Facebook Twitter

ას-88-83-2010 8 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი) თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,ს-ა(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება და 2009 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, მოპასუხე შპს „ს-ის“ მიმართ და მოითხოვა საიჯარო ქირისა და ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის დარიცხული საურავის, სულ 22793,61 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე ქ.ბათუმში, .... ქ.¹17-ში მდებარე საიჯარო ქონების – კინოთეატრ „ი-ის“ შენობის დაბრუნების დავალდებულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შპს „ს-ს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო დავალიანებისა და ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის საიჯარო ქირა 20558,55 აშშ დოლარისა და დარიცხული საურავის_2235,06 აშშ დოლარის, სულ ჯამში 22793,61 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ს-ს დაევალა იჯარით აღებული ქონების ქ.ბათუმში, ... ქ.¹17-ში მდებარე კინოთეატრ „ი-ის“ ბალანსზე რიცხული 656,6 კვ.მ ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის დაბრუნება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

დასახელებული გადაწყვეტილება შპს „ს-ის დირექტორმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,ს-ის დირექტორის თ. შ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს- ის დირექტორმა თ. შ-იამ.

2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შპს ,,ს-ის დირექტორის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 6 ნოემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე შპს „ს-ის“ დირექტორ თ. შ-იას უწყება ჩაჰბარდა პირადად 2009 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო თ. შ-იას სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსთვის წინასწარ არ უცნობებია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს „ბ-ოს“ მიერ 2009 წლის 10 ნოემბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ¹129 ცნობა, რის მიხედვითაც, თ. შ-ია 2009 წლის 5 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე იმყოფებოდა ავად დიაგნოზით – დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ნაწლავური ინფექცია (კვებითი ინტოქსიკაცია), რის გამოც გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას.

პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ს-ის“ დირექტორის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა არ შეიცავს საქართველო სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით მითითებას იმ გარემოებაზე, რომ, ავადმყოფობის გამო, შეუძლებელი იყო 2009 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე თ. შ-იას გამოცხადება.

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს უწყება ჩაჰბარდა 2009 წლის 26 ოქტომბერს, საკმარისი დრო ჰქონდა 2009 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადებისათვის მოსამზადებლად, მითითებულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება 2009 წლის 05-09 ნოემბერს შპს „ს-ის“ დირექტორის ავადმყოფობა, ვინაიდან ავადმყოფობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ცნობა არ შეიცავს მითითებას გამოცხადების (გადაადგილების) შეუძლებლობის თაობაზე.

პალატამ ასევე აღნიშნა, რომ აპელანტის ავადმყოფობის მიზეზით ერთხელ უკვე გადაიდო საქმის განხილვა სხვა დროისათვის და თუკი იგი პირადად ვერ ახერხებდა პროცესში გამოცხადებას, ასეთ შემთხვევაში შეეძლო საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დადგენილი წესით დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება ,,შპს ს-ის დირექტორმა თ. შ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ავადმყოფობა, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება და უკანონოდ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და 2009 წლის 6 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2009 წლის 6 ნოემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევის თაობაზე შპს “ს-ის” დირექტორს თ. შ-იას უწყება ჩაბარდა პირადად, 2009 წლის 26 ოქტომბერს.

დადგენილია, რომ 2009 წლის 6 ნოემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე აპელანტს, თ. შ-იას სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, შპს “ბ-ო”-ს მიერ 2009 წლის 10 ნოემბერს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ¹129 ცნობით დადგენილია, რომ თ. შ-ია 2009 წლის 5 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე იმყოფებოდა ავად დიაგნოზით – დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ნაწლავური ინფექცია (კვებითი ინტოქსიკაცია), რის გამოც გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს “ს-ის” დირექტორის მიერ წარმოდგენილ ავადმყოფობის ცნობაში, მართალია აღნიშნულია თ. შ-იას ავადმყოფობის თაობაზე, მაგრამ დასახელებული ცნობა არ შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ავადმყოფობის გამო შეუძლებელი იყო 2009 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე თ. შ-იას გამოცხადება. ამასთან, 215-ე მუხლი იმპერატიულად მოითხოვს, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით. კასატორის მიერ წარმოდგენილ ცნობაში კი დაწესებულების ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის ხელმოწერისთვის განკუთვნილ გრაფაში არ არსებობს აღნიშნული ხელმოწერა, რაც სრულიად გაუგებარს ხდის თუ საერთოდ ვის მიერაა ცნობა ხელმოწერილი.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამრთლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვერ იქნება გაზიარებული საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ რადგანაც 2009 წლის 20 ოქტომბერს პირველი სხდომა მისი ავადმყოფობის მიზეზით გადაიდო, სასამართლო ვალდებული იყო მომდევნო სხდომაც მისი გამოუცხადებლობისას იგივე მიზეზის გამო კვლავ გადაედო.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმის მასალები შეიცავდა საკმარის ინფორმაციას მისი ავადმყოფობის თაობაზე, რაც შეიძლება 2009 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად იქნას მიჩნეული დაუსაბუთებელია და არაარგუმენტირებულია.

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს უწყება ჩაბარდა 2009 წლის 26 ოქტომბერს მას საკმარისი დრო ჰქონდა 2009 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადებისათვის მოსამზადებლად, თუნდაც წარმომადგენლის ასაყვანად.

მითუმეტეს, რომ აპელანტის ავადმყოფობის მიზეზით ერთხელ უკვე გადაიდო საქმის განხილვა სხვა დროისათვის და თუკი იგი პირადად ვერ ახერხებდა პროცესზე გამოცხადებას, ასეთ შემთხვევაში შეეძლო საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ განუხორციელებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობა არ განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მით უფრო, რომ ამ გარემოების შესახებ მხარეს სასამართლოსთვის წინასწარ არ უცნობებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს ,,ს- ის დირექტორ თ. შ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.