ას-862-811-2010 22 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ... ფონდი
წარმომადგენელი _ დ. კ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-ული
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ნასყიდობის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით ... ფონდის სარჩელი ნასყიდობის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა ... ფონდის წარმომადგენელმა დ. კ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივლისს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... ფონდის წარმომადგენელმა დ. კ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 4 ოქტომბერს ... ფონდის თავმჯდომარე ვ. ა-იამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ ფონდის საბანკო ანგარიშს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა საბანკო ანგარიშსწორება, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ (2010 წლის 1 ივლისის შეტყობინება ¹005-3131) ადევს ყადაღა, რის გამოც კასატორი ვერ ახერხებს გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
საკასაციო პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ... ფონდის თავმჯდომარე ვ. ა-იას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით.
2010 წლის 26 ოქტომბერს ... ფონდის თავმჯდომარე ვ. ა-იამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ... ფონდის თავმჯდომარე ვ. ა-იას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
2010 წლის 10 ნოემბერს ... ფონდის თავმჯდომარე ვ. ა-იამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ... ფონდის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაამტკიცოს, რომ მას მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო არა აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულებები კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სს “..... ბანკის” მიერ გაცემული ცნობით შეიძლება დასტურდებოდეს მხოლოდ ის გარემოება, რომ ფონდის ანგარიში დაყადაღებულია მხოლოდ სს “..... ბანკში”, მაგრამ აღნიშნული ცნობით არ შეიძლება დადასტურდეს ... ფონდის სხვა საბანკო ანგარიშები, რომელიც შესაძლოა გააჩნდეს ან სხვა ქონებრივი მდგომარეობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... ფონდის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.