ას-883-831-10 28 ოქტომბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ. მ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. მ-შვილს არასრულწლოვან შვილებთან 1999 წლის 27 სექტემბერს დაბადებულ ს. მ-შვილთან და 2001 წლის 9 მარტს დაბადებულ ა. მ-შვილთან ურთიერთობისათვის დაუდგინდეს შემდეგი წესი:
თავისი არასრულწლოვანი შვილები ყოველი კვირის პარასკევს, შაბათსა და კვირას, აგრეთვე, სასკოლო არდადეგების ნახევარი პერიოდის განმავლობაში წაიყვანოს 11 საათიდან და დაუბრუნოს დედას 18 საათამდე პერიოდში სასწავლო პროგრამის და ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. მ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
გ. მ-შვილი და შ. მ-შვილი რეგსიტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1998 წლის 26 აპრილიდან.
ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ს. მ-შვილი დაბადებული 1999 წლის 27 სექტემბერს და ა. მ-შვილი დაბადებული 2001 წლის 9 მარტს. ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან.
დაბადების ჩაწერის წიგნის თანახმად, 1999 წლის 27 სექტემბერს დაბადებული ს. მ-შვილისა და 2001 წლის 9 მარტს დაბადებული ა. მ-შვილის მშობლები არიან გ. მ-შვილი და შ. მ-შვილი, რომლებიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1998 წლის 26 აპრილიდან.
პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვის ნახვის დღეები განსაზღვრა დაუსაბუთებელია და მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. მ-შვილს მოპასუხე შ. მ-შვილთან ერთად თანაბარი უფლება-მოვალეობა აქვს თავისი არასრულწლოვანი შვილების აღზრდის ყველა საკითხის გადაწყვეტისას, შესაბამისად, მას უფლება აქვს ნახოს ისინი.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში გონივრული და სამართლიანი იქნება, რომ მოსარჩელეს – გ. მ-შვილს არასრულწლოვან შვილებთან 1999 წლის 27 სექტემბერს დაბადებულ ს. მ-შვილთან და 2001 წლის 9 მარტს დაბადებულ ა. მ-შვილთან დაუდგინდეს ურთიერთობის შემდეგი წესი:
გ. მ-შვილს მისცეს თავისი არასრულწლოვანი შვილების წაყვანის უფლება ყოველ შაბათ დღეს დღის 12 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე და სასკოლო არდადეგების ნახევარი პერიოდის განმავლობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. მ-შვილმა.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მშობლის უფლებას, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. 1202-ე მუხლით გარანტირებულია მშობლის უფლება, თუმცა ის არაფერს ამბობს ბავშვის ნებაზე. გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენცია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა 1994 წლის 21 აპრილს, რის შემდეგაც აღნიშნული დეკლარაცია სავალდებულო გახდა შესასრულებლად.
ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მიზანია, დაიცვას ოჯახი, მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.
მშობლის ბავშვთან დაკავშირებული უფლება პირველ რიგში ბავშვის ინტერესიდან უნდა გამომდინარეობდეს, რა თქმა უნდა ჯანსაღ ოჯახურ ურთიერთობებში შვილისთვის მშობელთან ურთიერთობა აუცილებელია მისი, როგორც ნორმალური პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. თუმცა მშობლის მხრიდან არასათანადო, არასამაგალითო ქცევის შემთხვევაში, რომელიც არასრულწლოვანის ფსიქიკაზე მავნედ მოქმედებს, შესაძლებელია მშობლის უფლება შეიზღუდოს არასრულწლოვანის აუცილებელი ინტერესიდან გამომდინარე.
კასატორის აზრით, მის მიზანს არ წარმოადგენს გ. მ-შვილისთვის, როგორც მშობლისთვის უფლების შეზღუდვა. პირიქით, მიაჩნია, რომ მამის ზრუნვა და სიყვარული ბავშვებისთვის აუცილებელია, თუმცა შვილებისადმი მეორეხარისხოვანი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში თავად ბავშვები არიან წინააღმდეგნი მისი ნახვისა.
კასატორის აზრით, გ. მ-შვილი ახდენს ზეწოლას შვილებზე და გამაღიზიანებლად მოქმედებს მათზე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების პირველ ინსტანციაში წარდგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვების მოწმის სახით დაკითხვა შეუძლებელი შეუძლებელი იყო, ხოლო ამ ფაქტის თვითმხიველი არ ჰყავდა. სამწუხაროდ მამის მხრიდან შვილებზე ზეწოლის ფაქტი და კვლავ განმეორდა, რის შედეგადაც უფროსი შვილი შუაღამეს მოპასუხე გ. მ-შვილმა დაითხოვა სახლიდან და არ უპასუხა სატელეფონო ზარებს, რათა ბავშვების მდგომარეობა გამხდარიყო ცნობილი დედისთვის, რის გამოც გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. აღნიშნულის თაობაზე 2010 წლის 17 აგვისტოს შეტყობინების და გამოძახების შესახებ საპატრულო პოლიციის მიერ შედგა ოქმი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.