Facebook Twitter

ას-87-77-2011 31 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ.როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – პ. ს-ანი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჩ-ანი

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. ს-ანმა, ს. კ-ვამ და რ. პ-ანმა 2008 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრეს მ. ჩ-ანის მიმართ და მოითხოვეს 1999 წლის 5 ივლისს პ. ს-ანს, რ. პ-ანს, ს. კ-ვასა და მ. ჩ-ანს შორის წილების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, წილების უკან დაბრუნება, ასევე მოსარჩელეებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის, კერძოდ, პ. ს-ანის სასარგებლოდ 55 000 ლარისა და მორალური ზიანის - 5000 ლარის, რ. პ-ანისათვის 55 000 ლარისა და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 5 000 ლარის, ხოლო ს. კ-ვასათვის 5000 ლარისა და მორალური ზიანის - 5000 ლარის დაკისრება.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ყოფილი ტანსაცმლის ინდკერვის ¹...ატელიეს, შემდგომში შპს ფირმა „...“ შრომითი კოლექტივის წევრებს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 6 თებერვალს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹... მოწმობის თანახმად, საკუთრებაში გადაეცათ თბილისში, .... გამზირ ¹2-ში მდებარე 297,0 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. მათ განესაზღვრათ წილები: პ.ს-ანს - 2,6%, რ. პ-ანს - 1,3, ს. ბერგულკოს კი - 1,3%.

1999 წლის ივლისში ატელიეს გამგის - ი. კკ-ანის დავალებით მოპასუხე მ.ჩ-ანს გაჰყვნენ ნოტარიუს ნ.მალაშხიას სანოტარო ბიუროში, სადაც, მოპასუხის განმარტებით, ხელი უნდა მოეწერათ ¹... ატელიედან მათი წილის გამოყოფაზე.

ნოტარიუსთან დაახვედრეს წინასწარ გამზადებული ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტები, რომლებზეც მოპასუხემ ისე მოაწერინა ხელი, რომ არ გააცნო მათი შინაარსი, ხოლო ნოტარიუსს თარჯიმანი არ მოუწვევია. აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის ხელშეკრულების ასლები არ გადმოუციათ.

2007 წლის აპრილში თავად მოპასუხე ჩ-ანმა მოისურვა ატელიეს ტექნიკურად გაყოფა. მან პ. ს-ანის შვილს სახლში მიუტანა დოკუმენტები, საიდანაც შეიტყვეს, რომ თურმე ხელი მოწერილი ჰქონდა არა ატელიედან ცალკე გამოყოფაზე, არამედ წილების გასხვისების თანდართულ ხელშეკრულებებზე.

მოსარჩელეებმა არაერთხელ მოითხოვეს, მოპასუხეს გადმოეცა კუთვნილი ფართობი, რაზეც მან უარი თქვა და არც რაიმე საკომპენსაციო თანხა გადაუხდია. ამ გზით მოპასუხე ჩ-ანმა ხელში ჩაიგდო მათი წილი საკუთრება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2008 წლის 20 მარტის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე ¹... გაეგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოს პროკურორს წინასწარი გამოძიების განახლების მიზნით.

მათ სადავო ხელშეკრულებებზე ხელი მოაწერეს მოპასუხე ჩ-ანის უშუალო ზემოქმედებით. მან დაარწმუნა იმაში, რომ ხელს აწერდნენ მათი წილების გამოყოფის ხელშეკრულებაზე. მან იცოდა, რომ ქართული წერა-კითხვა არ იცოდნენ, გამოიყენა მათი ნდობა და, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა წილებს, მან თავის სასარგებლოდ ხელი მოაწერინა ისეთ დოკუმენტზეც, რაც უსპობდა შემოსავლის ერთადერთ წყაროს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით პ. ს-ანის, რ. პ-ანისა და ს. კ-ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 5 ივლისს პ. ს-ანსა და მ. ჩ-ანს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა შპს-ში წილის გასხვისების ხელშეკრულებას.

მოსარჩელეთა განმარტება მასზე, რომ მ. ჩ-ანმა მათი ნდობის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით გააფორმებინა წილის ნასყიდობის ხელშეკრულბები (ნოტარიუსთან დაახვედრეს წინასწარ გამზადებული ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტები, რომლებზეც მოპასუხემ ისე მოაწერინა ხელი, რომ არ გააცნო მათი შინაარსი, ხოლო ნოტარიუსს თარჯიმანი არ მოუწვევია), სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე (ტ.I, ს.ფ. 23, ტ.I, ს.ფ.38, ტ.I, ს.ფ. 70-71, ტ.I, ს.ფ. 118, ტ.I ს.ფ. 135, ტ.I ს.ფ. 95), რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები ფლობდნენ ქართულ ენას და მათთვის ცნობილი იყო წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა მ. ჩ-ანის მხრიდან მოსარჩელეების მოტყუებისა და ნდობის ბოროტად გამოყენების ფაქტს, რაც ცხადყოფდა, რომ მათი მოთხოვნა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და წილების მიკუთვნების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სასამართლოს ბათილად რომც ეცნო წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები, მოსარჩელეთა მოთხოვნები მატერიალური ზიანის სახით _ პ. ს-ანის სასარგებლოდ 55 000 ლარის, რ. პ-ანისათვის - 55 000 ლარის, ხოლო ს. კ-ვასათვის - 5000 ლარის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მოსარჩელეებმა, სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ წარუდგინეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხემ მათ აღნიშნული ოდენობით მატრიალური ზიანი მიაყენა.

სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე მითითებით, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩლეებისათვის ცნობილი იყო წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი 1999 წლის 5 ივლისს, როდესაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ აღნიშნული ხელშეკრულება სადავოდ გაეხადათ ხელმოწერიდან მოტყუების საფუძვლით ერთი წლის განმავლობაში, მათ კი ხელშეკრულებები სადავოდ გახადეს მხოლოდ 9 წლის შემდეგ, რაც მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპლაციო წესით გაასაჩივრა პ. ს-ანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღებით სარჩლის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით პ. ს-ანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პ. ს-ანის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ს-ანმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლო და უკანონოა, რადგან ნოტარიუს მალაშხიას სანოტარო ბიუროში მისვლის დროს მათ დაახვედრეს ქართულ ენეზე შედგენილი ხელშეკრულება, არ მოიწვიეს თარჯიმანი და ნოტარიუსმა არ გააცნო მათ დოკუმენტების შინაარსი, ასევე ნოტარიუსმა არ გაიზიარა პ. ს-ანის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს ხელშეკრულება (1999 წლის 5 ივლისის ხელშეკრულება) დავის საგანს წარმოდგენდა, რადგან მისი ნება არ არის გამოხატული და მოტყუებით დადებულ გარიგებას წარმოადგენს, რომლის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს აგრეთვე 1996 წლის 5 აპრილის განცხადება, რომელიც საქმეში არსებობს, რომ პ. ს-ანი თითქოს თანახმაა, რომ მისი წილი ფართი გადავიდეს მ. ჩ-ანის სახელზე. ამ უკანასკნელის სახელზე კი, აღძრულია სისხლის სამართლოს საქმე, რომელზედაც დღემდე მიმდინარეობს გამოძიება. კასატორის განმარტებით, იგი არ ფლობს ქართულ ენას და მას არანაირი წილი არ გაუსხვისებია, შესაბამისად, გადაწყვტილების მიღებისას სასამართლომ არასწორად გააანალიზა საქმეში არსებული ორი ურთუერთგამომრიცხავი დოკუმენტი _ 1996 წლის 5 აპრილის განცხადება და 1999 წლის 5 ივლისის ხელშეკრულება, რითაც დასტურდება პ. ს-ანის მიმართ მოტყუებით დადებული გარიგება. ამასთან, კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით პ. ს-ანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ს-ანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას პ. ს-ანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი პ. ს-ანი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ს-ანის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.