ას-87-82-2010 8 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ 1. შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენი” (მოსარჩელე);
2. შპს “საქართველოს რკინიგზა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენმა” მოპასუხე შპს “საქართველოს რკინიგზის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. მოპასუხისათვის 12 294.86 ლარის დაკისრება, რომელშიც შედიოდა: ზიანის თანხა მიუღებელი შემოსავლის სახით 7 514.62 ლარი; გადაუხდელი დღგ-ს თანხა 4 780.24 ლარი; 2. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო 12 294.86 ლარზე შპს “საქართველოს რკინიგზისათვის” ყოველთვიურად 2.5%-ის დაკისრება 2008 წლის 1 ნოემბრიდან.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წელს გაიმარჯვა შპს “საქართველოს რკინიგზის” მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. აღნიშნულის შედეგად მასა და შპს “საქართველოს რკინიგზას” შორის დაიდო ¹შს/07-287 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს ერთი წლის განმავლობაში უნდა ჩაეტარებინა 693707კვ.მ ფართობის დეზინფექცია. წლის განმავლობაში მოსარჩელე სრულად ამუშავებდა რკინიგზის მიერ მიწოდებულ ფართობებს, რკინიგზა კი ყოველთვიურად აკლებდა დასამუშავებლად მისაწოდებელ ფართს. რკინიგზამ მოსარჩელეს სულ დასამუშავებლად მიაწოდა 605946კვ.მ, მიუწოდებელი დარჩა 87761კვ.მ, რომლის დამუშავების ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 7898,49 ლარს, ხოლო დღგ-ის ჩათვლით _ 9320,22 ლარს. აღნიშნული ფართის დამუშავების ხარჯი შეადგენს 88 ლიტრი პრეპარატ სოკრენას ღირებულებას _ 1689,6 ლარს და წყლის ღირებულებას 116 ლარის ოდენობით, ანუ რკინიგზის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსარჩელემ ვერ მიიღო მოგება 7514,62 ლარის ოდენობით (9320,22-116-1689,6=7514,62). ხელშეკრულების პირობებთან შედარებით ნაკლები ფართის მოსარჩელის მიერ დაუმუშავებლობა გამოწვეულია მხოლოდ რკინიგზის მიერ ფართის მიუწოდებლობით.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მან საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ბიუჯეტში გადაიხადა დღგ 4780,24 ლარის ოდენობით, რომელიც, თავის მხრივ, ჩაითვალა რკინიგზამ. დღგ-ის აღნიშნული თანხა რკინიგზას მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე, 403-ე მუხლებზე, საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლზე (ტომი I, ს.ფ. 1-11).
მოპასუხე შპს “საქართველოს რკინიგზამ” სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად რკინიგზის ერთადერთ მოვალეობას წარმოადგენდა გაწეული მომსახურების ღირებულების სრული და დროული ანაზღაურება, ანუ მოსარჩელესთან დროული ანგარიშსწორება. სხვა რაიმე ვალდებულება, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რკინიგზას არ ეკისრებოდა. რკინიგზა ანგარიშსწორებას ახორციელებდა დათქმულ ვადაში, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად. რაც შეეხებოდა ხელშეკრულებაში მითითებული დასასუფთავებელი ფართის ოდენობას, აღნიშნული წარმოადგენდა დაუზუსტებელ ფართს. რკინიგზამ მოსარჩელეს დასასუფთავებლად გამოუყო ის ფართი, რაც რეალურად საჭიროებდა დასუფთავებას. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.3 პუნქტიც სწორედ ამიტომ ითვალისწინებდა მოსარჩელესთან ანგარიშსწორებას შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, ხოლო შესრულებული სამუშაო რკინიგზამ დროულად და კეთილსინდისიერად აანაზღაურა.
რაც შეეხებოდა დღგ-ის სადავო თანხას, შპს “საქართველოს რკინიგზამ” მოსაჩელის მიერ მითითებული ანგარიშ-ფაქტურებით ვერ მოახერხა დღგ-ის ჩათვლა, რადგან საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენის” მიერ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები წარდგენილი იყო დაგვიანებით (ტ.1, ს.ფ. 103-111)
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “საქართველოს რკინიგზას” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 780.24 ლარის გადახდა, შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენის” მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 7 514.60 ლარისა და კანონისმიერი პროცენტის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
2007 წლის 15 ივნისს შპს “საქართველოს რკინიგზასა” და შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენს” შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹შს/07-287, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, შპს “საქართველოს რკინიგზის” სასარგებლოდ განეხორციელებინა სამგზავრო ვაგზლების, სადგურების, სამგზავრო ვაგონების, ელექტრომატარებლების და მათი ტუალეტების დეზინფექცია;
ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 97 433.63 ლარს;
დღგ-ის თანხა _ 4780,24 ლარი შედიოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ მომსახურების ფასში;
შპს “საქართველოს რკინიგზამ” ზემოანიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენს” დასასუფთავებლად სულ მიაწოდა 605 946 მ2 ფართი, ნაცვლად სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული 693 707 მ2 ფართისა, ანუ არ იქნა მიწოდებული 87 761 მ2 ფართი;
შპს “საქართველოს რკინიგზამ” დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენს” აუნაზღაურა ფაქტობრივად მიწოდებული ფართის დასუფთავების საფასური დამატებითი ღირებულების გადასახადის _ 4 780.24 ლარის გამოკლებით _ 54 535.14 ლარი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა: სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-14 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დღგ არის გადასახადი, რომელიც დგინდება მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას. კანონის აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “საქართველოს რკინიგზა” ვალდებული იყო, სრულად აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების ღირებულება, რამდენადაც დღგ-ს თანხა შედიოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ მომსახურების ფასში.
რაც შეეხებოდა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნას, საქალაქო სასამართლომ ამ ნაწილში სარჩელის დაუკმაყოფილებლობა შემდეგნაირად დაასაბუთა:
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს, სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის საფუძველზე შპს “საქართველოს რკინიგზას” უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა შეთანხმებული მოცულობის სამუშაოს შესრულებაზე და აენაზღაურებინა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან 394-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეს ხელშეკრულების მოშლით არ განუცდია რაიმე ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შინაარსი გულისხმობს მენარდისათვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული რეალური ზიანის _ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის და არა იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რასაც მენარდე შემკვეთის სრული მოცულობის შესრულების მიღების შედეგად ვარაუდობდა.
პროცენტის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაუკმაყოფილებლობის სამართლებრივ საფუძვლად საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი. იმის გამო, რომ მხარეები 2007 წლის 15 ივნისის ¹შ/07-287 ხელშეკრულებით ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში პროცენტზე არ შეთანხმებულან, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს არ წარმოშობია უფლება, გაწეული მომსახურების (დღგ-ს) თანხაზე მოეთხოვა პროცენტი (ტომი I, ს.ფ. 139-143).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 1-11).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “საქართველოს რკინიგზამაც”, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 158-168).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს “ნიუ ტექნოლოჯი ენდ კომუნიკეიშენისა” და შპს “საქართველოს რკინიგზის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს “ნიუ ტექნოლოჯი ენდ კომუნიკეიშენის” სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მას უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლისა და პროცენტის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენი” მიიჩნევდა, რომ შპს “საქართველოს რკინიგზამ” დაარღვია ხელშეკრულების პირობები და აღძრული სარჩელით მოითხოვდა შპს “საქართველოს რკინიგზისათვის” იმ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას, რომელსაც იგი მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუკი სრული მოცულობით შეასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შინაარსი და სწორად მიიჩნია, რომ იგი შეეხებოდა მენარდისათვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული რეალური ზიანის _ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის (სამუშაოს შესასრულებლად, ან მოსამზადებლად უკვე გაწეული ხარჯები და სხვა) და არა იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რომლის მიღებასაც მენარდე შემკვეთის სრული მოცულობით შესრულების შედეგად ვარაუდობდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად არ დააკმაყოფილა შპს “ნიუ ტექნოლოჯი ენდ კომუნიკეიშენის” სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის დაკისრების ნაწილში. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმების არსებობისას. იმის გამო, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2007 წლის 15 ივნისის ¹შს/07-287 ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის შპს “საქართველოს რკინიგზის” ვალდებულება თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში პროცენტის ანაზღაურებაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოეშობოდა პროცენტის მოთხოვნის უფლება გაწეული მომსახურების იმ თანხაზე, რაც შპს “საქართველოს რკინიგზამ” გამოაკლო დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით.
სააპელაციო სასამართლომ შპს “საქართველოს რკინიგზის” საპელაციო საჩივრის უსაფუძვლობის დასასაბუთებლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლსა და საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-14 ნაწილზე, რომელთა თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; დღგ არის გადასახადი, რომელიც დგინდება მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას. რამდენადაც დღგ-ს თანხა (4 780.24 ლარი) შედიოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ მომსახურების ფასში, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, რომ ზემოთ დასახელებული ნორმის თანახმად მოპასუხე ვალდებული იყო, სრულად აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების ღირებულება (ტომი II, ს.ფ. 64-75).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შპს “საქართველოს რკინიგზისათვის” მის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 7 514.62 ლარის დაკისრების შესახებ.
შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენი” საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზის” მიერ მის მიმართ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის მიუწოდებლობაში, რის შედეგადაც კასატორმა ვერ მიიღო მოგება 7514,60 ლარის ოდენობით. საქმეში არსებული მასალები უტყუარად ადასტურებს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზას” უარი არ უთქვამს ხელშეკრულებაზე, არ შეუწყვეტია ვადაზე ადრე და არ მოუშლია იგი სამოქალაქო კოდექსის 363-ე მუხლის შესაბამისად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, არამედ დამთავრდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. აღნიშნულზე მიუთითებს შედარების აქტი (ტ.1, ს.ფ.42), 2007 წლის ¹შს/07-287 ცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შესახებ (ტ.1, ს.ფ.90), კასატორის წერილების რკინიგზის ხელმძღვანელობის სახელზე, საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტები, დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რკინიგზის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ფაქტს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. სადავო შემთხვევაში ეს არის ხელშეკრულება ¹287, რომლითაც მხარეებმა იკისრეს ვალდებულება 693707 კვ.მ ფართის მიწოდებასა და დამუშავებაზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 629-ე და 636-ე მუხლები და ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების მოშლას, არ უმსჯელია 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე მუხლების გამოყენებაზე, რომლებიც ადასტურებს კასატორის უფლებას ზიანის ანაზღაურებაზე რკინიგზის მიმართ, მის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო (ტომი II, ს.ფ. 82-91).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით აგრეთვე გაასაჩივრა შპს “საქართველოს რკინიგზამ” სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორი შპს “საქართველოს რკინიგზა” აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დღგ-ის თანხის _ 4780,24 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენის” მხრიდან ადგილი აქვს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას. საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიღების მოთხოვნისას, გარდა ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული მიწოდებისა, მოთხოვნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 15 ივნისის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაწეული მომსახურების ანგარიშსწორებსათვის მიმწოდებელი ვალდებული იყო, რკინიგზისათვის წარედგინა ანგარიშ-ფაქტურა. განსახილველ შემთხვევაში მხარემ დაარღვია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის რკინიგზისათვის დროულად წარდგენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. მხარეების მიერ შეთანხმებულ სახელშეკრულებო ფასში, საგადასახადო კოდექსის 12-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, გათვალისწინებული იყო დღგ-ის სადავო თანხაც _ 4780,24 ლარი.
კასატორი მიუთითებს, რომ მომსახურების ღირებულებაში გადახდილი დღგ-ის თანხა მომსახურების მყიდველს შეუძლია, ჩაითვალოს მომავალ გადასახადებში. სადავო შემთხვევაში რკინიგზას რომ აენაზღაურებინა მხარისათვის დღგ-ის თანხა, რკინიგზა 248-ე მუხლის უხეში დარღვევით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაზე ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას, რაც სამართლებრივად არის შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენის” მიზეზით გამოწვეული ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ისე _ მიუღებელი შემოსავალი, ხოლო 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
კასატორი აღნიშნავს, რომ დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის 148-ე მუხლის დარღვევით გამოწერის შემთხვევაში რკინიგზა ვერ მიიღებდა დღგ-ის თანხის ჩათვლას, რაც შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენისათვის”, როგორც გადასახადის გადამხდელისათვის, წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი. ამდენად, რკინიგზა სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლების საფუძველზე უფლებამოსილი იყო, შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენისათვის” გამოექვითა მისი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით _ ანგარიშ-ფაქტურის დაგვიანებით გამოწერა-წარდგენით რკინიგზისათვის მიყენებული ზიანი _ დღგ-ის ჩაუთვლელი თანხა. აღნიშნული სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და რკინიგზას უკანონოდ დაარიცხა დღგ-ის თანხის ანაზღაურება (ტომი II, ს.ფ. 101-110).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია:
2007 წლის 15 ივნისს შპს “საქართველოს რკინიგზასა” და შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენს” შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹შს/07-287 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ ვალდებულება იკისრა, შპს “საქართველოს რკინიგზის” სასარგებლოდ განეხორციელებინა სამგზავრო ვაგზლების, სადგურების, სამგზავრო ვაგონების, ელექტრომატარებლების და მათი ტუალეტების დეზინფექცია;
ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 97 433.63 ლარს;
დღგ-ის თანხა _ 4780,24 ლარი შედიოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ მომსახურების ფასში;
შპს “საქართველოს რკინიგზამ” ზემოანიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენს” დასასუფთავებლად სულ მიაწოდა 605 946 მ2 ფართი, ნაცვლად სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული 693 707 მ2 ფართისა, ანუ არ იქნა მიწოდებული 87 761 მ2 ფართი;
შპს “საქართველოს რკინიგზამ” დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენს” აუნაზღაურა ფაქტობრივად მიწოდებული ფართის დასუფთავების საფასური დამატებითი ღირებულების გადასახადის _ 4 780.24 ლარის გამოკლებით _ 54 535.14 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში კასატორ შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენს” სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებული აქვს მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის _ 7514,62 ლარის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა შეეხება ნარდობის ხელშეკრულების მოშლის საკითხს და ადგენს, რომ შემკვეთს უფლება აქვს, სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ ნორმაში მითითებულ “ზიანში” იგულისხმება მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და არა მიუღებელი შემოსავალი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნორმის ამგვარად განმარტების საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ _ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. 636-ე მუხლიდან არ გამომდინარეობს, რომ იგი ნარდობის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საკითხს სხვაგვარად არეგულირებს და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას მხარეს არ ანიჭებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია იმ თვალსაზრისითაც, საერთოდ უნდა შეეფარდოს თუ არა სადავო სამართლებრივ ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი ნარდობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი საქმეზე დგინდებამხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივი გარემოება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლო არ უთითებს, თუ საქმეში არსებული რომელი მტკიცებულების საფუძველზე გამომდინარეობს დასკვნა მხარეთა შორის ხელშეკრულების მოშლის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შესახებ. მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს “საქართველოს რკინიგზამ” მოსარჩელეს დასასუფთავებლად მიაწოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულზე ნაკლები ფართი, არ ნიშნავს შპს “საქართველოს რკინიგზის” მიერ ხელშეკრულების მოშლას, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ არ არის დაცული სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების ვალდებულება. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის შპს “საქართველოს რკინიგზის” მიერ სწორედ ხელშეკრულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურებას და არა ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში ხელშეკრულება არ მოშლილა, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შედეგად.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა ვადით დაიდო მხარეთა შორის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულება მოიშალა ვადამდე თუ შეწყდა ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, შპს “საქართველოს რკინიგზის” მიერ ჰქონდა თუ არა ადგილი ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებას და არსებობს თუ არა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი.
ამდენად, შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენისათვის” მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
რაც შეეხება შპს “საქართველოს რკინიგზის” საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. შპს “საქართველოს რკინიგზა” სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს დღგ-ის თანხის დაკისრების ნაწილში. საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი გადასახადი (დღგ, აქციზი და სხვა) _ ესაა გადასახადი, რომელიც რომელიც დგინდება მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას, არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს ან/და მომსახურების გამწევს. იმ გარემოებას, რომ დღგ-ის სადავო თანხა შედიოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ მომსახურების ფასში, შპს “საქართველოს რკინიგზა” სადავოდ არ ხდის. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად კი იგი ვალდებული იყო, სრულად აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების ღირებულება, ხოლო ის გარემოება, მიიღო თუ არა მან ჩათვლა, არ წარმოადგენს მოცემული დავის საგანს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “საქართველოს რკინიგზის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება შპს “ნიუ ტექნოლოჯის ენდ კომუნიკეიშენისათვის” მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.