ას-887-835-2010 25 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. მ-იანი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. და ნ. მ-იანები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. მ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. და ნ. მ-იანების მიმართ ქ.ბათუმში, ... ქ.¹15-ში მდებარე ¹18 ბინიდან რ.მ-იანის გამოსახლების, მოპასუხეთა მხრიდან აღნიშნული უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის _ 200 000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხეები არიან ე.მ-იანის მეუღლე და შვილი. მათ აიძულეს მოსარჩელე, დაეტოვებინა კუთვნილი ბინა, რის შედეგად მას საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. ამასთან, მოპასუხეები შეეცადნენ ქმედუუნაროდ გამოეცხადებინათ მოსარჩელე, რა მიზნითაც ე. მ-იანს უკანონოდ ჩაუტარდა სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ერთი თვის განმავლობაში იძულებით გადიოდა შესაბამის სტაციონარულ გამოკვლევებს. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელეს შეელახა პატივი, ღირსება და მიადგა მორალური ზიანი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ნ. მ-იანი სადავო ბინის 1/2-ის თანამესაკუთრეა, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს აღეკვეთათ მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლა და რ.მ-იანი სადავო ბინიდან გამოსახლდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში _ რ. და ნ. მ-იანებმა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ე. მ-იანმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით რ. და ნ. მ-იანების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ბინიდან რ.მ-იანის გამოსახლების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ე. მ-იანის შეგებებულ სააპელაციო საჩივარს კი ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1967 წლის 22 სექტემბერს ე. მ-იანი-გ-ოვი და ნ. მ-იანი დაქორწინდნენ. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი _ რ. მ-იანი. 2007 წლის 30 მარტის ხელშეკრულებით შეძენილ იქნა ქ.ბათუმში, ... ქ.¹15-ში მდებარე ¹18 ბინა, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა ე. მ-იანის სახელზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღნიშნული ქონების წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ნ. მ-იანი. რ. მ-იანი სადავო სახლში ცხოვრობს ნ. მ-იანის ნებართვით. ამჟამად, ე. მ-იანი სადავო სახლში არ ცხოვრობს. ბათუმის შს სამმართველოს გამომძიებლის 2006 წლის 3 მარტის დადგენილებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის განჩინების საფუძველზე ე. მ-იანს ჩაუტარდა ჯერ ამბულატორიული, ხოლო შემდეგ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე. მ-იანი ფსიქიკურად დაავადებული არ არის.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 172-ე და 162-ე მუხლის პირველი ნაწილებით და აღნიშნა, რომ რ. მ-იანი სადავო სახლში ცხოვრობს სახლის ერთ-ერთი მესაკუთრის _ ნ. მ-იანის ნებით, შესაბამისად, მას სახლის ფლობის უფლება მინიჭებული აქვს მესაკუთრისაგან და იგი ქონების მართლზომიერი მფლობელია, მისი გამოსახლება დაუშვებელია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება სახლიდან რ. მ-იანის გამოსახლების ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სახლის მესაკუთრე, გარდა ნ. მ-იანისა, არის ე. მ-იანიც და, ზემოხსენებული მუხლის მიხედვით, მას უფლება აქვს, ფლობდეს და სარგებლობდეს სახლით, რასაც იგი ვერ ახორციელებს. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ე. მ-იანის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე კანონიერია და საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა იგი.
სასამართლოს მითითებით, ე. მ-იანს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იგი სადავო ბინის გაქირავებით მიიღებდა შემოსავალს. გარდა ამისა, ე. მ-იანი სადავო ბინას ვერც გამოიყენებდა სარგებლის მისაღებად, რადგან მასში ცხოვრობს თანამესაკუთრე, ნ. მ-იანი, რომელიც ბინას იყენებს საცხოვრებლად.
სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ ე. მ-იანი გადაწყვეტილებას ბინის გაქირავების შესახებ მიიღებდა მხოლოდ ნ. მ-იანთან შეთანხმებით. ნ. მ-იანს კი არ სურდა ბინის გაქირავება. აღნიშნულის გამო ე. მ-იანის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
პალატამ აღნიშნა, რომ ე. მ-იანი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რადგან მოწინააღმდეგე მხარის ბრალით მას ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. საქმის მასალების მიხედვით, ე. მ-იანისათვის ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ჯერ საგამოძიებო ორგანომ, ვინაიდან ე. მ-იანის ახლობლებმა გამოთქვეს ეჭვი მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ კი ექსპერტიზა დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით. პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსა თუ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებისათვის კერძო პირთა პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში ე. მ-იანმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს მიაყენეს მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური ზიანი. ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში მათ განიზრახეს, მოსარჩელე გამოეცხადებინათ ფსიქიკურად დაავადებულად, კანონის დარღვევით მიმართეს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას და მიიღეს უკანონო დასკვნა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ერთი თვე იძულებით იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზისათვის საჭიროს სტაციონარული გამოკვლევების ჩასატარებლად. საბოლოოდ, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მოსარჩელე ქმედუნარიანია და მას თავისუფლად შეუძლია, შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა.
ამდენად, მოპასუხეები ცდილობდნენ, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, შეურაცხადად გამოეცხადებინათ მოსარჩელე, რითაც მას მიადგა მორალური ზიანი 160000 ლარის ოდენობით და შეელახა რეპუტაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შემცველი ინფორმაცია მოპასუხეებმა განათავსეს ინტერნეტის ვებგვერდზეც.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-178-ე მუხლები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ე. მ-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. მ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილს, 162-ე, 170-ე და 172-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. მ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.