#ას-881-829-2010 3 სექტემბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ი.თ.
მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ა.ა.რ.ე.ს.
მესამე პირი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სოხუმის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით:
- ი.თ–ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელე ი.თ. ცნობილ იქნა ქ. სოხუმში ..... მდებარე სახლის მესაკუთრედ;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ი.თ–ს საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება და სოხუმში ....... მდებარე სახლის მის სახელზე აღრიცხვა;
- მოსარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა ქ. სოხუმის მერიისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის დავალებას, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.თ–მ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის განჩინებით:
- მესამე პირის სტატუსით მონაწილე აფხაზეთის მთავრობა საქმეში ჩაება, როგორც სათანადო მოპასუხე, არასათანადო მოპასუხე ქ. სოხუმის მერიის ნაცვლად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით:
- ი.თ–სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ი.თ–მ
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით:
- ი.თ–ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განჩინება ი.თ–ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში;
- ი.თ–ს საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი.თ–ს სარჩელის მოთხოვნა ქ. სოხუმის მერიისთვის მისი კუთვნილი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე;
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ი.თ. ცნობილ იქნა სოხუმში, .... მდებარე სახლის მესაუთრედ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ი.თ–ს საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება, აგრეთვე, სოხუმში, ...... მდებარე სახლის მის სახელზე აღრიცხვა, ამ ნაწილში საქმე ხელახალი არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით:
- ი.თ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი.თ–მ.
9. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა და შესაბამისი სახლმწიფო ბაჟის გადახდა.
10. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი.თ–მ და მიუთითა, რომ ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
13. სსსკ-ის 186.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. ამავე კოდექსის 429-ე მუხხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. მოცემულ შემთხვევაში განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, თავად განმცხადებლის განმარტებით ეხება სააპელაციო სასამართლოს და არა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას (განჩინებას).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი.თ–ს განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვას არ ექვემდებარება და იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 424-ე, 186.1. „ე“ და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.თ–ს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე