ას-856-805-2010 17 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ი. ბ-ოვის უფლებამონაცვლე ტ. ჭ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.ბათუმის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ბ-ოვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ბათუმის მერიისა და შპს “გ.-ს” მიმართ აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის _ 111205 ლარის, ასევე აუდიტის მომსახურებისათვის გადახდილი 3000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 29 მაისს მხარეთა შორის დაიდო იჯარა-აღნაგობის ხელშეკრულება ქ.ბათუმში, ... ქუჩაზე მდებარე საშენ-მასალათა ბაზის მიმდებარე 2000 კვ.მ-ზე. აღნიშნული ობიექტი იყო ჭაობიანი და მასზე შენობის აღმართვისათვის მოსარჩელემ აწარმოვა გარკვეული სამუშაოები, რისთვისაც, აუდიტორული დასკვნის მიხედვით, დახარჯა 111205 ლარი. 2005 წელს ქ.ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა და მხარეს დაჰპირდა მის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურებას, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გამოიკვლია სადავო მიწის ნაკვეთი, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ი.ბ-ოვმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ქ.ბათუმის მერიის 2002 წლის 26 მარტის ¹98 დადგენილების საფუძველზე “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ი. ბ-ოვთან გაფორმდა იჯარა-აღნაგობის ხელშეკრულება ქ.ბათუმში, ... ქუჩაზე საშენ მასალათა სავაჭრო ბაზის მიმდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულის საფუძველზე 2002 წლის 29 მაისს ი. ბ-ოვსა და ქ.ბათუმის მერიას შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება.
ქ.ბათუმის მერიის 2007 წლის 10 მაისის ¹418 ბრძანებით გამოცხადდა აუქციონი ქ.ბათუმში, ... ქ.¹6-ის მიმდებარედ არსებულ 3527 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოიცავდა ასევე ზემოხსენებული აღნაგობის ხელშეკრულებით ი.ბ-ოვისათვის გადაცემულ ტერიტორიასაც.
2007 წლის 18 ივნისის ¹339 ბრძანებითა და განკარგვის კომისიის 2007 წლის 12 ივნისის სააუქციონო ვაჭრობის ¹7 ოქმით ქ.ბათუმში, ... ქ.¹6-ში მდებარე 3527 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე ჩატარებულ ღია აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “გ.”.
ქ.ბათუმის მერიის მიერ ზემოხსენებული ბრძანების მიღების შემდეგ ქ.ბათუმის მერიასა და შპს “გ.-ს” შორის გაფორმდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს “გ.-ს” გადაეცა საკუთრებაში.
პალატამ ყურადღება გაამახვილა 2002 წლის 29 მაისის აღნაგობის ხელშეკრულების 5.3 და 5.4 პუნქტებზე და მიუთითა, რომ აღნაგობის წესით ი.ბ-ოვისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საკანალიზაციო მოწყობილობა ი.ბ-ოვის მიერ გაკეთებულ იქნა ამ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარე შენობასთან დაგროვილი წყლის გატარების მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 233-ე, 236-ე, 239-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სანიაღვრე საკანალიზაციო მოწყობილობა, რომელზეც მოსარჩელე ითხოვს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, გაკეთდა არა აღნაგობის საგნის ექსპლუატაციის მიზნით, არამედ ამ ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის სანიაღვრე წყლებისაგან გასათავისუფლებლად. პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული მოწყობილობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის მოთხოვნებიდან.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შენობის აშენების ან აღნაგობის უფლების საგნის ექსპლუატაციის მიზნით სამუშაოების განხორციელების ფაქტი და მისი მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ბ-ოვმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ი. ბ-ოვის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ტ. ჭ-ია. ტ.ჭ-იამ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ ი.ბ-ოვმა მართლაც აწარმოვა გარკვეული სამუშაოები, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნაგებობის ტიპს განეკუთვნება. საუბარია როგორც მიწის ქვეშა, ისე მიწის ზედა ნაგებობებზე.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო ნაკვეთი ი.ბ-ოვისათვის გადაცემისას დაჭაობებული იყო და სწორედ ნაკვეთით სარგებლობისათვის აუცილებელი იყო მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესრულება.
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება წინააღმდეგობრივია, რადგან, სასამართლოს მოსაზრებით, ი.ბ-ოვმა ვერ დაადასტურა მის მიერ სადავო მიწაზე რაიმე ნაგობების აღმართვის ფაქტი, მეორე მხრივ კი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და სასამართლოს განმარტებით, სანიაღვრე სისტემა განეკუთვნება მიწისქვეშა ნაგებობას, ი.ბ-ოვის მიერ შემოვლებული ღობე კი, მიწისზედა ნაგებობას.
სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რა საფუძვლით დარჩა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ აღმართული ზემოხსენებული ნაგებობები მაშინ, როდესაც სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, აღნაგობის შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს ნაგებობისა და მისი ნაწილის წაღების უფლება არ გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ოვის უფლებამონაცვლე ტ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება. ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ აღნაგობის უფლება სასყიდლიანი იყო, აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში მიწის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს სათანადო ანაზღაურება ნაკვეთზე აღმართული ნაგებობისათვის.
კანონის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, აღნაგობის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია, აღნაგობის საგნის გამოყენების მიზნით აღნაგობით დატვირთულ მიწაზე და მის ქვეშ აღმართოს მისთვის საჭირო ნაგებობა. მხარეთა შორის სასყიდლიანი აღნაგობის არსებობისას, აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემდეგ მიწის მესაკუთრე ვალდებულია, აღნაგობის უფლების მქონე პირს გადაუხადოს იმ ნაგებობის კომპენსაცია, რაც ან უკანასკნელმა აღნაგობის ფარგლებში ააგო.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის განჩინება წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, სასამართლომ დაადგინა ის ფაქტი, რომ ი. ბ-ოვმა ქ.ბათუმში, ... ქუჩაზე მდებარე სადავო მისი ნაკვეთის ქვეშ აღმართა საკანალიზაციო მოწყობილობა ამავე მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარე შენობასთან დაგროვილი წყლის გატარების მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, დაასკვნა, რომ საქმის მასალებით ი.ბ-ოვის მიერ რაიმე სახის ნაგებობის აშენების ფაქტი არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზაირებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ზემოხსენებული ნაგებობა აშენდა არა აღნაგობის საგნის ექსპლუატაციის, არამედ ამ ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის სანიაღვრე წყლებისაგან გათავისუფლებისათვის. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის სხდომის ოქმში ასახული ი.ბ-ოვის განმარტების მიხედვით, აღნაგობით დატვირთული სადავო მიწის ნაკვეთიდან მის გვერდით მდებარე ნაკვეთზე მიედნიებოდა წყალი, რომელიც გროვდებოდა სამინისტროს შენობის წინ, ზიანს აყენებდა მეზობელ ნაკვეთს და სამინისტროში შესვლას შეუძლებელს ხდიდა. სწორედ აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად მოაწყო ი.ბ-ოვმა საკანალიზაციო ნაგებობა.
ამდენად, ფაქტია, რომ მეზობელ ნაკვეთში წყალი ჩაედინებოდა ი.ბ-ოვის სასარგებლოდ აღნაგობით დატვირთული ფართიდან. ი.ბ-ოვი ვალდებული იყო, იმდაგვარად ესარგებლა აღნიშნული მიწის ნაკვეთით, რომ სხვა პირთათვის ზიანი არ მიეყენებინა, შესაბამისად, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრისათვის ზიანის მიყენების ასაცილებლად საკანალიზაციო ნაგებობის მოწყობა აუცილებელი იყო აღნაგობის საგნის მართლზომიერად გამოსაყენებლად. აღნიშნული გარემოება სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევას არ ეფუძნება სააპელაციო პალატის მსჯელობა ი.ბ-ოვის მოთხოვნაზე აღნაგობით დატვირთულ ნაკვეთზე აგებული ღობისა და სხვა სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა ავალდებულებს მხარეებს, სარწმუნოდ _ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაასაბუთონ მათი მოთხოვნების საფუძვლად მითითებულ გარემოებათა უტყუარობა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ი.ბ-ოვმა სადავო ნაგებობის აღმართვისა და აღნაგობის საგნის გაუმჯობესების სამუშაოების ჩატარების დასადასტურებლად წარადგინა შპს “ეკომიკა-აუდიტის” 2006 წლის 19 ოქტომბრის ¹99 აუდიტორული დასკვნა თანდართული შესრულებულ სამუშაოთა დეტალური ხარჯთაღრიცხვით, ასევე “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2009 წლის 22 ივნისის ¹1329/5 დასკვნა, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ ი.ბ-ოვმა ნამდვილად ააგო საკანალიზაციო-სანიაღვრე კომუნიკაცია და გადახურვის წიბოვანი ფილებით აშენებული ღობე. ორივე მათგანი განეკუთვნება ნაგებობათა ტიპს. მოსარჩელემ გაიღო ტერიტორიის მოხრეშვა-მოზვინვისა და სხვა სახის სამუშაოების ხარჯები.
აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ ქ.ბათუმის მერიამ განმარტა, რომ აღნაგობის საგნის მიღება-ჩაბარების დოკუმენტაცია არ არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადასტურება, სადავო სამუშაოები ნამდვილად ი.ბ-ოვმა აწარმოვა თუ არა. მოპასუხემ წარადგინა ინდივიდუალურ მეწარმე “ს. მ-იანის” მიერ 2008 წლის 14 ოქტომბერს სადავო მიწის ნაკვეთზე შედგენილი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა და მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ი.ბ-ოვს არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია.
აღსანიშნავია, რომ მითითებული დასკვნა სააპელაციო პალატას არ შეუფასებია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყურადღებას გაამახვილებდა, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების გარდა მასში აღწერილია გამოკვლევის დროსიათვის (2008 წელს) სადავო მიწის ნაკვეთის რელიეფის კენჭ-ხრეშოვანი ბალასტის, სამშენებლო და სამეურნეო ნაგვის ხარჯზე პირველად ნიშნულებამდე 1,2-1,4 მეტრით ამაღლების თაობაზე.
სასამართლოს არ უმსჯელია არც სარჩელზე დართულ პროექტებზე და სათანადოდ არ გამოუკვლევია სადავო ნაკვეთზე შემოვლებული ღობის საკითხი. აღნიშნულზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლა მითითებით, რომ ი.ბ-ოვმა ღობის მოწყობის სამუშაოების ჩატარება, ანგარიშსწორება და მასალების შეძენა სათანადო დოკუმენტაციით ვერ დაასაბუთა. მართალია, ამ კუთხით ი.ბ-ოვის მოთხოვნა ხსენებული დოკუმენტაციით გამყარებული არ არის, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რა საფუძვლით არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზისა და აუდიტის დასკვნები სადავო ღობის მოსარჩელის მიერ აღმართვისა და აღნიშნულის ხარჯების დაფარვის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული არ არის, რის გამოც დავის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს შემდეგზე: მოსარჩელე ი.ბ-ოვის მიერ სადავო გარემოებების (აღნაგობის საგანზე ნაგებობების აღმართვისა და აღნაგობის საგნის გაუმჯობესებისათვის გარკვეული სამუშაოების წარმოების) დასადასტურებლად ზემოხსენებული ექსპერტიზისა და აუდიტის დასკვნების წარდგენის შემდეგ ეკისრება თუ არა ქ.ბათუმის მერიას სარჩელში მითითებულ გარემოებათა საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი.
ინდივიდუალურ მეწარმე “ს. მ-იანის” 2008 წლის 14 ოქტომბრის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნისა და სარჩელზე თანდართული პროექტების შეფასებისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს რეალურად შეესაბამება თუ არა ნაკვეთის რელიეფის შევსება მოსარჩელის მიერ დასახელებულ სამუშაოებს და აღნაგობით დატვირთულ მიწაზე შესრულებული სამუშაოები ემთხვევა თუ არა პროექტზე დატანილ ნაგებობას. მით უმეტეს, რომ ხსენებული პროექტის კანონიერება საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემაც დაადასტურა და არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ პროექტის არსებობა არ ნიშნავს მის შესაბამის სამუშაოთა განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის ხელახლა განხილვისას და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისას სააპელაციო პალატამ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული საპროცესო შესაძლებლობები (როგორიცაა მაგალითად ადგილზე დათვალიერება), მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, შესთავაზოს მხარეებს სადავო გამოუკვლეველ გარემოებათა დადასტურების მიზნით წარადგინონ სათანადო მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ბ-ოვის უფლებამონაცვლე ტ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.