Facebook Twitter

ას-866-815-2010 11 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ს-იანი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. უ-ული

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი _ ბეს დაბრუნება, უძრავ ქონებაზე გაწული სარემონტო ხარჯების ანაზღაურება (ძირითად სარჩელში) და მატერიალური ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 8 მაისს თ. უ-ულმა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს. ს-იანის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ბეს ორმაგად დაბრუნება 1000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში მდებარე უძრავ ქონებაზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ანაზღაურება 15432 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის გაზაფხულზე მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო ზეპირი გარიგება 25000 აშშ დოლარად მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში მდებარე ს. ს-იანის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და სახლის ნასყიდობის შესახებ, რის საფუძველზეც მან მოპასუხეს ბეს სახით გადასცა 500 აშშ დოლარი. ს. ს-იანს საბუთები წესრიგში ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მოპასუხის თანხმობით, მოსარჩელე გადავიდა საცხოვრებლად მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში მდებარე შავი კარკასის მდგომარეობაში მყოფ სახლში და სექტემბრის თვიდან დაიწყო სარემონტო სამუშაოები. იმის გამო, რომ ს. ს-იანმა დაარღვია შეთანხმება და საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაციის საბუთები არ წარუდგინა, მოსარჩელემ მოითხოვა მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

მოპასუხე ს. ს-იანმა სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელისათვის მის სასარგებლოდ 4200 ლარის გადახდა მისი უძრავი ქონებით 12 თვის მანძილზე სარგებლობისათვის, ასევე ორი ახალი ინგლისური ნაკეთობის ხის ფანჯრისა და ერთი ხის ფანჯრის ღირებულების _ 450 ლარის, მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში მდებარე უძრავ ქონებაზე ჩატარებული სამუშაოების დემონტაჟისათვის 2000 ლარის, მოსარჩელის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების _ 346 ლარის, ექსპერტიზის ხარჯების -366 ლარისა და შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება მოსარჩელისათვის შემდეგი საფუძვლებით:

ს. ს-იანის განმარტებით, მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში მდებარე მიწის ნაკვეთისა და სახლის ნასყიდობის შესახებ, ხელშეკრულების გაფორმება თ. უ-ულთან შეთანხმებისთანავე ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ მიწა დასარეგისტრირებელი იყო. მოსარჩელეს ბეს სახით მისთვის თანხა არ გადაუხდია, ხოლო, იმის გამო რომ თ. უ-ულს საკუთარი სახლი არ ჰქონდა, მან ნება დართო საცხოვრებლად გადასულიყო მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში მდებარე მის კუთვნილ სახლში, თუმცა სარემონტო სამუშაოების ჩატარების ნებართვა მოსარჩელისათვის არ მიუცია, ვინაიდან აღნიშნულის საჭიროება არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოები უხარისხოა და დემონტაჟს საჭიროებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ს-იანმა მოითხოვა თ. უ-ულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. უ-ულის სარჩელი ბეს დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ს. ს-იანს თ. უ-ულის სასარგებლოდ დაეკისრა 6536.6 ლარის გადახდა უძრავი ქონების სარემონტო ხარჯების ასანაზღაურებლად; ს. ს-იანის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოთხოვნები უძრავი ქონების სარგებლობისათვის თანხის დაკისრების, ხის ფანჯრების ღირებულებისა და შესრულებული სარემონტო სამუშაოების დემონტაჟის ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, თ. უ-ულს ს. ს-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 346 ლარის გადახდა დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად, მასვე დაეკისრა 366 ლარის გადახდა ექსპერტიზის ხარჯების ასანაზღაურებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ს. ს-იანმა თავისი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილებში, რომლებითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ძირითადი სარჩელი და არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი უძრავი ქონების სარგებლობისათვის თანხის დაკისრების, ხის ფანჯრების ღირებულებისა და შესრულებული სარემონტო სამუშაოების დემონტაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

რაც შეეხება თ. უ-ულს, თავისი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილებში, რომლებითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ძირითადი სარჩელი და ასევე შეებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ს-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა თ. უ-ულის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილებში, რომლითაც ს. ს-იანს თ. უ-ულის სასარგებლოდ დაეკისრა 6536.6 ლარის გადახდა უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოების ხარჯების ასანაზღაურებლად და თ. უ-ულს ს. ს-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 366 ლარის გადახდა ექსპერტიზის ხარჯების ასანაზღაურებლად და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. ს-იანს თ. უ-ულის სასარგებლოდ დაეკისრა 15 432 ლარის გადახდა უძრავი ქონების სარემონტო სამუშაოების ხარჯების ასანაზღაურებლად, ს. ს-იანს უარი ეთქვა თ. უ-ულისათვის ექსპერტიზის ხარჯების _ 366 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე; ს. ს-იანს დაეკისრა თ. უ-ულის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 370 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის გაზაფხულზე თ. უ-ულსა და ს. ს-იანს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში მდებარე მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ს. ს-იანი თ. უ-ულისაგან მიიღებდა 25000 აშშ დოლარს და სანაცვლოდ გადასცემდა ქონებას, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის პროცედურას დაასრულებდა;

2008 წლის აპრილიდან 2009 წლის მაისამდე თ. უ-ული, ს. ს-იანის ნებართვით, ცხოვრობდა მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში მდებარე მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.

მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძვლეზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი შეთანხმებისას, ნასყიდობის საგანი ე.წ. “ შავ კარკასულ მდგომარეობაში” იყო. თ. უ-ულმა საცხოვრებელი სახლის სარგებლობისას შეასრულა ის სარემონტო სამუშაოები, რაც მითითებული იყო მისი ინიციატივით ჩატარებულ აუდიტის დასკვნებსა და დანართებში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ “აუდიტორული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოასრჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულება შედგენილი იყო კანონით დადგენილი ფორმის დაუცველად, რის გამოც მასში ასახული ხარჯების ოდენობა ვერ ჩაითვლებოდა დადასტურებულად და, შესაბამისად, აუდიტის დასკვნა არ უნდა გაზიარებულიყო, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან აღნიშნა, რომ სასამართლომ მითითებული სამართლის ნორმა არასწორად განმარტა და, ამასთან, აუდიტორების მიერ ექსპერტიზის ჩატარების რეალობა სადავო არ გამხდარა მოცემული საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე, მით უფრო, რომ, როგორც დადგინდა, აღნიშნული სამუშაოები უშუალოდ ს. ს-იანის თანდასწრებით ჩატარდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უმართებულოდ უარყოფილი აუდიტის დასკვნები უნდა მიღებულიყო და შეფასებულიყო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ს-იანის ინიციატივით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან შედარებით, რომელსაც საქალაქო სასამართლო დაეყრდნო, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა სწორედ ზემოხსენებულ აუდიტის დასკვნებს, ვინაიდან ჩათვალა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ცალმხრივი იყო და სრულად არ ასახავდა იმ სამუშაოთა ჩამონათვალსა და მოცულობას, რაც ჩატარდა თ. უ-ულის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ თვით ს. ს-იანის განმარტების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლი, თ. უ-ულის მიერ რემონტის დაწყებამდე ე.წ. “შავი კარკასის მდგომარეობაში” იმყოფებოდა, ხოლო იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ აუდიტის დასკვნებში მითითებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები თ. უ-ულს არ უწარმოებია, ს. ს-იანმა ვერ წარმოადგინა.

ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ აუდიტის დასკვნის საფუძველზე, დადგენილად უნდა მიჩნეულიყო თ. უ-ულის მიერ ს. ს-იანის სახლზე 15 432 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარების ფაქტი და სწორედ აღნიშნული თანხა უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ თ. უ-ულის მიერ სადავო სარემონტო სამუშაოების ჩატარება აუცილებლობით იყო გამოწვეული საცხოვრებელი სახლით ჩვეულებრივი სარგებლობის მიზნით.

მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ მისთვის უცნობი იყო თ. უ-ულის მხრიდან სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, და ამასთან, ჩატარებული სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა და შესაბამისად, მას ზიანი არ მისდგომია.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 969-ე, 973-ე, 974-ე, 987-ე, 408-ე, 409-ე და 411-ე მუხლები.

ს. ს-იანის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საქმე საპროცესო დარღვევების გარეშე იყო მიღებული.

თბილისის სააპელაციოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-იანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა თუ რომელი მტკიცებულებებით მიიჩნია შესრულებული სამუშაო აუცილებლად და რის საფუძველზე. ამასთან სასამართლოს დასკვნები და განმარტება უსაფუძვლოა, ვინაიდან მის მიერ კანონის განმარტება არ არის დამყარებული დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, სპეციალისტის დასკვნა, რომ თ.უ-ულის მიერ შესრულებულ უხარისხო სამუშაოებს მოჰყვა კასატორის ქონების გაუმჯობესება ან გამდიდრება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებით ვერც იმ გარემოებას ასაბუთებს, რომ შესრულებული სამუშაოები გამოწვეული იყო აუცილებლობით.

კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა “აუდიტორული საქმიანობის შესახებ” კანონი და არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა ექსპერტიზის სახით გაწეულ აუდიტორული მომსახურების შედეგიან გაფორმებულ დასკვნად, ვინაიდან მან წარმოადგინა არა აუდიტის საექსპერტო დასკვნა არამედ აუდიტორული დასკვნა.

კასატორის მოსაზრებით, თუ სააპელაციო სასამართლომ აუდიტის დასკვნა საექსპერტო დასკვნად მიიჩნია, მაშინ საქმეში არსებულა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილი და 162-ე მუხლის პირველი ნაწილი და თავისი ინიციატივით უნდა ჩაეტარებინა განმეორებითი ექსპერტიზა, რაც მას არ გაუკეთებია.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, მაშინ, როდესაც მას მთლიანად დააკისრა 15 432 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, რა ნაწილშიც არ ყოფილა გასაჩივრებული მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მან დაარღვია სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ს-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 772 ლარის 70% - 540.4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ს-იანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ს. ს-იანს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 772 ლარის 70% - 540.4 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.