ას-880-828-2010 11 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. მ-ოვა
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. მ-ოვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ოვას სარჩელი ლ. მ-ოვის მიმართ მამის დანაშთი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა მოეხსნა ლ. მ-ოვის სახელზე რეგისტრირებულ ბინას მდებარე - ქ. თბილისში, ... პირველი ჩიხი, სახლი ¹13. სარეგისტრაციო ზონა _ თბილისი 01, სექტორი _ 19, კვარტალი _ 23, ნაკვეთი _ 021/009, დაზუსტებული ფართობი _ 3100.00 კვ.მ მესაკუთრე _ ლ. მ-ოვი, პირადი ნომერი: ........
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ოვამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2010 წლის 8 თებერვალს მ. მ-ოვას წარმომადგენელმა გ. ნ-შვილმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქუჩის I ჩიხის ¹13-ში განთავსებული სახლთმფლობელობის ¹9 შენობაში განთავსებული მოძრავი ნივთების დაყადაღება იმ საფუძვლით, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას მის მფლობელობაში არსებული ნივთებით ისარგებლოს და, ამასთან არსებობს საფრთხე მათი შესაძლო განადგურების გამო, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ. მ-ოვას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2010 წლის 18 თებერვალს მ. მ-ოვას წარმომადგენელმა გ. ნ-შვილმა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით მ. მ-ოვას წარმომადგენლის გ. ნ-შვილის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საჩივრის ავტორის მოსაზრება მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში განცხადება წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფას, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მიიჩნია, რომ განცხადება წარმოადგენდა არა სარჩელის, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის დანაწესით. ამდენად, დავის საგნის არსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი რომც დაკმაყოფილიებულიყო, სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი არ შეეშლებოდა, შესაბამისად, მ. მ-ოვას საჩივარი პალატამ არ დააკმაყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა მ. მ-ოვას საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა _ კერძოდ, ყადაღა მოეხსნა ლ. მ-ოვის სახელზე რეგისტრირებულ ბინას, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
დადგენილია, რომ 2010 წლის 8 თებერვალს მ. მ-ოვას წარმომადგენელმა გ. ნ-შვილმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქუჩის I ჩიხის ¹13-ში განთავსებული სახლთმფლობელობის ¹9 შენობაში განთავსებული მოძრავი ნივთების დაყადაღება იმ საფუძვლით, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას მის მფლობელობაში არსებული ნივთებით ისარგებლოს და, ამასთან არსებობს საფრთხე მათი შესაძლო განადგურების გამო, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ. მ-ოვას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განცხადება წარმოადგენდა არა სარჩელის, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-ოვას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დავის არსიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე არ არსებობდა ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამოც მოსალოდნელი იყო გადაწყვეტილების აღსრულების გართულება ან შეუძლებლობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით, განმცხადებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დარჩა ძალაში. აღნიშნული კი თავისთავად გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-ოვას საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ოვას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.