Facebook Twitter

ას-886-834-2010 6 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ქუთაისის ¹...-ე საჯარო სკოლა

მოწინააღმდეგე მხარეები _ ფ. მ-ძე, ე. ფ-ძე, მ. ჭ-შვილი

მესამე პირები _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი; ქუთაისის მერია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ფ. მ-ძის, ე. ფ-ძის, მ. ჭ-შვილის, ქუთაისის მერიის ¹... კომპლექსური სპორტული სკოლა-პანსიონის და სხვათა სარჩელი მოპასუხე ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის, მესამე პირების _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ქუთაისის მერიის მიმართ, სახელფასო დავალიანების სანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეთა ახსნა-განმარტებების მიხედვით, ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონი ახორციელებდა როგორც დაწყებით საბაზო-საშუალო საფეხურზე სწავლებას, ისე საპანსიონო მომსახურებას, რა მიმართებითაც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა როგორც ვაუჩერული, ისე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მასწავლებელთა სახელფასო დაფინანსება;

ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლის მიერ 2008 წლის 15 მაისს გაცემული ¹57 ცნობის თანახმად, ¹43 საჯარო სკოლის თანამშრომლების სახელფასო და საბოლოო ანგარიშსწორების თანხის დავალიანება 2008 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში შეადგენდა დარიცხულ 17 670.70 ლარს, ხელზე გასაცემი თანხა 13 252.96 ლარს;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹375 ბრძანებით რეორგანიზებულ იქნა ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონი, რომელიც სწავლებას ახორციელებდა დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქუთაისის მე-... საჯარო სკოლასთან მისი მიერთების გზით;

ქუთაისის მერიის 2008 წლის 15 მაისის ¹1083 ბრძანებით ქუთაისში, .... ქ. ¹...-ში დაფუძნდა არასამეწარმეო/არაკომერციული პირი, სკოლის გარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება _ ქუთაისის მერიის ¹... კომპლექსური სპორტული სკოლა-პანსიონი;

ქუთაისის მერიის 2009 წლის 22 დეკემბრის ¹2069 ბრძანებით სსიპ ქუთაისის მერიის ¹... კომპლექსურ სპორტულ სკოლა-პანსიონს უსასყიდლოდ უზურფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცა თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოში არსებული, ქუთაისში, .... ქ. ¹...-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, საერთო ფართობით 9 831.0კვ.მ, 19 491.0კვ.მ არასრულ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია, იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹375 ბრძანების მოცემულობიდან გამომდინარე, ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონის რეორგანიზაციით ქუთაისის მე-... საჯარო სკოლასთან მიერთება განხორციელდა მხოლოდ დაწყებით-საბაზო-საშუალო სწავლების ნაწილში, რაც როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა ფაქტობრივად განხორციელდა კიდეც.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქუთაისის მე-... საჯარო სკოლა არ წარმოადგენდა ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონის უფლებამონაცვლეს საპანსიონო მომსახურების ნაწილში, რის გამოც ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის მიმართ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები (ტომი 2, ს.ფ. 74-79).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ფ. მ-ძემ, ე. ფ-ძემ, მ. ჭ-შვილმა და სხვებმა (მთლიანობაში 44 პირი), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 91-101).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი 2, ს.ფ. 103-105).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით ე. ძ-ძის და სხვათა ნაწილში სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (ტომი 2, ს.ფ. 134-147).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ფ. მ-ძის, მ. ჭ-შვილისა და ე. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწვეტილება მითითებული პირების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ფ. მ-ძის, მ. ჭ-შვილისა და ე. ფ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქუთაისის ¹... საჯარო სკოლას დაეკისრა ფ. მ-ძის სასარგებლოდ 1073,50 ლარის, მ. ჭ-შვილის სასარგებლოდ 984 ლარის და ე. ფ-ძის სასარგებლოდ 984 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფ. მ-ძე 2000 წლის 29 სექტემბრიდან დანიშნულია ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში; მ. ჭ-შვილი 2003 წლის 14 აპრილიდან დანიშნულია სკოლის მთავარ ბუღალტრად; ე. ფ-ძე 2004 წლის 3 იანვრიდან დანიშნულია ამავე სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგედ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით 2007 წლის 5 ივნისს დამტკიცებულ ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლის საშტატო განრიგზე, რომლის მიხედვით, აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის ხელფასი შეადგენდა 250 ლარს, აქედან ხელზე ასაღები _ 200 ლარს; მთავარი ბუღალტრის ხელფასი _ 230 ლარს, ხელზე ასაღები _ 184 ლარს; სამეურნეო ნაწილის გამგის ხელფასი _ 230 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა _ 184 ლარს.

მხარეთა განმარტებებითა და სარჩელზე თანდართული მოსწავლეთა ჩამონათვალით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ¹43 სკოლა-პანსიონში ირიცხებოდა 47 აღსაზრდელი, რომლებიც პანსიონურ სწავლებაზე ჩარიცხულნი იყვნენ გამგეობის ცნობებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგზურების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან სარჩელის წარდგენის დრომდე (2009 წლის 19 აგვისტო) გასული იყო 17 თვე და 19 დღე, ანუ 529 დღე. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ფ. მ-ძეს, ე. ფ-ძესა და მ. ჭ-შვილს არც 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის აპრილამდე ოთხი თვის სახელფასო ანაზღაურება და არც დამატებით ერთი თვის ოდენობით გასასვლელი დახმარება არ მიუღიათ. ამდენად, ფ. მ-ძეს არ მიუღია 1 000 ლარი (200 X 5), ე. ფ-ძეს _ 920 ლარი (184 X 5), მ. ჭ-შვილს _ 920 ლარი (5 X 184).

სააპელაციო სასამართლომ შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე და 34-ე მუხლების შესაბამისად განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით; შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე; დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

კანონის ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობითა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფ. მ-ძე, ე. ფ-ძე და მ. ჭ-შვილი განუსაზღვრელი ვადით შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონთან. დამსაქმებელი დაწესებულება (ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹375 ბრძანებით მიუერთდა ქუთაისის მე-... საჯარო სკოლას და ამ დროიდან აპელანტებს შეუწყდათ შრომითი ურთიერთობა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიერთება უთანაბრდება საწარმოს რეორგანიზაცია-გარდაქმნას. აღნიშნული არ ნიშნავს სამართლებრივი ურთიერთობის ახალი სუბიექტის შექმნას. ასეთ დროს არსებობას წყვეტს მიერთებული სუბიექტი (“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი) და ძველი, ან ახალი სახელწოდებით არსებობას განაგრძობს ის სუბიექტი, რომელმაც მიიერთა. ამ მოვლენას თან სდევს უფლებამონაცვლეობა. იმ სუბიექტის უფლებები და მოვალეობები, რომლის მიერთებაც განხორციელდა გადაეცემა არსებულ სუბიექტს.

იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონი მიუერთდა ქუთაისის მე-... საჯარო სკოლას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიერთებამდე არსებული ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონის შრომითი ვალდებულებები გადაეცა ქუთაისის ¹... საჯარო სკოლას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება 2008 წლის 22 აპრილამდე (მიერთებამდე) წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ წარმოებულ დავაში მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2009 წლის 13 აგვისტოს წერილში დაფიქსირებული მოსაზრება, რომ ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონში ჩარიცხული აღსაზრდელები 2010 წლის იანვრიდან აპრილამდე დაუბრუნდნენ ბიოლოგიურ მშობლებს, ან გადაყვანილნი იქნენ სხვა პანსიონში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 24 აპრილამდე ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონი აგრძელებდა მუშაობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია აპელანტთა მოთხოვნა მიერთებამდე სახელფასო დავალიანების, ასევე გათავისუფლების შემდეგ ერთი თვის შრომის ანაზღაურების შესახებ და დაადგინა, რომ ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლ-პანსიონის უფლებამონაცვლეს _ ქუთაისის ¹... საჯარო სკოლას აპელანტების სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მთლიანობაში ხუთი თვის მიუღებელი ხელფასის, კერძოდ, ფ. მ-ძის სასარგებლოდ 1000 ლარის, ე. ფ-ძის სასარგებლოდ 920 ლარის, მ. ჭ-შვილის სასარგებლოდ 920 ლარის ანაზღაურება.

რამდენადაც აპელანტებს 2010 წლის იანვრიდან-აპრილამდე სახელფასო დავალიანება დამსაქმებლის მიზეზით არ მიუღიათ, სააპელაციო სასამართლომ შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 34-ე მუხლის შესაბამისად, ასევე საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა მოპასუხისათვის ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის დაკისრების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში აპელანტთა მოთხოვნით დაყოვნებული დრო შეადგენდა 525 დღეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ამ პერიოდის გადასახდელი თანხა ფ. მ-ძისათვის განსაზღვრა 73.50 ლარით (1 000 X 0.07% = 0.14. 0.14 X 525 = 73.50), ხოლო ე. ფ-ძისა და მ. ჭ-შვილისათვის 63 ლარით (920 X 0.07% = 0.12. 0.12 X 525 = 63) (ტომი 2, ს.ფ. 180-190).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის დირექტორმა ი. ჯ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილები, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2007 წლის 23 მარტის შემდგომ პანსიონურ მომსახურეობაზე მყოფი ბავშვების ¹43 სკოლა-პანსიონში ჩარიცხვა არ მომხდარა, ხოლო ინსტიტუციაში დარჩენილი ბავშვებიდან ინსტიტუციურ მზრუნველობას არც ერთი საჭიროებდა. სწორედ ამის გამო ვაუჩერული და პროგრამული დაფინანსების გაგრძელება არამიზნობრივად იქნა მიჩნეული და 2008 წლის ბიუჯეტში არ იქნა გათვალისწინებული. მითითებული გარემოება გახდა იმის საფუძველი, რომ სკოლა-პანსიონის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი (პანსიონური მომსახურეობის ნაწილში) სამინისტროში არ გაიგზავნა. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ რეორგანიზაციის შემდგომ ქუთაისის ¹... საჯარო სკოლისათვის გადაცემულ, ¹43 სკოლა-პანსიონში დასაქმებულ პირთა დოკუმენტაციებში არ მოიპოვებოდა მოსარჩელეების, როგორც რეორგანიზაციის პერიოდში ¹43 სკოლა-პანსიონში მომუშავე პირთა დოკუმენტაცია.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹375 ბრძანება. აღნიშნულ ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ დადგინდა ქუთაისის ¹43 საჯარო სკოლა-პანსიონის რეორგანიზაცია, რომელიც სწავლებას ახორციელებდა დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქუთაისის ¹... საჯარო სკოლასთან ქუთაისის ¹43 სკოლა-პანსიონის მიერთების გზით. მინისტრი თავის ბრძანებაში ადასტურებს, რომ 2008 წლის 22 აპრილისათვის ქუთაისის ¹43 სკოლა-პანსიონი ახორციელებდა სწავლებას მხოლოდ დაწყებით-საბაზო საშუალო საფეხურზე და იმ პერიოდისათვის უკვე არ ახორციელებდა პანსიონურ მომსახურეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის თაობაზე აუცილებლად იქნებოდა მითითებული ბრძანებაში. ამასთან, ქუთაისის ¹43 სკოლა-პანსიონს იმ პერიოდისათვის რომც განეხორციელებინა პანსიონური მომსახურება, იგი რეორგანიზაციის წესით ვერ გადაეცემოდა ქუთაისის ¹... საჯარო სკოლას, ვინაიდან ამით მოხდებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანებით დაფუძნებული ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის წესდების დარღვევა (ტომი 2, ს.ფ. 198-206).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის ¹... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ქუთაისის ¹... საჯარო სკოლას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.