Facebook Twitter

ას-869-818-10 28 ოქტომბერი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ა. ბ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 18 იანვარს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სახელით მ. ც-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ბ. ბ.“ წინააღმდეგ დოკუმენტის ყალბად აღიარებისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2008 წლის 2 დეკემბერს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსათვის უცნობი იყო.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით 2009 წლის 8 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და არსებითად განსახილველად საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამარათლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ინვისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ის წინაპირობები, რაც აუცილებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისაღებად მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო. კერძოდ, მოსარჩელე, რომელმაც ჩაიბარა უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა. მოპასუხემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, დაუსწრებელი გადაწყვეტილები გამოტანის თაობაზე. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს გზავნილით აცნობა შესაგებლის 7-დღიანი ვადისა და ამ მოქმედების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება საპროცესო დოკუმენტი – განჩინება, რომლითაც მოპასუხე სს „ბ. ბ.“სავალდებულო შესასრულებლად დაევალა საპროცესო მოქმედება – შესაგებლის წარმოდგენა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მიცემული დავალების შეუსრულებლობა, შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა.

კასატორის აზრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინების სამოტივაციო ნაწილში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე პრიმა მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას. საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ „ბ. ბანკს” სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმის გამო არ გამოუტანია. სასამართლომ მხარეები მოიწვია პირდაპირ მთავარ სხდომაზე და არც უმსჯელია იმის თაობაზე, თუ რატომ არ წარმოადგინა მოპასუხემ შესაგებელი. თუ სასამართლო თვლიდა, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში უნდა მიეთითებინა აღნიშნული განჩინებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზეა საპროცესო დარღვევა, რომლის არარსებობისას შეიძლებოდა სულ სხვა გადაწყვეტილება დამდგარიყო” კასატორის აზრით, აღნიშნული გარემოებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განჩინებაში არ არის სამართლებრივად დასაბუთებული. ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განჩინებით სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2009 წლის 17 ივნისის განჩინება და ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა იმავე სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.