შუახევის რაიონის პროკურატურას. ბინა ირიცხება შუახევის გამგეობის კომუნალური მეურნეობის საკუთრებაში და მის ბალანსზე.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე დაასკვნა, რომ შუახევის პროკურატურამ დაკარგა ბინაზე ფაქტობრივი ბატონობის უფლება, ვინაიდან მან თავისი უმოქმედობით არ გამოასახლა 1995 წელს გ. მ-ძე, რის გამოც შუახევის რაიონის გამგეობამ ფაქტობრივად დაიბრუნა ნივთი და გადასცა იგი სხვას, რაც შუახევის პროკურატურას სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურისთვის შუახევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება ცნობილი იყო 1998 წელს, რაც დასტურდება რაიონის გამგეობის სხდომის ოქმით, რომელსაც ესწრებოდა შუახევის რაიონის პროკურორი დ. ჯ-ძე და სადავო ბინის მ-ძეზე გადაცემის შესახებ პრეტენზია არ განუცხადებია.
სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 129.1 და 160-ე მუხლების საფუძველზე დაასკვნა, რომ შუახევის პროკურატურის და ი. ფ-ძის სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1. მუხლის შესაბამისად, ვალდებულ პირს შეუძლია უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე (იხ.ს.ფ 158-160).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-ძემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 158.2. მუხლი, რომლის თანახმად, ბინაზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან ა. მ-ძეზე 1998 წლის 17 ივნისს გაცემული საბინაო ორდერი არის საბინაო ფართის ქირავნობის ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც დამქირავებელია გ. მ-ძე, ხოლო გამქირავებელი _ მესამე პირი შუახევის რაიონის კომუნალური მომსახურების საწარმოო სამმართველო.
კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129.1 და 160-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
კასატორმა ჩათვალა, რომ სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი, ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეებს შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება ა. მ-ძის მიერ წარმოდგენილ ყალბ დოკუმენტს, კერძოდ, 1998 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმის ამონაწერს, რომელსაც რეალურად შუახევის პროკურორი არ დასწრებია და ვერც დაესწრებოდა, რადგან სადავო საკითხზე სხდომა არ ჩატარებულა და გადაწყვეტილება გამგეობის მიერ მიღებულია ფარულად (იხ.ს.ფ 168-174).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის განჩინებით ი. ფ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ193-198 ტომი 1).
2005 წლის 27 იანვარს ი. ფ-ძემ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
ი. ფ-ძე ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს შუახევის რაიონული პროკურატურის 2004 წლის 20 სექტემბრის დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. განმცხადებლის აზრით, მითითებული დადგენილებით დადასტურებულია დუკუმენტის (გამგეობის გადაწყვეტილებისა და სხდომის ოქმის) სიყალბე, რომელსაც სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ შუახევის რაიონის პროკურატურამ ხელი შეუწყო გ. მ-ძეს სადავო ბინის დაკავებაში, ვინაიდან თავისი უმოქმედობით არ გამოასახლა გ. მ-ძე, რის გამოც რაიონის გამგეობამ ჩამოართვა ბინა პროკურატურას და გადასცა სხვას (გ. მ-ძეს), რაზეც პროკურატურას პრეტენზია არ განუცხადებია. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1998 წლის 25 მაისის ¹-- გადაწყვეტილების მიღებისას რაიონის გამგეობის სხდომას ესწრებოდა პროკურორი ა. ჯ-ძე, მაშინ, როდესაც 2004 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ, დადგენილია, რომ რაიონის მაშინდელ ---ლს _ ტ. ნ-ეს ჩადენილი აქვს სიყალბე, რის შედეგადაც ნოტარიუსმა ა. ფ-ძემ სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, რომ გამგეობის სხდომებს ესწრებოდა ის და პროკურორი.
განმცხადებელი თვლის, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423. ,,ა’’ და ,,ვ” მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები (იხ.ს.ფ 2-4).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 17 ივნისის განჩინებით ი. ფ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად (იხ.ს.ფ 11).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 16 ივნისის განჩინებით ი. ფ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ფ-ძის მიერ განცხადებაში მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოება, კერძოდ, 2004 წლის 20 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ უარის თქმის თაობაზე არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფუძველს, ვინაიდან აღნიშნულ დადგენილებაში არ არის განსაზღვრული თუ რაში გამოიხატა ყოფილი ---ის სამსახურებრივი სიყალბე და რითი მტკიცდება იგი. ამასათან, არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნოტარიუსმა ა. ფ-ძემ სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შუახევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 25 მაისის ¹-- გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან იგი არავის გაუხდია სადავოდ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (იხ.ს.ფ 35-41).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-ძემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად სრულიად დაუსაბუთებელია, რის გამოც, კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397 ,,ე’’ მუხლი.
კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შუახევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სადავოდ არავის გაუხდია, ვინაიდან ი. ფ-ძის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ მითითებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2004 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, არ დასტურდება --- ტ. ნ-ის მიერ ჩადენილი სამსახურებრივი სიყალბე, ვინაიდან, კასატორის აზრით, დადგენილია, რომ ყოფილი ---ის_ტ. ნ-ის ქმედებაში სახეზეა სამსახურებრივი სიყალბის ნიშნები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით, რაც გამოიხატება იმაში, რომ 1998 წლის 25 მაისს გამგეობის სხდომა არ ჩატარებულა, გამგეობის სხდომა დათარიღებულია ივნისის თვით, ხოლო გადაწყვეტილება გამოტანილია 1998 წლის 25 მაისს.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.2 მუხლი და არ გამოიყენა ამავე მუხლის 1 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის ,,ა” და ,,გ” პუნქტების შესაბამისად წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს (იხ. ს.ფ 50-51).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასაკვნამდე, რომ ი. ფ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 16 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სწორად განმარტა საპროცესო ნორმები, სწორად გამოიყენა ისინი და მართებულად არ დააკმაყოფილა ი. ფ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1. მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული საპროცესო ნორმა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1. მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ამგვარ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევა ყალბი დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება და დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტიზის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილი კიდევ უფრო აკონკრეტებს და განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ყალბი დოკუმენტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, კერძოდ, მითითებული საპროცესო ნორმით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით. კონკრეტულ შემთხვევაში ი. ფ-ძის მიერ მითითებული 2004 წლის 20 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, არ წამოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადგენილების აღწერილობით ნაწილში მითითებული ფაქტები არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და გამოხატავს მხოლოდ ვარაუდს ყოფილი ---ის_ტ. ნ-ის ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შესახებ.
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ არის დადგენილი დოკუმენტის ან საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულების სიყალბე და არც მხარის, ნოტარიუს ა. ფ-ძის ცრუ ჩვენება, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი ხასიათის ახლად აღმოჩენილი გარემოებანი, რომლებიც შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1. მუხლით განსაზღვრული პროცესუალური საფუძველი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ ი. ფ-ძის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მის მიერ დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1. მუხლით განცხადების (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე) წარდგენისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა, ვინაიდან მითითებული ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ ვადის დინება იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ განმცხადებელს ჩაჰბარდა 2004 წლის 17 დეკემბერს, ხოლო განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ი. ფ-ძემ სასამართლოს მიმართა 2005 წლის 27 იანვარს. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მითითებული განცხადების დასაშვებობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ი. ფ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც არსებითად სწორი, ძალაში უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ფ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.