Facebook Twitter

¹ას-868-918-2011 06 ივნისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: Pპ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ. დ-ია, მ. კ-ია, მზ. კ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების - ნ. დ-იას, მ. კ-იას და მზ. კ-იას მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა დაბა წყნეთში, ... ქ.¹5-15-ში მდებარე ბინა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ნ. დ-იას, მ. კ-იას და მზ. კ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ს-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის, თ. ს-ძის წარმომადგენელი მერაბ გვილავა (ტომი 2, ს.ფ. 58-59). თ. ს-ძის მიერ მერაბ გვილავას სახელზე გაცემული მინდობილობით, რომელიც ძალაშია 2011 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით, ირკვევა, რომ რწმუნებული მარწმუნებელს წარმოადგენს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და იგი უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, შეიტანოს საკასაციო საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 14). ამდენად, თ. ს-ძის წარმომადგენელი მერაბ გვილავა წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირს, რომელიც ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში კანონი ავალდებულებს მხარეს ან მის წარმომადგენელს, გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. განსახილველ შემთხვევაში თეიმურაზ ს-ძეს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართათ არა უგვიანეს 2011 წლის 26 აპრილისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. ს-ძის წარმომადგენელმა მერაბ გვილავამ გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2011 წლის 27 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 73). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 1-თვიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2011 წლის 22 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 23 მაისს, ვინაიდან 22 მაისი იყო კვირა დღე. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2011 წლის 23 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 25 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 77-99).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.