საქმე #330100118002534180
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №30აპ-20 ქ. თბილისი
ა–ი ს., 30აპ-20 17 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ს. ა–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჭ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ს. ა–ის გამართლებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენით ს. ა–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. ა–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 6 ივნისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ა–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ 0,00288 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 26 მაისს გაასაღა ზ. გ–ზე თ–ში, ქ. წ–ის ქუჩა ...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ თ–ში, წ–ის ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
4. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა მსჯავრდებულ ს. ა–ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.
7. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ს. ა–ის ბრალეულობა მისთვის შერაცხულ ქმედებაში.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მოწმეების - ზ. გ–ისა და ზ. ბ–ის ჩვენებები არ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს და აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, საქმეში არსებულ სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არცერთი ზემოაღნიშნული გარემოების არსებობა არ დასტურდება.
9. მოწმე ზ. გ–მ დაადასტურა ს. ა–გან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის ფაქტი და განმარტა, რომ იგი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაიცნო. პოლიციას ნებაყოფლობით მიმართა განცხადებით და მიაწოდა ინფორმაცია ს. ა–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების თაობაზე. თანხმობა განაცხადა სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე, რის შემდეგაც აღჭურვეს სათვალთვალო ვიდეოკამერით და ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადაეცა 350 ლარი. 2018 წლის 26 მაისს დაუკავშირდა ს. ა–ს, რომელსაც უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა სურდა და შეუთანხმდა შეხვედრის ადგილზე (ა–ში, მეტრო „....“ წინ). ბრალდებული შეხვედრაზე შავი ფერის „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომანქანით მივიდა. ავტომანქანაში მძღოლის გვერდით მდებარე სავარძელზე დაჯდა და ს–ს გადასცა 350 ლარი. მან კი თანხის დათვლის შემდეგ გადასცა ფრანგული „სუბოტექსის“ ნახევარი აბი. მათი შეხვედრა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. ავტომანქანაში მათ გარდა სხვა პიროვნება არ იმყოფებოდა. ს. ა–ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ მივიდა პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებიც აკვირდებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების საკონტროლო შესყიდვის პროცესს და გადასცა ბრალდებულისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა, ნარკოტიკული საშუალება კი დაილუქა. ს. ა–თან შეხვედრას იწერდა მაისურზე დამაგრებული ვიდეოკამერით. პოლიციის თანამშრომლები ნარკოტიკების გადაცემის ადგილიდან დაახლოებით 50-60 მეტრში იმყოფებოდნენ. იგი პოლიციის თანამშრომლებს ხედავდა.
10. მოწმე ზ. ბ–მა დაადასტურა საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2018 წლის მაისში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილებაში ზ. გ–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ს. ა–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზ. გ–ე აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით და 2018 წლის მაისში მეტროსადგურ .......... მიმდებარე ტერიტორიაზე ს. ა–სგან განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. ზ. გ–ის მიერ შესყიდულ იქნა მოთეთრო ფერის აბი, რომელიც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. შესყიდული ნარკოტიკული საშუალება დაუყოვნებლივ ამოიღო, დალუქა და შეადგინა შესაბამისი ოქმი. ბრალდებულის დაკავების, პირადი, ავტომანქანისა და ბინის ჩხრეკის თაობაზე მოსამართლის განჩინების მოპოვების შემდეგ 2018 წლის 6 ივნისს შედგა რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი და გავიდნენ ს. ა–ის საცხოვრებელ მისამართზე. ბრალდებულის სახლთან მისვლამდე შეამჩნიეს შავი ფერის „ტოიოტას მარკის“ ავტომანქანა. მიუახლოვდნენ ბრალდებულს, თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს უფლებები და ქ. თ–ში, ქ. წ–ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და გაჩხრიკეს. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. საკონტროლო შესყიდვა მიმდინარეობდა პოლიციის თანამშრომლების უწყვეტი ვიზუალური კონტროლის ქვეშ საკონტროლო შესყიდვამდე, შესყიდვის მიმდინარეობისას და მას შემდეგაც ნარკოტიკული საშუალების ამოღების ჩათვლით. ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და შემდგომში ზ. გ–გან მისი ამოღება განხორციელდა ქ. თ–ში, მეტრო სადგურ „.....“ მიმდებარე ტერიტორიაზე, წ–ს ქუჩის პირდაპირ, დაახლოებით 15-20 მეტრში. საკონტროლო შესყიდვას თვალს ავტომანქანიდან ადევნებდა. ზ. გ–ე ბრალდებულს ჩაუჯდა მანქანაში, საიდანაც რამდენიმე წუთში გადავიდა, მიუახლოვდა მათ და გადასცა ნარკოტიკული საშუალება. სეირან არუშანიანის ავტომანქანაში უცხო პიროვნება არ შეუნიშნავს.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ზ. ბ–მა დაადასტურა, რომ საკონტროლო შესყიდვის პროცესი მიმდინარეობდა ზ. გ–ის ვიზუალური კონტროლის პირობებში. უყურებდა, თუ როგორ ჩაჯდა ზ. გ–ე ბრალდებულის მუქი ფერის ავტომანქანაში, როგორ გადმოვიდაა/მანქანიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და როგორ მიუახლოვდა მას, რის შემდეგაც ამოიღო შეძენილი ნივთიერება. ს. ა–ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ პოლიციის ავტომანქანასთან მიახლოებამდე ზ. გ–ს სხვა პირთან ურთიერთობა არ ჰქონია.
12. საკასაციო სასამართლო მოწმე ზ. გ–ის ჩვენების სანდოობის შეფასებისას მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (საქმე N83აპ-18) და აღნიშნავს, რომ ზ. გ–ის ჩვენება თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. მცირე უზუსტობები, რომელზეც დაცვის მხარე უთითებს (მაგალითად, რა ინტერვალით და რამდენი ხნის განმავლობაში იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას ს. ა–სგან, სულ რამდენჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, კიდევ ვისგან ჰქონდა შეძენილი და რამდენ დღიანი შუალედით მიმართა პოლიციას თანამშრომლობისთვის), არ არის არსებითი ხასიათის, ვინაიდან ზ. გ–ის ჩვენება დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით (ვიდეოაუდიო ჩანაწერი, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა).
13. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასული დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული მოწმეებს არ ახსოვდეთ ცალკეული დეტალები. ამიტომ იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, აღნიშნული a priori არ გულისხმობს, რომ მოწმეები ცრუობენ, თუ მოწმეები საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე დაცვის მხარის პოზიციას მოწმე ზ. გ–ის ჩვენებასთან დაკავშირებით, კერძოდ: დაცვის მხარე უთითებს ვარაუდებზე, რომ მოწმეს შეეძლო ეცრუა, შეცდომაში შეეყვანა პოლიცია და მისი კუთვნილი აბი შეეხვია ე.წ. ფოლგაში, რომელიც შეიძლება ს. ა–მა გადასცა წერილის სახით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მოსაზრება არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ეჭვის გონივრულობაზე. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლიც in dubio pro reo-ს ფარგლებში გულისხმობს მხოლოდ ისეთი გონივრული ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტას, რომლის გაქარწყლება ვერ ხდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დაცვის მხარის მოსაზრების საფუძვლიანობაზე, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას ამ ნაწილში.
15. საქმეში არსებული ფარული ვიდეო-ჩანაწერით უტყუარადაა დადგენილი, რომ კომუნიკაციის მხარეებს წარმოადგენენ სწორედ ზ. გ–ე და ს. ა–ი, ჩანაწერის შინაარსით დგინდება, რაზე საუბრობენ ზ. გ–ე და ს. ა–ი, რის სანაცვლოდ იღებს თანხას ს. ა–ი და რას გადასცემს ზ. გ–ეს. ჩანაწერით დგინდება, რომ ზ. გ–ე აძლევს თანხას ს. ა–ს, ეს უკანასკნელი კი ხსნის ფოლგის ქაღალდს, აჩვენებს და აწვდის ზ. გ–ს. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 24 ივნისის №..... დასკვნის (დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გ. გ–მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას) თანახმად კი, სისხლის სამართლის №....... საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და ექსპერტიზის ხელთ არსებულ, ვიდეოგრამებიდან ამოღებული 15.02.1973 წელს დაბადებული ს. ა–ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება; ხოლო გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. მონტაჟის ნიშნების არ არსებობა ჩანაწერის არც აუდიო და არც ვიდეო ნაწილზე ასევე დასტურდება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 9 ივლისის N... დასკვნით და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „.....“ 2018 წლის 17 ივლისის N.... დასკვნით.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს N..... განჩინების საფუძველზე. სასამართლომ განჩინებით მკაფიოდ განსაზღვრა როგორც ის სუბიექტი, ვისაც დაევალა ამ მოქმედების განხორციელება (სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლები), ასევე მკაფიოდ განისაზღვრა რომელი საუბრების (ზ. გ–ისა და ს. ა–ის) ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა უნდა განხორციელებულიყო, განისაზღვრა იმ სუბიექტთა წრე, ვისაც უნდა გადასცემოდა მოპოვებული მასალა (შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებს).
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების N... შუალედური ოქმითა და ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების 273-ე ოქმით დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო/ვიდეო მასალა ჩაწერილი იყო 1 ცალ „PRINCO”- ფირმის DVD-R-დისკზე, რომელიც იყო დალუქული 1 პაკეტად და ოქმში მითითებულია როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველი და სახე, ასევე აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისას გამოყენებული გადამცემი მოწყობილობა, ჩამწერი მოწყობილობა, დისკის ჩამწერი მოწყობილობა, რაზე იყო ჩაწერილი ინფორმაცია და ჩაწერილი დისკის md5sum პარამეტრი, ხოლო ლუქის მთლიანობა დასტურდება ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმითა (ტ.1 ს.ფ. 109) და ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით (ტ.1.ს.ფ.269-274).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ/ა ექსპერტიზის დასკვნებით (დაცვისა და ბრალდების) უტყუარად დადგინდა, რომ ვიდეო-აუდიო ჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ს. ა–ის იდენტიფიკაცია განხორციელდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და თავად მსჯავრდებულიც არ უარყოფს ვიდეოჩანაწერში მის არსებობას. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, კომუნიკაცია ცალსახად არის ორმხრივი, თანხას ზ. გ–ე იხდის და მას სანაცვლოდ ფოლგის ქაღალდში არსებულ ნივთიერებას გადასცემს ს. ა–ი. მათ საუბარს სხვა მესამე პირი არ ესწრება. ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით ხმის იდენტურობის დაუდგენლობას ჰქონდა ობიექტური მიზეზი (ერთ შემთხვევაში ნიმუში იყო რუსულ ენაზე და შედარება ვერ მოხერხდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ექსპერტი განმარტავს, რომ იყო ხმაური და ჩანაწერი იყო მცირე მოცულობის).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დნმ-ის ამოღება განხორციელდა ნარკოტიკული საშუალების გადაცემიდან 2 წუთში (გადაცემა მოხდა 26.05.2018 14:17:43სთ-დან 14:18:33 სთ-მდე, ხოლო ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს 26.05.2018 14:20სთ-დან 14:35 სთ-მდე).
20. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ აღნიშნულ შეხვედრამდე ს. ა–ი და ზ. გ–ე 1 საათით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს ვალის დაბრუნებაზე და მოცემულ შეხვედრაზე ზ. გ–მ მიიტანა ვალის ნაწილი, ხოლო ს. ა–მა გადასცა შეთანხმებისამებრ ფინანსური ჩანაწერი. საქმის მასალებში არ მოიპოვება აღნიშნულის (მაგალითად, ვალის არსებობის, ვალის მოთხოვნის) დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მსჯავრდებულ ს. ა–ის ჩვენების გარდა.
21. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობის, სარწმუნოობის და რელევანტურობის კუთხით და განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს, მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N 723აპ-19).
22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ „მიუხედავად იმისა, რომ სსსკ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს აკისრებს გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდებულის ბრალეულობის დასაბუთების ვალდებულებას .... ხშირ შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების მხოლოდ კრიტიკული შეფასების გზით (რაც დასტურდება სარჩელში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებითაც) და უკავშირდება დაცვის მხარის მიერ კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ქმნის გონივრულ ეჭვს ბრალდების დასაბუთებულობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N1/1/650,699 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-28, 42). შესაბამისად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაცვის მხარის პრეტენზიის საფუძვლიანობა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს დაცვის მხარის მოთხოვნა.
23. დაცვის მხარე სადავოდ ხდის ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე მსჯავრდებულის გენეტიკური კვალის არსებობას იმ პირობებში, როდესაც იმავე შეფუთვაზე არ დასტურდება ზ. გ–ის კვალის არსებობა, მიუხედავად იმისა რომ ამ უკანასკნელს რამდენიმე წუთის განმავლობაში ობიექტი ეკავა ხელში. სასამართლო ითვალისწინებს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ი. ე–ს განმარტებას, რომ გენეტიკური პროფილის დარჩენა კონკრეტულ ნივთზე დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ხანგრძლივობაზე, ნივთის ზედაპირის სახეობაზე, რის გამოც შესაძლოა, ყოველთვის არ დარჩეს კონკრეტულ ნივთზე გენეტიკური პროფილი. ექსპერტის განმარტებით საკითხი იმის შესახებ თუ რა დრო სჭირდება საგანზე ადამიანის გენეტიკური კვალის დარჩენას, წარმოადგენს თეორიულ საკითხს ბიოლოგიური კვალის წარმოშობის მექანიზმის შესახებ, რაც მისი კვლევის საგანი არ ყოფილა.
24. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი არ წარმოადგენს ს. ა–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს ს. ა–ის ბრალეულობას.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).
26. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
28. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე