¹ ბს-1196-1023-კ-04 23 თებერვალი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 15 ოქტომბერს ვ. ბ-ემ, ვ. ა-ემ და ლ. ფ-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ სარჩელი აღძრეს და მოპასუხეებისათვის მათ სასარგებლოდ ზარალის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელეების მითითებით, ვ. ბ-ემ აწ გარდაცვლილი ვ. ს-საგან ანდერძით მიიღო ქონება, მათ შორის, 36268 აშშ დოლარი, რომელიც ვ. ს-ს, როგორც 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირს, ეკუთვნოდა. მეორე მოსარჩელე _ ვ. ა-ე 1991-1992 წლების ცნობილი მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირს წარმოადგენდა, რომელსაც 13 863 აშშ დოლარი ჰქონდა მისაღები. მესამე მოსარჩელეს _ ლ. ფ-ს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეს, გარდაცვლილი ბებიის, ე. ჯ-ის სახელზე რიცხული 3 465 აშშ დოლარი ეკუთვნოდა. მათი ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდა აღებული, რაზეც საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994წ. 4 ოქტომბრის ¹882გ განკარგულება, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულება, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 და 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებები მეტყველებდა. ქ. თბილისში, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის და მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისიის სხდომის 1996წ. 27 თებერვლის, 1996წ. 5 მარტის, 1996წ. 19 მარტის, 1996წ. 26 მარტის, 1996წ. 2 აპრილის, 1996წ. 16 აპრილის სხდომის ოქმები, თბილისის მერიის მიერ შექმნილი კომისიის მიერ დადგენილი დაზარალებული მოქალაქის სრული ზარალის განსაზღვრის აქტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 12 სექტემბრის ¹14.04.901 დადგენილება, რომლითაც, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹180 განკარგულების შესაბამისად, ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი კონტროლის კომისია 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული თბილისელებისაგან და დამტკიცებულ იქნა ამ კომისიის შემადგენლობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 4 თებერვლის ¹03.12.109 დადგენილება, 1997წ. 24 მარტის ¹17 განკარგულება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 10 სექტემბრის ¹17.05.377 დადგენილება, ქ. თბილისის პრემიერის 1999წ. 31 მაისის ¹365 განკარგულება, ქ. თბილისის 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხების გაცემის საკოორდინაციო კომისიის 1998წ. ნოემბრის დასკვნა, ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს 1998წ. 25 ნოემბრის ¹2-19/195 წერილი, ცნობა ზარალის ასანაზღაურებელი ოდენობის შესახებ, ქონებრივი ზარალის კომპენსაციის ამსახველი ცხრილი. ფინანსთა სამინისტროს მიერ ქ. თბილისის 1998-2003 წლების ბიუჯეტებში საბიუჯეტო ანარიცხებიდან 15 და 60%-იანი გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების დადგენით გამონახულ იქნა მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა, მაგრამ “საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ა/რ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ” 2000წ. 19 ივლისის კანონის საფუძველზე ფინანსთა მინისტრისა და ქ. თბილისის მერიას შორის დადებული შეთანხმებით განისაზღვრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებისაგან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივების ამოქმედების შედეგად თბილისის ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლით 10 169400 ლარით დასაფინანსებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელშიც ქ. თბილისის მთავრობამ არ გაითვალისწინა 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების ღონისძიება და დაზარალებულები კვლავ კუთვნილი თანხის ანაზღაურების საშიშროების წინაშე დადგნენ.
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის მიერ შედგენილი ცნობისა და ქ. თბილისის მთავრობის 2001წ. 24 იანვრის ¹01.15.12 დადგენილებით დამტკიცებული დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის კომპენსაციის ამსახველი ცხრილის მიხედვით, მოსარჩელე ვ. ბ-ისათვის, როგორც ვ. ს-ს ანდერძისმიერი მემკვიდრისათვის, ასანაზღაურებელი თანხა _ 36268 აშშ დოლარს, ვ. ა-ისათვის _ 13863 აშშ დოლარს, ხოლო ლ. ფ-სათვის, როგორც ე. ჯ-ის მემკვიდრისათვის _ 3465 აშშ დოლარს შეადგენდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის განჩინებით ლ. ფ-ს სარჩელის გამო ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მიმართ მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ საქმე წარმოებით შეწყდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ისა და ვ. ა-ის სარჩელები დაკმაყოფილდა. ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ ვ. ბ-ის სასარგებლოდ 36 268 აშშ დოლარის, ხოლო ვ. ა-ის სასარგებლოდ 13 863 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ ვ. ბ-ეს ვ. ს-ს ნაცვლად მოთხოვნის უფლება გააჩნდა. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში თანხების ანაზღაურების საკითხის შეტანა და არა ბიუჯეტის კანონში 5 მილიონი ლარის დამტკიცება. საქართველოს ფინანსთა სამინიტრო თანხებს ვერ გასცემდა, რადგან ასეთი რამ ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, სარჩელი ხანდაზმული იყო. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 465-ე მუხლი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ქ. თბილისის მერიამ და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება ფინანსთა სამინისტროს დაეკისრებოდა შემდეგი საფუძვლებით:
საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით, “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” მე-5 პუნქტით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ერთ კვირაში შეემუშავებინა საქართველოს პარლამენტში წარსადგენად წინადადებები 1996წ. განმავლობაში დაზარალებულთათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 5000000 ლარის გამოსაყოფად დაფინანსების დამატებითი წყაროს გამოძებნის თაობაზე, ხოლო საქართველოს 1997წ. ბიუჯეტში შეეტანა დარჩენილი თანხის 1997წ. ბიუჯეტიდან ანაზღაურების საკითხი. ქ. თბილისის მერიას აღნიშნული პროექტით დაევალა მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5000000 ლარის ფარგლებში. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მატერიალური ზიანის ანაზღაურება უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა. გარდა ამისა, არასწორია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებით, რომლითაც ქ. თბილისის ბიუჯეტში მიზნობრივი ფონდი შეიქმნა, ზარალის ანაზღაურება ქ. თბილისის მერიას დაეკისრა, რადგან მას დაზარალებულთათვის აშენებული და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზებიდან შემოსული თანხებით მხოლოდ ნაწილობრივი კომპენსაცია უნდა განეხორციელებინა. ამ ბრძანებულებით კონკრეტულად განისაზღვრა ვალდებულების წყარო, რომელიც ქ. თბილისის მერიამ ფაქტობრივად ამოწურა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 27 ივლისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
საქმეში წარმოდგენილი 1996წ. 10 ოქტომბრის ¹177 ცნობით, რომელიც 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ იყო გაცემული, ვ. ს-ს მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა 1996წ. 1 ოქტომბრისათვის 39 369 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე ცნობის მიხედვით, მეორე გვერდზე დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად, 2000წ. 11 ნოემბრისათვის ვ. ს-ს 36 268 აშშ დოლარი ჰქონდა მისაღები. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 1996წ. 10 ოქტომბრის ¹142 ცნობით, ვ. ა-ის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა 1996წ. 1 ოქტომბრისათვის 15304 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე ცნობის მეორე გვერდზე მითითებული მონაცემების მიხედვით, 2001წ.ათვის ვ. ა-ეს 13 863 აშშ დოლარი ჰქონდა მისაღები. ვ. ს-ს და ვ. ა-ის მიმართ აღნიშნული დავალიანების არსებობა არც ფინანსთა სამინისტროს და არც ქ. თბილისის მერიას სადავოდ არ გაუხდია.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება მოსარჩელეთა სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ქ. თბილისის მერიისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების კანონსაწინააღმდეგობის შესახებ, რადგან “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹180 განკარგულების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹336 დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹197 ბრძანებულების თანახმად, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა, როგორც ქ. თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1999წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების მე-9 პუნქტით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დაევალა წინადადებების შემუშავება-წარდგენა დაზარალებულ მოქალაქეთათვის განადგურებული საოჯახო ქონების შესაძენად საჭირო თანხების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულებით შეიქმნა 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისია. თბილისის მერიას დაეკისრა მშენებლობისათვის 5000000 ლარის გამოყოფა, ტენდერის გამოცხადება და გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი ათვისება. ფინანსთა სამინისტროს დაევალა დამატებითი სახსრების გამოყოფა მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5000000 ლარის ფარგლებში. ფინანსთა სამინისტროს დაევალა წინადადებების შემუშავება დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად არასაბიუჯეტო და საბიუჯეტო სახსრების მობილიზებისა და გამოყოფის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებით ცნობად იქნა მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებები დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით, მათთვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ და პრივატიზებიდან შემოსული თანხები უნდა გადარიცხულიყო დაზარალებულთა მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი. თბილისის პრემიერის 1998წ. 31 დეკემბრის ¹729 განკარგულებით აუქციონის წესით პრივატიზების შემთხვევაში მისაღები კომპენსაციის ანგარიშში დაზარალებულ მოქალაქეებს გადაეცემოდათ არასაცხოვრებელი ფართობები.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სკ-ის 463-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მატერიალურად დაზარალებული მოსახლეობის სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენდნენ. თუმცა, ქ. თბილისის მერიამ დაკისრებული ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, მაგრამ, რამდენადაც სკ-ის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ, ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. ამდენად, სოლიდარული მოვალის, თბილისის მერიის ვალდებულება, ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე ძალაში რჩებოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება, რომ ვ. ბ-ისა და ვ. ა-ის სარჩელები ხანდაზმული იყო, რადგან, იმის მიუხედავად, რომ ზიანი 1991-1992 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად დადგა, სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის, 8000000 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სკ-ის 137-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დინება წყდება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება, რომ ვ. ბ-ეს მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა, რადგან საქმეში წარმოდგენილი ანდერძით, რომელიც 1995წ. 8 მარტს იყო შედგენილი, ვ. ს-ა მთელ ქონებას, სადაც არ უნდა ყოფილიყო და რისგანაც არ უნდა შემდგარიყო, ვ. ბ-ეს უანდერძებდა. საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო ვ. ს-ს გარდაცვალების მოწმობა. სკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავდა მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფინანსთა სამინისტრომ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში თანხების ანაზღაურების საკითხის შეტანა და არა ბიუჯეტის კანონში თანხების დამტკიცება, რაც პარლამენტის კომპეტენციია და ამდენად, ფინანსთა სამინისტრო ვერ გასცემდა თანხებს, ვინაიდან ბიუჯეტის შესახებ კანონით ასეთი რამ გათვალისწინებული არ იყო.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის საკითხზეც და მოსარჩელეების მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნია, ვინაიდან 1997 წლიდან მათ გაშვებული აქვთ ხანდაზმულობის ვადა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რადგან, მართალია, სახელმწიფომ აღიარა ამ მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და მისი ანაზღაურება ივალდებულა, მაგრამ მას არ უღიარებია ამ ზიანის სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მიყენების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 27 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზეც კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 1996წ. 10 ოქტომბრის ¹177 ცნობით, რომელიც 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ იყო გაცემული, ვ. ს-ს მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა 1996წ. 1 ოქტომბრისათვის 39 369 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე ცნობის მიხედვით, მეორე გვერდზე დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად, 2000წ. 11 ნოემბრისათვის ვ. ს-ს 36268 აშშ დოლარი ჰქონდა მისაღები. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის 1996წ. 10 ოქტომბრის ¹142 ცნობით, ვ. ა-ის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებელი თანხა 1996წ. 1 ოქტომბრისათვის 15304 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე ცნობის მეორე გვერდზე მითითებული მონაცემების მიხედვით, 2001წ.ათვის ვ. ა-ეს 13863 აშშ დოლარი ჰქონდა მისაღები. საგულისხმოა, რომ ვ. ს-ს და ვ. ა-ის მიმართ აღნიშნული დავალიანების არსებობა არც ფინანსთა სამინისტროს და არც ქ. თბილისის მერიას სადავოდ არ გაუხდია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია, სადავოდ გახადოს მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა (მით უფრო, რომ არც თბილისის მერიას და არც ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია) და სასამართლო საკასაციო საჩივრების ფარგლებში იმსჯელებს მხოლოდ მოსარჩელეთა სასარგებლოდ აღნიშნული თანხის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ქ. თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების კანონიერების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელეთა სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ქ. თბილისის მერიისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების კანონიერების თაობაზე, რადგან “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹180 განკარგულების, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად მითითებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების: “ქ. თბილისის 1991წ. დეკემბერსა და 1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹197 ბრძანებულების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა, როგორც ქ. თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში – მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, სკ-ის 463-ე მუხლის თანახმად, მართებულად ცნო ქ. თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო სოლიდარულ მოვალეებად – ამასთან, საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ სკ-ის 473-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შემსრულებელ მოვალეს აქვს დანარჩენი მოვალის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება, წილთა თანაბრობის კვალობაზე.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მატერიალურად დაზარალებული მოსახლეობის სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ. თუმცა, ქ. თბილისის მერიამ დაკისრებული ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, მაგრამ რამდენადაც სკ-ის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ, ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ სოლიდარული მოვალის, ქ. თბილისის მერიის ვალდებულება, ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე ძალაში რჩებოდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება, რომ ვ. ბ-ეს მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა, რადგან საქმეში წარმოდგენილი ანდერძით, რომელიც 1995წ. 8 მარტს არის შედგენილი, ვ. ს-ა მთელ ქონებას, სადაც არ უნდა იყოს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს, ვ. ბ-ეს უანდერძებს. საქმეში ასევე წარმოდგენილია ვ. ს-ს გარდაცვალების მოწმობა. სკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან, მართალია, მოსარჩელეს ზიანი 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მიადგა და სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე 2002 წელს აღძრა, მაგრამ, რადგან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის, 8 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ უარყოფს, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სკ-ის (1997წ.) 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და ამიტომ დაზარალებულთა სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 27 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.