Facebook Twitter

1196-771(კ-05) 1 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური შრომის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1989 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ საბაჟო სისტემაში. განთავისუფლებამდე ეკავა საბაჟო გამშვები პუნქტ «........ « საინსპექტორო განყოფილების ინსპექტორის თანამდებობა, საიდანაც ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 02.08.04წ. ¹466-კს ბრძანებით განთავისუფლდა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ნ. ხ-ი სამსახურიდან განთავისუფლდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. მოსარჩელის აზრით, ბრძანება უკანონოა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 08.11.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს 22.06.05წ. გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ არსებულ საშტატო ნუსხების შედარების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ რეორგანიზაციის შემდეგ საბაჟო-გამშვებ პუნქტ « ......... « ინსპექტორის 44 საშტატო ერთეული 66-მდე გაიზარდა. აღნიშნული ფაქტის გამო სააპელაციო სასამართლომ შტატების შემცირების შედეგად ნ. ხ-ის სამსახურიდან განთავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს 22.06.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა. კასატორმა აღნიშნა, რომ ნ. ხ-ი დაკავებული თანამდებობიდან კანონის სრული დაცვით განთავისუფლდა. ადმინისტრაციის მიერ დაცული იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა. კასატორმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შტატების რიცხოვნობა შემცირდა, რის გამო ადმინისტრაცია მოკლებული იყო მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომელსაც არ მოჰყოლია რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» მათ შორის საბაჟო-გამშვები პუნქტ « ........ « საშტატო რიცხოვნობის შემცირება. საქმეში დაცული რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» საშტატო ნუსხების შედარებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო-გამშვებ პუნქტ « ....... « საშტატო ერთეული 40-დან 66 ერთეულამდე გაიზარდა, სადაც ინსპექტორის საშტატო ერთეული რეორგანიზაციამდე იყო 28, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ _ 44.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-ი განთავისუფლებამდე მუშაობდა რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო-გამშვებ პუნქტ «..........» საინსპექტორო განყოფილების ინსპექტორად. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 02.08.04წ. ¹466-კს ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა შტატების შემცირება და უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ადგილა. შტატების შემცირების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებული იყო, დაეცვა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რომელიც ითვალისწინებდა მოხელის გათავისუფლების დაუშვებლობას, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენდა არა საგამონაკლისო ნორმას, არამედ რეორეგანიზაციის შედეგად მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო წესს. მიუხედავად ამისა, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ადმინისტრაციას მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით არ გარკვეულა სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ნ. ხ-ი უკანონოდ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 02.08.04წ. ¹466-კსბრძანება ნ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში მართებულად იქნა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.06.05წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.