Facebook Twitter

¹ას-860-911-11 29 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – მ. სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ო-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ა. ო-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე შპს «ყ. თ-ის” მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ა. ო-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობოთ. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა.

იმავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით კი, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

განსახილველ შემთხვევაში ა. ო-შვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის განჩინება კურიერის მეშვეობით ორჯერ გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ ერთადერთ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. ¹19ა, მე-4 სად. ბ.40). უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტებიდან ირკვევა, რომ კასატორი არ იმყოფებოდა სახლში, რასაც ადასტურებს სასამართლოს კურიერი ზ. მ-შვილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

მოცემულ შემთხვევაში, ა. ო-შვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის უნდა ეცნობებინა საკუთარი ადგილსამყოფელის ცვლილების შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, ხარვეზის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს და ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული 3 _ დღიანი ვადა აითვალოს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე მეორედ ჩაუბარებლობის მომენტიდან, ანუ 2011 წლის 16 ივნისისდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 2011 წლის 20 ივნისს ამოიწურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც ა. ო-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 73-ე, 76-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ო-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.