Facebook Twitter

¹ას-883-1169-09 25 მარტი, 2010წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ჩ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ს.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 11 ნოემბერს გ. ჩ-შვილმა სარჩელით მიმართა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “ს.” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიერ სესხად აღებული თანხის გადახდის დაკისრება.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ჩ-შვილის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს „ს.“ დაეკისრა სესხად აღებული ფულადი თანხის 57 615 ლარის გადახდა, ასევე იურიდიული მომსახურეობის 458 ლარისა და სასამართლო ხარჯების 1686 ლარის გადახდა, ხოლო ფულადი ვალდებულებების 40220 ლარის მოპასუხე სს „საქტეშენიტისათვის“ დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. ჩ-შვილმა 2005 წლის იანვრიდან 2006 წლის ბოლომდე ზეპირი ხელშეკრულებით უვადო, უპროცენტო სესხის სახით გადასცა მოპასუხეს 57 615 ლარი და აღნიშნული თანხის დაბრუნება მოითხოვა 2008 წლის 22 იანვარს, მაგრამ მოპასუხე სს „ს.“ თანხა არ დააბრუნა.

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის, ამავე კოდექსის 626-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის, ამავე კოდექსის 105-ე მუხლისა და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მითითებით დადგენილად ჩათვალა, რომ სს „ს.“ აქციონერმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გ. ჩ-შვილმა 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისის თვემდე ზეპირი ხელშეკრულებით, უპროცენტო სესხის სახით მოპასუხეს (სს “ს.“) გადასცა 38000 ლარი, ხოლო 2006 წლის 30 იანვრიდან 2007 წლის იანვრამდე 18815 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოპასუხე სს „ს.“ დირექტორმა მ. კ-ძემ, ასევე მოსარჩელე გ. ჩ-შვილმა.

სს “ს.” სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება გ. ჩ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოსარჩელე გ. ჩ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ს.” დირექტორ მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სს “საქტეშენიტს” გ. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა სესხად აღებული ფულადი თანხა 57615 ლარი, ასევე იურიდიული მომსახურეობის თანხა 458 ლარი, სასამართლო ხარჯები 1686 ლარი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ჩ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “ს.” გ. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა სესხად აღებული თანხა 18815 ლარი, შესაბამისად, მის მეირ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4%, ანუ 752 ლარი და 60 თეთრი და ადვოკატის მომსახურების თანხა 752 ლარი და 60 თეთრი.

პალატა დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სს „ს.“ აქციონერმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გ. ჩ-შვილმა 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისის თვემდე ზეპირი ხელშეკრულებით, უპროცენტო სესხის სახით მოპასუხე სს „ს.“ გადასცა 38000 ლარი, ხოლო 2006 წლის 30 იანვრიდან 2007 წლის 28 იანვრამდე 18815 ლარი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელე გ. ჩ-შვილის მიერ სასამართლოში წარდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით, რომელიც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

საქმეში არსებული შპს „აუდიტი და სამართალის“ მიერ 2007 წლის 13 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, 2005 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გ. ჩ-შვილს სს „ს.“ ეკუთვნოდა 40200 ლარი, თუმცა აღნიშნული ცნობით არ დასტურდება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე მივიდა შპს „ა. და ს.“ აღნიშნულ დასკვნამდე. თვით მოსარჩელის ახსნა-განმარტებით გაირკვა, რომ საწარმოში აღნიშნულ თანხაზე არ არსებობდა სალაროს შემოსავლის ორდერები ან სხვა სახის წერილობითი მტკიცებულებები.

მოსარჩელე გ. ჩ-შვილს ეკისრებოდა ვალდებულება ისეთი გარემოების დადასტურებისა, როგორიც იყო ფულადი თანხების მოპასუხისათვის გადაცემა, ანუ მას უნდა წარმოედგინა ფულადი თანხების შემოსავლის ორდერები 40220 ლარის სს „ს.“ მიცემის ფაქტის დასადასტურებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ა. და ს.“ მიერ 2007 წლის 13 ივნისს გაცემული ცნობა, რომელიც არ შეიცავს არანაირ კონკრეტულ მტკიცებულებაზე მითითებას სს „ს.“ გ. ჩ-შვილის მიერ 40200 ლარის სესხების თაობაზე, არ შეიძლება განხილულიყო როგორც უტყუარი მტკიცებულება, შესაბამისად, ამ ნაწილში პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

რაც შეეხება დარჩენილი თანხის 57615 ლარის მოპასუხეზე მთლიანად დაკისრებას, ამ ნაწილში, სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოთქმული მოსაზრება, კერძოდ, ის, რომ რადგანაც მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული წერილობითი ფორმით, რომელიც დაადასტურებდა იყო თუ არა იგი ვადიანი, ამიტომაც ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე გ. ჩ-შვილი მიუთითებდა სესხის ხელშეკრულების უვადოდ დადებაზე, ხოლო მისი მოწინააღმდეგე მხარე სს „ს.“, იმთავითვე უარყოფდა უვადო ხელშეკრულების არსებობის ფაქტს და მიუთითებდა, რომ ხელშეკრულება იყო ვადიანი, კერძოდ, ის ზეპირად იდებოდა 10 დღის ან ერთი თვის ვადით და ვინაიდან სადავო პერიოდში საწარმოს ჰქონდა მნიშვნელოვანი ფინანსური ბრუნვები, ხდებოდა თანხის უკან დაბრუნება, რაც დასტურდება თანხის გასავლის ორდერებით, რაზედაც ხელს არ აწერდა გ. ჩ-შვილი, რომელიც სარგებლობდა საწარმოში თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით. სს „ს.“ წარმომადგენელი ასევე მიუთითებდა, რომ გარდა იმისა, რომ გ. ჩ-შვილს საწარმოსათვის ნასესხები თანხა დაბრუნებული ჰქონდა, მისი მოთხოვნა 2005 წლის იანვრის თვიდან 2005 წლის მაისის თვის ჩათვლით საწარმოსთვის მისესხებულ 38000 ლარის მოთხოვნის ნაწილში არის ხანდაზმულიც, რადგანაც სარჩელი სასამართლოში მხარემ წარადგინა 2008 წლის 11 ნოემბერს, ანუ სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გ. ჩ-შვილი მოპასუხე სს „ს.“ მოითხოვდა თანხის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ მან უვადო ხელშეკრულების საფუძველზე, სესხად გადასცა თანხა და ითხოვს მის დაბრუნებას, მაგრამ მოპასუხე არ აბრუნებს თანხას. პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა როგორც სესხის (57615 ლარი) მიცემის ფაქტი, რასაც მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა, ასევე სესხის დაბრუნების ვადის დადგომის ფაქტი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულება ვადიანი იყო თუ უვადო, ხოლო მოპასუხე მხარეს კი ეკისრებოდა იმის მტკიცების ტვირთი, რომ მან დაუბრუნა ვალი მოსარჩელეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ გ. ჩ-შვილმა ვერ დაამტკიცა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულება იყო უვადო და რომ მას 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით საწარმოზე მიცემული სესხის 38000 ლარის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში არ გაუშვია ხანდაზმულობის ვადა.

პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან გ. ჩ-შვილის მიერ საწარმოსათვის სესხი 38000 ლარის ოდენობით 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისამდე მიცემული იყო ეტაპობრივად, შესაბამისად მისი გასტუმრებაც უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართალია არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ. ჩ-შვილმა საწარმოსაგან დაიბრუნა აღნიშნული თანხა (მას თანხის გასავლის ორდერებზე ხელი არა აქვს მოწერილი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) თუმცა ჩათვალა, რომ მან გაუშვა სესხად გაცემული 38000 ლარის დაბრუნების მოთხოვნის დრო (სარჩელი შეტანილია 2008 წლის 11 ნოემბერს სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ), რაც წარმოადგენდა ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის საფუძველს.

დანარჩენი თანხის ანუ 2006 წლის 31 იანვრიდან 2007 წლის 28 ივნისამდე გ. ჩ-შვილის მიერ საწარმოზე მისესხებული თანხის 18815 ლარის მოთხოვნის ნაწილში, პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ სს „ს.“ დირექტორის მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო გ. ჩ-შვილს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სს “ს.” საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაეკისრა თანხა და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. მასთან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

რაც შეეხება კასატორ გ. ჩ-შვილს, საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სს “ს.” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად არ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, რითაც დაარღვია საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ წესები მტკიცებულებათა შეფასების შესახებ;

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რომელი მომენტიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დენა სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე კონკრეტულ შემთხვევაში.

ამასთან, კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ ღიად დატოვა სამართლებრივი საკითხი მასზედ, დამოკიდებული იყო თუ არა მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მოქმედებაზე, ანუ ეკისრებოდა თუ არა გ. ჩ-შვილს, როგორც კრედიტორს, რაიმე მოქმედების შესრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ სს „საქტეშინიტის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ გ. ჩ-შვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, არ შეაფასა მტკიცებულებები სრულად და ობიექტურად, არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რის შედეგადაც საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა ან არარსებობა. სასამართლომ გ. ჩ-შვილის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად, მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევისათვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტის დადგენას, რაც ხანდაზმულობის შესახებ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით არის გათვალისწინებული, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საწარმოზე სესხი გაცემული იყო ეტაპობრივად 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისამდე, სარჩელი კი გ.ჩ-შვილმა აღძრა 2008 წლის 11 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია, გ.ჩ-შვილის მოთხოვნა ხანდაზმულად, რომ არ დაადგინა მოთხოვნის წარმოშობის მომენტი თითოეულ სესხზე.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ სესხის ხელშეკრულებები დადებული იყო უვადოდ, ამასთანავე არ დაადგინა ცალკეული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რაც ასევე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტს წარმოადგენს.

სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ გასავლის ორდერებს. მართალია აღნიშნული გასავლის ორდერები არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ფულადი თანხის მიღების ფაქტს, მაგრამ ეს ორდერები წარმოადგენს მოპასუხის მიერ ორდერებით გათვალისწინებული ოდენობით ვალის არსებობის აღიარებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებათა შეფასებით და შეჯერების შედეგად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

რაც შეეხება სს „ს.“ საკასაციო საჩივარს, იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მითითებით, მაგრამ არ ასაბუთებს რაში გამოიხატა აღნიშნული დარღვევები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 2006 წლის 31 იანვრიდან 2007 წლის 28 ივნისამდე გ. ჩ-შვილმა საწარმოს ასესხა 18 815 ლარი. რაც არ დაუბრუნებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ და, რომლითაც დადასტურდებოდა სესხის დაბრუნება. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სს „ს.“ მიერ გასაჩივრებულ ნაწილში სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ს.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

გ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება გ. ჩ-შვილის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.