ას-873-822-10 4 ნოემბერი, 2010 წელი, ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. დ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ... უნივერსიტეტი(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის განჩინება
დავის საგანი – შესარჩევი კონკურსის კომისიის სხდომის ოქმის, აკადემიური საბჭოს დადგენილების, რექტორის ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის გამოცხადება კონკურსში გამარჯვებულად და დანიშვნა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მიზნობრივ თემაზე - ,,ქართული კინოს ენციკლოპედია”
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით გ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით გ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ იქნა ... უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თეატრის, კინოსა და ტრადიციული ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში სამეცნიერო მიზნობრივ თემებზე - “ქართული თეატრის ენციკლოპედია” და “ქართული კინოს ენციკლოპედია” - მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად პრეტენდენტთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი, მხარეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს და სადავოდ არ გაუხდიათ, რომ აღნიშნული წესი დაამტკიცა უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ.
... უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თეატრის, კინოსა და ტრადიციული ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში, სამეცნიერო კვლევების აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეული დროით ყალიბდებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორიენტირებული იყო სამეცნიერო მიზნობრივ თემებზე სამუშაოდ. კვლევებისათვის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდგომ ჯგუფი წყვეტს მუშაობას.
... უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტზე თეატრის, კინოსა და ტრადიციული ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევების აუცილებლობიდან გამომდინარე, მეცნიერ-თანამშრომელთა კონკურსის აუცილებლობას, პერიოდულობასა და პირობებს ადგენს ... უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი – ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით. მეცნიერ-თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ფაკულტეტის დეკანი ამზადებს ბრძანების პროექტს თეატრის, კინოსა და ტრადიციული ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში სამეცნიერო მიზნობრივ თემებზე, - “ქართული თეატრის ენციკლოპედია” და “ქართული კინოს ენციკლოპედია”, - მეცნიერ-თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პერსონალური შემადგენლობის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს.
კონკურსის წესით შერჩეულ მეცნიერ-თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებები ფორმდება ფაკულტეტის დეკანისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებების შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმების საფუძველზე-უნივერსიტეტის რექტორის ერთიანი ადმინისტრაციული აქტით. სასამართლოს მითითებით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ შრომითი ხელშეკრულება არ უნდა გაფორმებულიყო უნივერსიტეტის რექტორის მიერ და მას არ უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება.
,,კონკურსის ჩატარების წესით” განსაზღვრულია პირობები და მოთხოვნები, რომელიც წაეყენება შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს, მათ შორის ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები. კონკურსი გამოცხადდა 5 სექტემბრიდან, დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 25 სექტემბერი, შედეგების გამოცხადების თარიღად განისაზღვრა არა უგვიანეს 28 სექტემბერი, სააპელაციო კომისიის მუშაობის ვადად კი - 30 სექტემბერი.
... უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თეატრის, კინოსა და ტრადიციული ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ მიზნობრივ თემაზე - “ქართული კინოს ენციკლოპედია” მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ერთ სრულ საშტატო ერთეულის ვაკანსიაზე რეკომენდაცია გაეწია ე. ო-ავას.
... უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თეატრის, კინოსა და ტრადიციული ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში სამეცნიერო მიზნობრივ თემაზე - “ქართული კინოს ენციკლოპედია” აკადემიურმა საბჭომ განიხილა და დაამტკიცა ე. ო-ავა მთავარ მეცნიერ-თანამშრომლის ერთ სრულ საშტატო განაკვეთზე.
“... უნივერსიტეტში კონკურსის საფუძველზე მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ” ... უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილია, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებით ისარგებლა უნივერსიტეტის რექტორმა და აღნიშნული ბრძანებით ე. ო-ავა დანიშნულ იქნა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე 2009 წლის 1 ოქტომბრიდან აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით - 1 წლის ვადით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის აკადემიურ თანამდებობად მიჩნევასთან დაკავშირებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა არ წარმოადგენს აკადემიურ თანამდებობას და მასზე ვერ გავრცელდება “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის ის მუხლები, რომლებიც არეგულირებენ აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს, აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების წესს, პირობებს და ა.შ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა მიეკუთვნება დამხმარე თანამდებობას. აღნიშნულის საფუძველია შესაბამისი საშტატო განრიგი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მიღების საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნდა რექტორს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. დ-ძის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
პალატამ მიიჩნია, რომ ... უნივერსიტეტში მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა მიეკუთვნებოდა არა აკადემიურ თანამდებობას, არამედ დამხმარე თანამდებობას. პალატამ მიიჩნია, რომ ეს გარემოება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებაა მოცემულ საქმეში. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებულ უმაღლეს სასწავლებელში მეცნიერ-თანამშრომლის შტატი წარმოადგენდა დამხმარე და არა აკადემიურ თანამდებობას, შესაბამისად, სადავოდ გამხდარი კონკურსიც გამოცხადდა და ჩატარდა დამხმარე და არა აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით, პალატის აზრით, წინამდებარე საქმე მართებულადაა მიჩნეული სამოქალაქო და არა ადმინისტრაციულ დავად, რადგან სადავო სამართალურთიერთობები ატარებდა კერძო, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების ხასიათს და ისინი უნდა დარეგულირებულიყო შრომის კოდექსისა და “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის შესაბამისი ნორმებით.
პალატას მიაჩნია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სასაწავლო პროცესში მონაწილეობა ან და მისი წარმართვა. პალატამ აღნიშნა, რომ აკადემიური თანამდებობის არცერთი დასახელებული ფუნქცია არ ეკისრება მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, რაც დასტურდება ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ... უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თეატრის, კინოსა და ტრადიციული ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში სამეცნიერო მიზნობრივ თემებზე, - “ქართული თეატრის ენციკლოპედია” და “ქართული კინოს ენციკლოპედია” მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად პრეტენდენტთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესით, საიდანაც ირკვევა, რომ კონკურსი გამოცხადდა გარკვეული დროით სამუშაო ჯგუფის შესარჩევად, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა სამუშაოდ სამეცნიერო მიზნობრივ თემაზე _ ,,ქართული კინოს ენციკლოპედია.”
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ საჩივრის მითითებას კონკურსის დარღვევით ჩატარების შესახებ, არ წარმოადგენდა სასამართლო შეფასებისა და მსჯელობის საგანი, იმის გათვალისწინებით, რომ იგი გავლენას ვერ მოახენდა საკითხის გადაწყვეტაზე.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა ყოფილიყო “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის ნორმები, რადგან, სადავოდ გამხდარი კონკურსი ეხებოდა დამხმარე და არა აკადემიურ თანამდებობას. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ურთიერთობებს სწორად შეუფარდა მოქმედი შრომის კოდექსის ნორმები და მათი სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიიღო იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. დ-ძემ, და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება, რომ კონკურსი წესების დარღვევით ჩატარდა და მიიჩნია, რომ გამოცხადებული კონკურსი წარმოადგენდა წინარესახელშეკრულებო ეტაპს და, შესაბამისად, კონკურსის შედეგები გადაწყვეტილების მიღებაზე ვერ იქონიებდა ზეგავლენას. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, რომ კონკურსის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. გადაწყვეტილებაში ძირითადად არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, მიეკუთვნებოდა თუ არა მეცნიერ-ანამშრომლის თანამდებობა დამხმარე პერსონალს.
კასატორის აზრით, ამ საკითხს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან თანამდებობა უნდა დაეკავებინა კონკურსის შედეგების საფუძველზე, ხოლო კონკურსის პირობები გამოცხადებული იყო მოპასუხის მიერ და კასატორის სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი არ აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს და პირიქით, მოსარჩელეს გააჩნდა ყველა საფუძველი იმისა, რომ გამოცხადებულიყო კონკურსში გამარჯვებულად. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა შრომის კანონთა კოდექსი, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ კონკურსის ჩატარების წესს, რომლის მიხედვით, თუ კადრების შერჩევა ხდება კონკურსის წესით, კონკურსის შედეგებს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა და დამსაქმებლის ნება შეზღუდულია, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, თანამშრომელი შეარჩიოს კონკურსის შედეგების მიხედვით.
კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოების მიერ საქმე არ იქნა განხილული სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, თუკი სასამართლომ ჩათვალა, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა აპელაციას და სასამართლოს არ გააჩნდა კომპეტენცია განეხილა, რამდენად კანონიერი იყო ........... უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, სარჩელი თავიდანვე არ უნდა მიეღოთ წარმოებაში და სასამართლოსაც ამ მოტივით უნდა ეთქვა უარი სარჩელზე.
კასატორის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა ეხება კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნდა უკეთესი პირობები, ვიდრე იმ პირს, რომელიც ჩაითვალა კონკურსში გამარჯვებულად. ამიტომ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა კონკურსში გამარჯვებული პირი ნამდვილად ფლობდა თუ არა უპირატესობას მოსარჩელესთან მიმართებაში.
სარჩელი ითხოვდა ორი მთავარი საკითხის გარკვევას: 1. კონკურენტ, ე.ო-ავას საერთოდ არ წარმოუდგენია რაიმე, თუნდაც ერთი ნაშრომი ამ მიზნობრივ კონკურსში (თემა იყო ქართული ენციკლოპედია) და ამდენად, მისი განაცხადი საერთოდ არ უნდა მიეღო საკონკურსო კომისიას. თავად მოსარჩელემ კი ყველაფერი წარადგინა, რაც წლიური გეგმით იყო გათვალისწინებული. კასატორის აზრით, ეს არის მთავარი საკითხი, რასაც სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს – გ. დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი, თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.