ას-861-810-2010 12 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლ. მურუსიძე, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – პ. მ. დე პ. (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი – ი. ყ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დე პ. (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (სარჩელში); შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა (შეგებებულ სარჩელში)
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 23 ივლისს ნ. დე პ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს პ. მ. დე პ.-ს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა.
მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 1 სექტემბერს იგი პ. მ. დე პ.-სთან დაქორწინდა. თანაცხოვრების პერიოდში, 2005 წლის 2 მაისს მათ ქალიშვილი – რ. ნ. დე პ. შეეძინათ. ხასიათთა შეუთავსებლობის გამო, მეუღლეები ხშირად კამათობდნენ, ვერ იღებდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. 2008 წლის 18 დეკემბრის პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებით ნ. დე პ.-სა და რ. დე პ.-ს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ. ერთად ცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, იგი მარტო ზრდიდა ქალიშვილს და მოპასუხისაგან რაიმე დახმარება არ მიუღია. პ. მ. დე პ.-ს ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 11 500 შვეიცარულ ფრანკს და ყოველწლიურ ბონუსს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა:
1. ნ. დე პ.-სა და პ. მ. დე პ.-ს შორის შვეიცარიის კონფედერაცია ვოდის კანტონში 2001 წლის 1 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
2. პ. მ. დე პ.-სათვის ალიმენტის სახით 5 000 შვეიცარული ფრანკის დაკისრება.
3. ბავშვის რ. დე პ.-ს საცხოვრებელ ადგილად დედის ნ. დე პ.-ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
პ. მ. დე პ.-მ შეგებებული სარჩელი აღძრა და შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა მოითხოვა. მისი მტკიცებით, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების მიუხედავად მას არ სურს ურთიერთობის შეწყვეტა შვილთან. მან რამდენჯერმე სცადა შვილთან კონტაქტის აღდგენა, თუმცა მოსარჩელე ხელს უშლდა ბავშვის მონახულებაში. გარდა ამისა, შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ სურს შეუნარჩუნოს თავის შვილს შვეიცარული ფესვები, ასევე მის მშობლებს შეიცარიაში სურთ შვილიშვილთან ურთიერთობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. დე პ.-ს სარჩელი პ. მ. დე პ.-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. დე პ.-ს (ქალიშვილობის გვარი ა-ძე) და პ. მ. დე პ.-ს შორის შვეიცარიის კონფედერაცია ვოდის კანტონში 2001 წლის 1 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; 2005 წლის 2 მაისს დაბადებული რ. დე პ.-ს საცხოვრებელ ადგილად დედის - ნ. დე პ.-ს (ა-ძის) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა; პ. მ. დე პ.-ს დაეკისრა ნ. დე პ.-ს სასარგებლოდ შვილის - 2005 წლის 2 მაისს დაბადებული რომინა ნადია ელენა დე პ.-ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით 3 500 შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტი ლარის გადახდა, 2009 წლის 23 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; პ. მ. დე პ.-ს შეგებებული სარჩელი შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მისი ურთიერთობა შვილთან შემდეგნაირად განისაზღვრა: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა, დედის თანდასწრებით, დღის საათებში, ბავშვის წაყვანის უფლების გარეშე.
სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ნ. დე პ. და რ. დე პ. საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო პ. მ. დე პ. _ შვეიცარიის;
2. 2001 წლის 1 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაცია ვოდის კანტონში განხორციელდა ნ. დე პ.-სა და პ. მ. დე პ.-ს შორის ქორწინების რეგისტრაცია;
3. თანაცხოვრების პერიოდში, 2005 წლის 2 მაისს, მათ ქალიშვილი რ. დე პ. შეეძინათ;
4. პ. მ. დე პ.-ს ყოველთვიური ხელფასი 11 485,65 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს;
5. ნ. დე პ.-ს და პ. მ. დე პ.-ს გააჩნიათ ცალ-ცალკე საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლოს კომპეტენციაა. ამასთან აღნიშნული ნორმა ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას გულისხმობს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც ერთის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორეს მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველთვიურად 3500 შვეიცარული ფრანკი ალიმენტის გონივრული ოდენობა იყო.
რაც შეეხება შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ იგი მიჯაჭვულია დედაზე, უმჯობესია იგი იმყოფებოდის დედის მუდმივი მზრუნველობის ქვეშ. სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა, რომ რ. დე პ. საბავშვო ბაღში დადიოდა და ჩათვალა, რომ მისი მონახუკლება მიზანშეწონილია შაბათ-კვირას, დღის საათებში, დედის თანდასწრებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება პ. მ. დე პ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 2000 შვეიცარულ ფრანკამდე შემცირება და შვილთან ურთიერთობის სხვაგვარი წესის განსაზღვრა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით პ. მ. დე პ.-ს საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით იხელმძღვანელა და პირველი ინსტაციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას სრულად დაეთანხმა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება პ. მ. დე პ.-ს წარმომადგენელმა ი. ყ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორმა თავისი საჩივრის დასასაბუთებლად შემდეგ ფაქტობრივ- სამართლებრივ წანამძღვრებზე მიუთითა:
1. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ პ. მ. დე პ.-ს ხელფასის დიდი ნაწილი სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების დაფარვას ხმარდება, ამასთან, მის ყოფილ მეუღლეს საკმაოდ მაღალი შემოსავალი გააჩნია;
2. 2000 შვეიცარული ფრანკი დაახლოებით 4000 ლარია, რაც სრულიად საკმარისია 4 წლის ბავშვის აღსაზრდელად;
3. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი, მისცა რა პ. მ. დე პ.-ს შვილის მხოლოდ შაბათ-კვირას მონახულების უფლება. კასატორის მითითებით, იმ გარემოების გათვალსიწინებით, რომ ბავშვის მამა საზღვარგარეთ ცხოვრობს, მონახულების ამგვარი გრაფიკი გაუმართლებელია, რადგანაც საქართველოში ჩამოსვლა დამოკიდებულია ხარჯებსა და თვითმფრინავების ფრენის განრიგზე, შესაბამისად, შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, როდის ჩამოვა იგი საქართველოში, ამდენად, სამართლიანი იქნებოდა მას, საქართველოში ჩამოსვლისას, თუნდაც სამუშაო დღეებში, ბავშვის 3-4 დღით თავისთან წაყვანის უფლება მისცემოდა;
4. შვილის მონახულების ამგვარი წესი, უპირველეს ყოვლისა, ბავშვისთვისაა საზიანო, რომელსაც მამასთან ურთიერთობაც ესაჭიროება;
5. სასამართლომ 2010 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით უსაფუძვლოდ უთხრა უარი ნ. დე პ.-ს შემოსავლების ამსახველი მტკიცებულებების გამოთხოვაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით პ. მ. დე პ.-ს წარმომადგენელ ი. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. მ. დე პ.-ს წარმომადგენელ ი. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას პ. მ. დე პ.-ს წარმომადგენელ ი. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1950 ლარის) 70% - 1365 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. მ. დე პ.-ს წარმომადგენელ ი. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. პ. მ. დე პ.-ს დაუბრუნდეს ი. ყ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1950 ლარის) 70% - 1365 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.