¹ას-885-928-2011 10ივნისი,2011წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ჯ. გ-ძის, მ. კ-ძისა და დ. კ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ამხანაგობა «გ-ის», მ. შ-ძის, თ. ბ-ძის, ზ. ნ-ძის, თ. ც-ძის, ზ. ბ-ძის, ი. ღ-ძისა და თ. დ-ძის სარჩელის გამო, მოპასუხეების ჯ. გ-ძის, მ. კ-ძისა და დ. კ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. კ-ძის, ჯ. გ-ძისა და დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორების წარმომადგენელისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (ტ. V, ს.ფ. 112-113).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 10 აპრილი, ხოლო 30-ე დღე _ 20 აპრილი, ამდენად კასატორს ან მის წარმომადგენელს შეეძლო, მისულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2011 წლის 10 აპრილიდან 2011 წლის 20 აპრილამდე.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მ. კ-ძე სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 20 მაისს (ტ.V, ს.ფ.140). გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 20 აპრილს.
საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2011 წლის 20 აპრილს და დამთავრდა 2011 წლის 20 მაისს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა გაუშვა საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2011 წლის 23 მაისს (ტ.V, ს.ფ. 148), ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2011 წლის 23 მაისი (ტ.V, ს.ფ. 147), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. გ-ძის, მ. კ-ძისა და დ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.