Facebook Twitter

ას-858-807-2010 16 მაისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ.სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ გ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ... ...»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 11 ნოემბერს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ჩ-მა მოპასუხე სს «... ... ...ს» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სესხად აღებული თანხის 97835 ლარის დაკისრება (ს.ფ. 2-13, 78-86).

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს «... ... ს» გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხად აღებული ფულადი თანხის 57615 ლარის გადახდა; გ. ჩ-ის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების 40220 ლარის სს «... ... ...სათვის» დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ გ. ჩ-მა, რომელიც წარმოადგენდა სს «... ... ...ს» აქციონერს, 2005 წლის იანვრიდან 2006 წლის ბოლომდე ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, უვადოდ, უპროცენტო სესხის სახით გადასცა მოპასუხეს 57615 ლარი და ამ თანხის დაბრუნება მოითხოვა 2008 წლის 22 იანვარს, თუმცა სს «... ... მა» თანხა არ დააბრუნა. დასახელებული გარემოებები სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის ახსნა-განმარტების, მოპასუხის მიერ 2005-2006 წლებში მოსარჩელისაგან სესხის მიღების ფაქტის აღიარებისა და სალაროს შემოსავლის ორდერების გათვალისწინებით.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულება არ გაფორმებულა წერილობითი ფორმით, რომელიც დაადასტურებდა, იყო თუ არა იგი ვადიანი. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 626-ე მუხლის შესაბამისად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებული უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს.

სასამართლოს მოსაზრებით, ფულადი სესხების დაბრუნება მოპასუხეს, როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირს, უნდა აღერიცხა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შესაბამისად. რამდენადაც მოპასუხის მიერ წარდგენილი გასავლის ორდერები არ პასუხობდა ამ სტანდარტებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა თანხის გ. ჩ-ისათვის გადაცემის ფაქტი.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის მოთხოვნა 40220 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შეძლო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხის სახით აღნიშნული თანხის გადაცემის ფაქტს. მითითებული გარემოების დასადასტურებლად მან წარადგინა შპს «... ... ის» მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გ. ჩ-ს სს «... ... ...დან» ეკუთვნოდა 40220 ლარი. ამ ჩანაწერიდან არ ირკვეოდა, თუ რა მტკიცებულების საფუძველზე გააკეთა ასეთი ჩანაწერი აუდიტმა. თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებითYჩანდა, რომ საწარმოში მითითებულ თანხაზე არ არსებობდა სალაროს შემოსავლის ორდერები ან სხვა სახის წერილობითი მტკიცებულებები, ასეთი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ისინი წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში, როგორც 2005-2006 წლებში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით გაკეთდა.

გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «... ... ის» მიერ გაცემული ცნობა იმიტომაც არ უნდა გაზიარებულიყო, რომ მოწმეების (მ. ს-ა, შ. ლ-ა, თ. ლ-ე) ჩვენებების თანახმად, აღნიშნული შპს-ს დირექტორი ა. ჯ-ი ადრე იყო მოპასუხე საწარმოს აუდიტი, ცნობის გაცემის დროისათვის საწარმოს გააჩნდა მისი დავალიანება გასამრჯელოს სახით. ამდენად, ზემოთ დასახელებული ცნობა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო უტყუარად (სარწმუნოდ) აუდიტის დაინტერესებულობის გამო (ს.ფ. 87-89).

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სს «... ... ...ს» დირექტორმა მოითხოვა გ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 99-110).

გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით ფულადი დავალიანების სახით მოწინააღმდეგე მხარისათვის მის სასარგებლოდ 40220 ლარის დაკისრება (ს.ფ. 111-120).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სს «... ... ...ს» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სს «... ... ს» გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხად აღებული ფულადი თანხა 57615 ლარი, ასევე იურიდიული მომსახურების თანხა 458 ლარი, სასამართლო ხარჯები 1686 ლარი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს «... ... ს» გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხად აღებული თანხა 18815 ლარი, შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4%, ანუ 752.60 ლარი და ადვოკატის მომსახურების თანხა 752.60 ლარი; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სს „... ... ...ს“ აქციონერმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გ. ჩ-მა 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისის თვემდე ზეპირი ხელშეკრულებით, უპროცენტო სესხის სახით მოპასუხე სს „... ... ს“ გადასცა 38800 ლარი, ხოლო 2006 წლის 30 იანვრიდან 2007 წლის 28 იანვრამდე 18815 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელე გ. ჩ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით, რომელიც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გ. ჩ-ი სს „... ... ...საგან“ მოითხოვდა თანხის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ მან უვადო ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს სესხად გადასცა თანხა და ითხოვდა მის დაბრუნებას, მაგრამ მოპასუხე არ აბრუნებდა თანხას. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა როგორც სესხის (57615 ლარი) მიცემის ფაქტი, რასაც მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა, ასევე სესხის დაბრუნების ვადის დადგომის ფაქტი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულება ვადიანი იყო თუ უვადო, ხოლო მოპასუხე მხარეს კი ეკისრებოდა იმის მტკიცების ტვირთი, რომ მან დაუბრუნა ვალი მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. ჩ-მა ვერ დაამტკიცა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულება იყო უვადო და, რომ მას 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით საწარმოზე მიცემული სესხის 38800 ლარის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში არ გაუშვია ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გ. ჩ-ის მიერ საწარმოსათვის სესხი 38800 ლარის ოდენობით 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისამდე მიცემული იყო ეტაპობრივად, შესაბამისად მისი გასტუმრებაც უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ. ჩ-მა საწარმოსაგან დაიბრუნა აღნიშნული თანხა (მას თანხის გასავლის ორდერებზე ხელი არა აქვს მოწერილი) თუმცა ჩათვალა, რომ მან გაუშვა სესხად გაცემული 38800 ლარის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (სარჩელი შეტანილია 2008 წლის 11 ნოემბერს სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ), რაც წარმოადგენდა ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის საფუძველს.

დანარჩენი თანხის ანუ 2006 წლის 31 იანვრიდან 2007 წლის 28 ივნისამდე გ. ჩ-ის მიერ საწარმოზე გასესხებული თანხის 18815 ლარის მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება (ს.ფ. 282-289).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით სს «... ... ...ს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება გ. ჩ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 373-380).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს «... ... ...ს» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სს «... ... ...სათვის» გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 57615 ლარიდან დარჩენილი 38800 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ჩ-ის სარჩელის მოთხოვნა 38800 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად; მოსარჩელეს სს «... ... ...ს» სასარგებლოდ დაეკისრა 1552 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სალაროს შემოსავლის ორდერებით, მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და მოპასუხის მიერ სესხის მიღების ფაქტის აღიარებით დადგენილია, რომ გ. ჩ-ი წარმოადგენდა სს «... ... ...ს» აქციონერს და იმავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელმაც 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისამდე ზეპირი ხელშეკრულებით, უპროცენტო სესხის სახით მოპასუხეს გადასცა 38800 ლარი;

საქმეზე წარდგენილ, გ. ჩ-ის სახელზე შედგენილ 2005-2006 წლების სალაროს გასავლის ორდერებზე დაფიქსირებული არ არის თანხის მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთის მონაცემები და მისივე ხელმოწერა;

შპს «.... ... ...ის» ცნობით, 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გ. ჩ-ს სს «... ... ...საგან» ეკუთვნოდა 40220 ლარი, თუმცა ჩანაწერში მითითებული არ არის, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გააკეთა აუდიტმა ასეთი დასკვნა;

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, 40220 ლარის გადაცემის თაობაზე სალაროს შემოსავლის ორდერები, ან სხვა მტკიცებულებები, გარდა შპს «.... ... ...ის» ცნობისა, არ არსებობდა, საჭიროების შემთხვევაში მის მიერ საწარმოსათვის თანხის გადაცემა და ამ თანხის უკან დაბრუნება ხდებოდა ყოველგვარი სალაროს ორდერების გარეშე;

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების _ მ. ს-ას, შ. ლ-ასა და თ. ლ-ის ჩვენებებით დგინდებოდა, რომ გ. ჩ-ის მიერ სს «... ... ...სათვის» სესხის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ხდებოდა სესხის გასტუმრებაზე მოთხოვნის წაყენება.

საააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ჩ-ის სარჩელის მოთხოვნა 40220 ლარის ანაზღაურების შესახებ. თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ირკვეოდა, რომ 40220 ლარის გადაცემის თაობაზე სალაროს შემოსავლის ორდერები ან სხვა მტკიცებულებები, გარდა შპს «.... ... ...ის» ცნობისა, არ არსებობდა. დასახელებული მტკიცებულება კი არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდებოდა ამ ოდენობის თანხის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცების ტვირთი აკისრია მოვალეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად, ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. რამდენადაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა 38800 ლარის ოდენობით ვალის გ. ჩ-ისათვის დაბრუნების თაობაზე სს «... ... ...ს» უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გ. ჩ-ის მითითება იმის შესახებ, რომ ამ ოდენობის ვალი გადახდილი არ იყო. აქვე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმებოდა სს «... ... ...ს» მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 38800 ლარი გასტუმრებულია და ამ ფაქტის დადგენის მიზნით მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები წარმოადგენდნენ სათანადო მტკიცებულებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის გასტუმრების ფაქტის დასადგენად.

სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2005 წლისათვის მოქმედი «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 55.8 მუხლზე, რომლის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა საზოგადოების საბუღალტრო წიგნების, სალაროსა და ფასიანი ქაღალდების შემოწმება, გაკონტროლება.

მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ხელმოუწერელი სალაროს გასავლის ორდერები ინახებოდა საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში; გ. ჩ-ი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებული იყო განეხორციელებინა საზოგადოების საბუღალტრო წიგნების, სალაროსა და ფასიანი ქაღალდების შემოწმება, გაკონტროლება, რაც შესაძლებლობას მისცემდა შეეტყო 2008 წლის ნოემბრამდე (სარჩელის წარდგენის დრო) 38800 ლარის დაბრუნების თაობაზე სალაროს გასავლის ორდერებში დაფიქსირებული ფაქტების გამო თავისი დარღვეული უფლების შესახებ და სადავო გაეხადა ისინი. ასეთი რამ მას არ განუხორციელებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ პერიოდის თანხების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულად მიიჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისამდე პერიოდში სესხის სახით გადაცემულ თანხებთან დაკავშირებით არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და ამ პერიოდში გადაცემული თანხის (38800 ლარი) ანაზღაურების თაობაზე გ. ჩ-ის სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებით არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იყო გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი (ს.ფ. 417-431).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 79020 ლარის ოდენობით ფულადი დავალიანების დაკისრება.

კასატორის დასახელებული მოთხოვნები ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოცემულ დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2009 წლის 25 მარტს მიღებულ განჩინებას. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით გ. ჩ-ის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ განჩინებით მითითებები მისცა სააპელაციო სასამართლოს. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს დაავალა, გამოერკვია გ. ჩ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევისათვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტის დადგენას თითოეულ სესხზე, გ. ჩ-ის მიერ 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით ეტაპობრივად ინვესტირებულ თანხებზე. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს განჩინებით სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, ცალკეული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა. ამავე განჩინებით უზენაესმა სასამართლომ ხაზი გაუსვა საქმისათვის ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით საკითხს _ სააპელაციო სასამართლოს სათანადო შეფასება უნდა მიეცა მოპასუხის მიერ წარდგენილი სალაროს გასავლის ორდერებისათვის. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს არც ერთი მითითება და უცვლელად დატოვა თავისი პირვანდელი გადაწყვეტილება;

სს «... ... ს» 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გ. ჩ-ის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 40220 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება 2007 წლის 16 ივნისს შპს «.... ... ...ის» მიერ გაცემული ცნობით სს «... ... ში» გ. ჩ-ის მიერ სესხის სახით ინვესტირებული თანხების შესახებ. 2005-2006 წლებში სს «... ... ს» მოსარჩელისაგან მიღებული ჰქონდა უპროცენტო სესხი 57615 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება შესაბამისი სალაროს შემოსავლის ორდერებით; 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის 30 მაისის ჩათვლით სს «... ... ს» გ. ჩ-ისაგან მიღებული აქვს 38800 ლარის ოდენობით უპროცენტო, უვადო სესხი (სს «... ... ...ს» სალაროს შემოსავლის არც ერთ ორდერზე არ არის მითითებული სესხის ვადა, ანდა მისი სავარაუდო დაფარვის პერიოდი). ამდენად, სრულიად ნათელია, რომ სს «... ... ...ს» სალაროს შემოსავლის 6 ორდერი წარმოადგენს გ. ჩ-ის მიერ 2005 წელში ინვესტირებული თანხის ერთობლიობას, რაც ჯამში გვაძლევს 38800 ლარს. ეს ის თანხაა, რომელიც საზოგადოებამ 2005 წლის იანვრის თვიდან მოყოლებული მაისის თვის ჩათვლით ტრანშის სახით მიიღო გ. ჩ-ისაგან;

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რომელი მომენტიდან დაიწყო კონკრეტულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გ. ჩ-ს სესხის უკან მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სს «... ... ში» თანხის შეტანისთანავე. საგულისხმოა, რომ სს «... ... ...ს» როგორც სალაროს შემოსავლის, ასევე გასავლის ორდერებში მიღებული თუUგასტუმრებული სესხის ვადის შესახებ არსადაა მითითებული. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთებისას დადგენილად მიიჩნია მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ ეს თანხები საზოგადოებამ მიიღო მოკლევადიანი სესხების სახით. აღნიშნული პერიოდი განისაზღვრებოდა 10 დღიდან 1 თვემდე ვადით, თუმცა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებში ასეთი აღნიშვნები არ მოიპოვება. სააპელაციო პალატამ სესხის ხელშეკრულების ვადის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დააკისრა, თუმცა არ მიუთითა, თუ რომელი კანონით იხელმძღვანელა.

სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მხარეებს შორის სესხის დაბრუნების ვადა არ იყო განსაზღვრული, 2008 წლის 22 იანვარს სს «... ... ს» გ. ჩ-მა მიმართა მოთხოვნით, დაებრუნებინა 97835 ლარი უმოკლეს ვადაში. მათ აღნიშნულ განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. უვადო სესხის ხელშეკრულების არსებობისას, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი მოთხოვნიდან 3 თვის ვადაში. აქედან გამომდინარე, სს «... ... ს» სესხის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა მოთხოვნიდან სამი თვის შემდეგ, ანუ 2008 წლის 22 მარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ვადის გაშვებაზე საუბარი არასწორია;

სს «... ... ...ს» მიერ წარდგენილ სალაროს გასავლის ორდერებზე მითითებულია სესხის გასტუმრების პერიოდი 2005 წლის აპრილიდან 2005 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სესხის ყველაზე დიდი ნაწილის გასტუმრება სს «... ... მა» 2005 წლის სექტემბერში დააფიქსირა, სალაროს გასავლის ორდერებით მათ დაახლოებით 38000 ლარი თითქოს დაუბრუნეს გ. ჩ-ს. მოცემული მტკიცებულებებით სრულიად ნათელია, რომ მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება ზეპირიც რომ ყოფილიყო, იგი მაინც არ იქნებოდა მოკლევადიანი, როგორც ამას სს «... ... ...» აცხადებდა;

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2005 წელს სესხის სახით სს «... ... ...სათვის» მიცემული 38800 ლარის ნაწილში გ. ჩ-ის მოთხოვნის უფლება იწყება სესხის შეტანისთანავე, მოსარჩელეს მაინც არ აქვს გაშვებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. 2008 წლის 7 მაისს გ. ჩ-მა გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოპასუხედ დაასახელა სს «... ... ...». განმცხადებელმა მოითხოვა მოპასუხისათვის უპროცენტო სესხის სახით მიღებული 97835 ლარის დაკისრება. 38800 ლარის ბოლო ტრანში გ. ჩ-მა სს «... ... ს» მისცა 2005 წლის 30 მაისს, რომლის მიხედვითაც, გ. ჩ-მა სრულად შეასრულა სესხის ხელშეკრულების მოთხოვნები და დაასრულა უპროცენტო, უვადო სესხის სახით 2005 წლისათვის მის მიერ საწარმოში გაწეული ინვესტიცია. განცხადება ტყიბულის რაიონულ სასამართლოში შევიდა 2008 წლის 15 მაისს იმავე საფუძვლითა და ანალოგიური მოთხოვნით, რომელსაც ითვალისწინებს გ. ჩ-ის 2008 წლის 11 ნოემბრის სარჩელი სს «... ... ...ს» მიმართ;

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი ასევე მოითხოვდა მოპასუხისათვის 40220 ლარის დაკისრებას. ის გარემოება, რომ სს «... ... ს» გ. ჩ-ის მიმართ 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა 40220 ლარი, დასტურდება შპს «.... ... ...ის» 2007 წლის 16 ივნისის ცნობით. დასახელებული შპს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ ლიცენზირებულ საწარმოს, რომელიც მოქმედებს «აუდიტორული საქმიანობის შესახებ» 1995 წლის კანონის შესაბამისად. ამ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, აუდიტორული დასკვნა არის აუდიტორის მიერ სათანადო წესით შედგენილი, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური საბუთი, რომელშიც წარმოდგენილია დასკვნა სამეურნეო სუბიექტის ანგარიშგების უტყუარობის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის სისრულის და მოქმედ კანონმდებლობასთან და დადგენილ ნორმატივთან მისი შესაბამისობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი აუდიტის ცნობა სრულად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნას, იგი ხელმოწერილი და დადასტურებულია ორგანიზაციის ბეჭდით, მასში მითითებულია პერიოდი (2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) სს «... ... სა» და გ. ჩ-ს შორის ანგარიშსწორების შესახებ. საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ცნობის გაცემის დროს შპს «.... ... ...ის» მიერ დარღვეულია კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნები. უფრო მეტიც, მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ აუდიტორული ფირმის დირექტორი ა. ჯ-ი პირადად იმყოფებოდა სს «... ... ში», სადაც ორგანიზაციის მთავარ ბუღალტერთან ერთად განახორციელა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის ინსპექტირება. ეს გარემოება თავისი ჩვენებით დაადასტურა მ. ს-ამ, რომელიც 2006-2007 წლებში წარმოადგენდა სს «... ... ...ს» დირექტორს. ამ უკანასკნელმა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული დავალიანების საკითხი აუდიტორმა შეისწავლა საბუღალტრო უწყისების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების (დ.ჟორჟოლიანი, ს.ჩხაიძე) მიერ, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ზ» პუნქტიდან გამომდინარე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია (ს.ფ. 437-453).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხე სს «... ... ს» მოსარჩელე გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრება ნასესხები თანხიდან (97835 ლარი) დარჩენილი ნაწილის – 79020 ლარის გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა 2004 წელს მოსარჩელე გ. ჩ-ის მიერ მოპასუხე სს «... ... ...სათვის» სესხად 40220 ლარის გადაცემის, აგრეთვე, 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისამდე პერიოდში მოპასუხისათვის სესხად გადაცემული 38800 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების საკითხი.

ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სს «... ... ...ს» სალაროს შემოსავლის ორდერებით, მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და მოპასუხის მიერ სესხის მიღების ფაქტის აღიარებით დადგენილია, რომ გ. ჩ-ი წარმოადგენდა სს «... ... ...ს» აქციონერს და იმავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელმაც 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისამდე ზეპირი ხელშეკრულებით, მოპასუხეს გადასცა უპროცენტო სესხი 38800 ლარი;

გ. ჩ-ის სახელზე შედგენილ 2005-2006 წლების სს «... ... ...ს» სალაროს გასავლის ორდერებზე დაფიქსირებული არ არის თანხის მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთის მონაცემები და მისივე ხელმოწერა;

შპს «.... ... ...ის» დირექტორ ა. ჯ-ის მიერ გაცემულ ცნობაში დაფიქსირებულია, რომ 2005 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით გ. ჩ-ს სს «... ... ...საგან» ეკუთვნოდა 40220 ლარი, თუმცა ჩანაწერში მითითებული არ არის, თუ რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაასკვნა აუდიტმა;

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, 40220 ლარის გადაცემის თაობაზე სალაროს შემოსავლის ორდერები ან სხვა მტკიცებულებები, გარდა შპს «.... ... ...ის» ცნობისა, არ არსებობს, საჭიროების შემთხვევაში მის მიერ საწარმოსათვის თანხის გადაცემა და ამ თანხის უკან დაბრუნება ხდებოდა ყოველგვარი სალაროს ორდერების გარეშე;

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დგინდებოდა, რომ გ. ჩ-ის მიერ სს «... ... ...სათვის» სესხის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ხდებოდა სესხის გასტუმრებაზე მოთხოვნის წაყენება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ. ჩ-მა ვერ დაადასტურა მოპასუხე სს «... ... ...სათვის» სესხის – 40220 ლარის გადაცემის ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების პირველი ნაწილის მიხედვით, მითითებული გარემოების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. აღნიშნულ ნორმათა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სესხის – 40220 ლარის მიღების ფაქტს მოპასუხე უარყოფს, ხოლო მოსარჩელე (კასატორი) ამ გარემოების დასადასტურებლად უთითებს შპს «.... ... ...ის» 2007 წლის 13 ივნისის ცნობაზე, მოწმეთა ჩვენებებზე და მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სალაროს გასავლის ორდერებზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის ცნობის მიხედვით, 2005 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით გ. ჩ-ს სს «... ... ...დან» ეკუთვნოდა 40220 ლარი (ს.ფ. 26). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხის – 40220 ლარის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან აუდიტის ცნობაში არ არის აღნიშნული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და არც ამ ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტებია მითითებული. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერები ასევე ვერ ჩაითვლება სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებად. მართალია, მოპასუხემ ეს დოკუმენტები დაურთო თავის შესაგებელს სესხის დაბრუნების ფაქტის დასადასტურებლად, მაგრამ შესაგებელშივე განმარტა, რომ სალაროს გასავლის ორდერებით დასტურდებოდა 2005-2006 წლებში საწარმოს მიერ ნასესხები თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი. რაც შეეხება 2004 წელს სესხის მიღების ფაქტს, მოპასუხემ ეს გარემოება უარყო და შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს «.... ... ...ის» ცნობით სადავო გარემოება არ დასტურდებოდა. აღსანიშნავია, რომ სალაროს გასავლის ორდერებში, რომლებიც 2005-2006 წლებშია შედგენილი, არ არის მითითებული, თუ რომელი პერიოდის სესხის გასტუმრებას ეხება იგი. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სალაროს გასავლის ორდერების წარდგენით მოპასუხემ აღიარა მხოლოდ 2005-2006 წლებში სესხის მიღების ფაქტი. რაც შეეხება კასატორის მიერ მოწმეთა ჩვენებებზე მითითებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით (სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მოპასუხისათვის 40220 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

კასატორი მოითხოვს ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი 38800 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისის ბოლომდე სესხის ზეპირი ხელშეკრულებით, გ. ჩ-მა სს «... ... ს» ასესხა 38800 ლარი უპროცენტოდ.

მოსარჩელე მოითხოვს მითითებული ოდენობით სესხის დაბრუნებას.

მოპასუხის შესაგებელი მოთხოვნის ამ ნაწილში ეფუძნება ორ გარემოებას: 1. სს «... ... მა» გ. ჩ-ისგან 2005 წელს ნასესხები თანხა დააბრუნა; 2. სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დადებული იყო ერთი თვის ვადით. შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2005 წლის ივნისიდან, სარჩელი კი შეტანილია 2008 წლის ნოემბერში, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 38-47).

იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სესხი (38800 ლარი) მოსარჩელეს დაუბრუნა, მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა სალაროს გასავლის ორდერები (ს.ფ. 48-55). სააპელაციო სასამართლომ მითითებული დოკუმენტები არ მიიჩნია სესხის დაბრუნების დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან მათზე დაფიქსირებული არ არის თანხის მიმღები პირის, გ. ჩ-ის (კრედიტორი), ხელმოწერა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 430-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კანონმდებელი ვალდებულების (მოვალის მიერ ვალის გადახდა) მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილავს კრედიტორის მიერ შედგენილ დოკუმენტს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები (სალაროს გასავლის ორდერები) შედგენილია არა კრედიტორის, არამედ მოვალის მიერ და, ამასთან, მათზე ხელი კრედიტორს არ მოუწერია. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ნასესხები თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი. ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად მოპასუხე უთითებს ასევე მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ მიიჩნევა სესხის დაბრუნების საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით (სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი).

ზემოთ აღინიშნა, რომ სადავო მოთხოვნის უარსაყოფად მოპასუხე მიუთითებს ასევე სარჩელის ხანდაზმულობაზე. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაიზიარა მოპასუხის მითითებული არგუმენტი და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სესხის ხელშეკრულებები დადებული იყო 1 თვის ვადით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის მხარეებს შორის სწორად განაწილება. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეს სესხი გადასცა უვადოდ (ს.ფ. 5). მოპასუხემ თავის შესაგებელში სესხის მიღების ფაქტი აღიარა, მაგრამ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე იმ საფუძვლით, რომ სესხის ხელშეკრულება დადებული იყო არა უვადოდ, არამედ განსაზღვრული ვადით (ს.ფ. 42, 385).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, შესაგებელში მითითებულ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი შესაგებლის ავტორს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ თავისი შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე დაამყარა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება დაიდო განსაზღვრული ვადით, კერძოდ, ერთ თვემდე ვადით. შესაბამისად, ამ გარემოების დამტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება, რადგან იგი მოპასუხისათვის სასარგებლო შედეგის მომტანია და მოსარჩელის მოთხოვნის საწინააღმდეგოდაა მიმართული. სადავო გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება მხარემ წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის დამტკიცების მიზნით. ასეთია მტკიცებულებათა დასაშვებობის პროცესუალური პრინციპი, მაგრამ ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, თუ სესხის ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით, მაშინ, დავის შემთხვევაში, მისი ნამდვილობა ვერ დადგინდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც.

განსახილველ შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდეს სესხის ხელშეკრულების ვადა, მაშინ, როდესაც თავად სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სადავო არაა.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია გაირკვეს, თუ რა იგულისხმება სესხის ხელშეკრულებაში, რომლის ნამდვილობაც, კანონის თანახმად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადგინდეს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აქ იგულისხმება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები, რამაც სესხის კონკრეტული ხელშეკრულების დადება განაპირობა, ანუ ეს ის პირობებია, რომლებიც ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ და, რომელთა მიხედვითაც მხარეებმა თავიანთი ურთიერთობა უნდა მოაწესრიგონ. სესხის ხელშეკრულების დადებისას მხარეები აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ ხელშეკრულების საგანზე, ვინაიდან იგი წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას და ამ პირობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ასევე სესხის ხელშეკრულების ფორმაზე, მისი მოქმედების ვადაზე, პროცენტზე და ა.შ. (სამოქალაქო კოდექსის 623-626 მუხლები). ყველა ეს პირობა, მხარეთა შეთანხმების არსებობისას, სესხის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად გადაიქცევა და, ცხადია, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება სწორედ ამ პირობების დაცვაზე იქნება დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების ვადა, თუ მხარეები მასზე შეთანხმდენენ, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და სადავოობის შემთხვევაში მისი ნამდვილობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადასტურდეს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, იმ გარემოების დადასტურებას, რომ სესხი ვადიანი იყო, მოპასუხე ცდილობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ვინაიდან სადავო გარემოების დასადასტურებად მოპასუხეს სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება, კერძოდ ის, რომ სესხის ხელშეკრულება ერთი თვის ვადით იყო დადებული. შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მხარეები სესხის დაბრუნების კონკრეტულ ვადაზე არ შეთანხმებულან.

სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია, იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

ამავე კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი კრედიტორმა ან მოვალემ უნდა დააბრუნოს ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს.

მითითებული ნორმა ითვალისწინებს სესხის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ არაა აღნიშნული ან მოთხოვნის მომენტითაა განსაზღვრული. უმეტესად სესხის ხელშეკრულება წყდება კრედიტორის მოთხოვნით. კანონით ხელშეკრულების შეწყვეტის ვადად აღიარებულია სამი თვე. ამგვარად, თუ განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა სურს კრედიტორს, მას შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, მოვალე ვალდებულია მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში დააბრუნოს ვალი.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სესხის დაბრუნების მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა 2008 წლის იანვარში, მაგრამ, ვინაიდან მოპასუხემ სესხი არ დაუბრუნა, სამი თვის გასვლის შემდეგ მან სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში კრედიტორის მიერ დაცულია განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, შესაბამისად, მისი მოთხოვნა მოვალისაგან 38800 ლარის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განსაზღვრა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. აღნიშნულის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც გ. ჩ-ს უარი ეთქვა 38800 ლარის ოდენობით სესხის დაბრუნებაზე და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან მოსამართლეები დ.ჟორჟოლიანი და ს. ჩ-ძე ადრე მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში, ამიტომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ.

ამ ნორმას მხედველობაში აქვს ერთი და იგივე მოსამართლის მონაწილეობა ერთსა და იმავე საქმეზე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში, რაც დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით. მითითებული ნორმის მიხედვით, მოსამართლეს ეკრძალება საქმის განხილვაში მონაწილეობა, თუ იგი ამ საქმის განხილვაში მონაწილეობდა სხვა ინსტანციის და არა იმავე ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, ეს ნორმა არ გამორიცხავს და, მაშასადამე, უშვებს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობას, თუ საქმე ხელახლა განსახილველად დბრუნდა სააპელაციო სასამართლოში საკასაციო სასამართლოს მიერ. ასეთ შემთხვევაში, საქმე შეიძლება განიხილოს იმავე სააპელაციო პალატამ (მოსამართლეთა იგივე შემადგენლობამ), რომლის გადაწყვეტილებაც ამ საქმეზე გაუქმდა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების (დ.ჟორჟოლიანი, ს.ჩხაიძე) მონაწილეობით, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ ამავე საქმის განხილვაში ამავე ინსტანციის სასამართლოში, რაც ზემოაღნიშნული ნორმებით აკრძალული არ არის. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებულ კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 12536.42 ლარი, ხოლო წარმომადგენლის დახმარებისათვის - 4035.66 ლარი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოწინააღმდეგე მხარეს, სს «... ... ს» კასატორ გ. ჩ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის და იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად გაღებული 5963.32 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა სს «... ... ...სათვის» 38800 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გ. ჩ-ს სს «... ... ...ს» სასარგებლოდ დაეკისრა 1552 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სს «... ... ს» გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 38800 ლარის გადახდა;

5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის გადაწვეტლება დარჩეს უცვლელად;

6. სს «... ... ს» კასატორ გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის და იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად გაღებული 5963.32 ლარის გადახდა.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.