საქმე ¹ას-889-1175-09 1 მარტი, 2010 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. გ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,მ.-....“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისისა და 1 ივლისის განჩინებები
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “მ.-......-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ძის მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების _ 22802 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 1 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „მ.-....-მა“ იკისრა ვალდებულება, დადგენილი პროექტის შესაბამისად, მოპასუხისათვის აეშენებინა სამსართულიანი სახლის კარკასი კედლების მძიმე ბეტონის ბლოკების შევსებით. სახლის მთავარი ფასადის გარდა, შეებათქაშებინა შიდა და გარეთა კედლები, გადაეხურა სახურავი. იატაკის მოჭიმვის, კარების ჩასმის, სანტექნიკისა და ელექტროგაყვანილობის დამონტაჟების, სახლის ფასადისა და სხვა კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულების შესახებ მხარეებს უნდა გაეფორმებინათ დამატებითი ხელშეკრულება, რაც არ განხორციელებულა. მოპასუხეს მოსარჩელისათვის სულ უნდა გადაეხადა 74 540 აშშ დოლარი, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად არ შესრულებულა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო, შესაბამისად, მოპასუხემ მას მხოლოდ 48 500 აშშ დოლარი გადაუხადა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გარდა, მოპასუხესთან შეთანხმების საფუძველზე შპს „მშენებელი-2007-მა” სახლის აივანი მონოლითური რკინა-ბეტონით მოაწყო და საძირკველი აამაღლა, სამუშაოების საერთო ღირებულება იყო 3 450 აშშ დოლარი, რისი გადახდაც ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს. ა.გ-ძემ ხელშეკრულების მოშლის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მას სამუშაოთა ნაწილი არ მოეწონა. მოსარჩელემ შესთავაზა ხარვეზიანად მიჩნეული სამუშაოების გამოსწორება ან თავიდან შესრულება, მაგრამ მოპასუხემ უარი განაცხადა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ დაიწყო სახლის მშენებლობა. სახლის მეორე სართულის აშენების შემდეგ ა.გ-ძე წავიდა სანაოსნოდ და უკან დაბრუნებულს აშენებული დახვდა სახლის პირველი სართულის შიდა და გარე კედლები, მეორე და მესამე სართულების გარეთა კედლები. მშენებლობის ნაწილი უხარისხოდ იყო შესრულებული, ა.გ-ძეს არ მოეწონა ბლოკების წყობა, კერძოდ, სახლის ერთი კედელი 20 სმ ბლოკებით იყო აშენებული, ხოლო მეორე _ 10 სმ ბლოკებით, ერთ-ერთი კედელი აშენებული იყო ისე, რომ მისი შებათქაშება ზედმეტ ხარჯს მოითხოვდა. მოპასუხემ უკმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული ხარვეზების გამო და აღარ სურდა, მშენებლობა შპს „მ.-.....-ს“ დაესრულებინა. ამ პერიოდისათვის მოსარჩელეს სახლის კარკასული მონოლითური სამუშაო მთლიანად ჰქონდა დამთავრებული, ჩამოსხმული იყო მონოლითური სვეტები, სახლის მეორე და მესამე სართულზე ამოყვანილი იყო ორი გვერდითი კედელი, დასხმული იყო სართულების იატაკი, რის სანაცვლოდ მოპასუხეს უკვე გადახდილი ჰქონდა 48 000 აშშ დოლარი და დამატებით გადაიხადა 5000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ წერილობითი განცხადებით მიმართა შპს „მ.-....-ის“ დირექტორს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. განცხადებაზე მოსარჩელემაც მოაწერა ხელი და შესთავაზა ხარჯის დათვლა. მოსარჩელემ მოითხოვა დამატებითი 10 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ა.გ-ძემ შესთავაზა 5000 აშშ დოლარი, რის გამოც ისინი ვეღარ შეთანხმდნენ. ამდენად, ა.გ-ძეს „მ.-....-ისთვის“ შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად აქვს გადახდილი და მისი მოთხოვნა დამატებით გადახდაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “მ.-....-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა.გ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე დაევალა მოსარჩელის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა შპს “მ.-....-ის“ სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით ა.გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ამავე სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შენიშვნები 2009 წლის 11 მაისის, 2 და 16 ივნისის სხდომის ოქმებზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2006 წლის 1 ნოემბერს მხარეთა შორის შედგა წერილობითი ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „მ.-.....-მა“ ვალდებულება იკისრა, პროექტის შესაბამისად, ა.გ-ძისათვის აეშენებინა სამსართულიანი სახლის კარკასი. აღნიშნული ხელშეკრულებითვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთი შესრულებული თითოეული კვ.მეტრისათვის მენარდეს გადაუხდიდა 200 აშშ დოლარს, სულ მხარეთა შეთანხმებით დამკვეთს უნდა შეესრულებინა სამუშაო 327 კვ.მ-ზე. უდავოა ფაქტობრივი გარემოება, რომ შესასრულებელ სამუშაოთა მეტი წილი მენარდემ შეასრულა, ნაწილი კი, ხელმეორედ გახდა შესასრულებელი. შპს „მ.-....-მა“ თავად შესთავაზა ა.გ-ძეს, აღმოეფხვრა შესრულებული სამუშაოს ნაკლი, რაზედაც ა.გ-ძემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ იგი თავადვე აღმოფხვრიდა შესრულებული სამუშაოების ნაკლს და დაასრულებდა სამუშაოს. აღნიშნული წინაპირობების შემდგომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ექსპერტ გოგუაძის მიერ 2008 წლის 11 დეკემბერს შედგენილ დასკვნაში ასახული ფაქტობრივი გარემოება მენარდის მიერ სამუშაოების რეალურად შესრულების თაობაზე. ექსპერტის განმარტებით, დასკვნა მან მხარეთა გამოკითხვის, ვიზუალური დათვალიერებისა და აზომვითი სამუშაოების შედეგად მიიღო. ა.გ-ძეს სადავოდ არც ის ფაქტობრივი გარემოება გაუხდია, რომ ექსპერტის დასკვნაში ასახული და „მ.-.....-ის“ შესრულებულად მიჩნეული სამუშაოები ნამდვილად „მ.-.....-ის“ მიერ იყო შესრულებული. ხსენებული დასკვნის თანახმად, შპს „მ.-.....-ის“ მიერ ა.გ-ძის ასაშენებელ სახლზე შესრულდა 49 556,77 აშშ დოლარის სამუშაო. ექსპერტის განმარტებით, მის მიერ შესრულებულ გაანგარიშებაში არ შესულა იმ სამუშაოების ღირებულება, რაც ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული, მაგრამ საერთოდ არ შესრულებულა, ასევე ექსპერტიზის დასკვნაში ვერ მოხვდა თავად ა.გ-ძის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტ ა.გ-ძეს სადავოდ არ გაუხდია, რომ საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შედგენიდან დაახლოებით 5-6 თვის შემდგომ, 2006 წლის ნოემბერში, მხარეთა შორის შედგა წერილობითი ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოს ოდენობა კვადრატული მეტრობით შეადგენდა 327 კვ.მ-ს, ხოლო შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება კი _ თითოეული კვ.მეტრისათვის 200 აშშ დოლარს. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ, ნაცვლად მხარეთა მიერ თავდაპირველად შეთანხმებული 327 კვ.მ-სა, შესრულებული სამუშაოების მოცულობამ (გადახურვებმა) 371,5 კვ.მ შეადგინა და აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით დამკვეთს მენარდის მიმართ პრეტენზია არ განუცხადებია.
სასამართლომ არ გაიზიარა ა.გ-ძის მოსაზრება, რომ შპს „მ.-....-ის“ მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის მან 25 000 აშშ დოლარი დახარჯა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა.გ-ძემ განმარტა, რომ მან 9000 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა ასევე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გაზრდილი ხარჯთაღრიცხვის გამო, არ შეწყვეტილა, არამედ თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვის შედგენიდან 5-6 თვის შემდგომ მხარეები შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვისაგან განსხვავებულ, კონკრეტულ ანაზღაურებაზე _ 1 კვ.მ-ზე 200 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმდნენ. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე და 327-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის არსებული გარიგება სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებად სწორად ჩათვალა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც 2006 წლის 1 ნოემბერს გაფორმებულ ნარდობის ხელშეკრულებამდე რამდენიმე თვით ადრე შესდგა, ასახული იყო ის სტანდარტული პირობები, რომელიც წინასწარ ჩამოაყალიბა ხელშეკრულების მონაწილე ერთმა მხარემ – მენარდემ, ანუ შემთავაზებელმა და წარუდგინა იგი მეორე მხარეს – დამკვეთს. პალატამ მიიჩნია, რომ 2006 წლის 1 ნოემბერს შემდგარ კონტრაქტში სწორედ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების შესაბამისად, საბოლოოდ შეთანხმებული პირობები აისახა, რასაც, კანონმდებლის დათქმის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან, ანუ ხარჯთაღრიცხვასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადასაწყვეტად ასევე სწორად იქნა მითითებული სამოქალაქო კოდექსის 236-ე მუხლზე. პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი დასაბუთებულობისათვის პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა და გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 131-ე მუხლები და მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებით საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი და განუხილველად დარჩა ა. გ-ძის შენიშვნები სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის, 2 და 16 ივნისის სხდომის ოქმებზე.
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისისა და 1 ივლისის განჩინებები ა. გ-ძის წარმომადგენელმა მ. ა-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მათი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მოწინააღმდეგე მხარისათვის ექსპერტიზაზე გადახდილი 1052 ლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 1106 და 1415,98 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურების _ 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ მხედველობაში არ მიიღო, რომ შპს “მ.-....-მა” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ შეასრულა და რაც შეასრულა, ის სამუშაოებიც ჩაატარა უხარისხოდ. აღნიშნული საფუძვლით, სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის შესაბამისად, ა.გ-ძემ ცალმხრივად მოშალა ნარდობის ხელშეკრულება. შპს “მ.-.....-ის” დირექტორის მიერ ხელმოწერილ 2007 წლის 10 სექტემბრის განცხადებაში დაფიქსირდა გარიგების მოშლისას სახლის არსებული მდგომარეობა, რის დასადასტურებლად განცხადებას დაერთო კასატორის მიერ გადაღებული მშენებლობის ნაკლის ამსახველი სადავო სახლის ფოტოსურათები. აღნიშნულ განცხადებაში მიეთითა, რომ სახლს საერთოდ არ ჰქონდა მეორე და მესამე სართულების კედლები, ხოლო არსებული კედლები არც შიგნიდან და არც გარედან შებათქაშებული არ იყო. მენარდემ პირველი და მეორე სართულების კედლები ააშენა უხარისხოდ, რის გამოც კასატორმა ისინი დაანგრია და ნაწილობრივ ხელახლა ააშენა. ამავე მიზეზით შეიცვალა სახლის სახურავიც. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შპს “მ.-.....-მა” სადავო სახლის მშენებლობისას არ დაიცვა მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ქ.ბათუმის მერიის 2006 წლის 11 ოქტომბრის ¹01-22/436 ბრძანებაში მითითებული ვალდებულება, კერძოდ, მე-16 მუხლის 51 მუხლის შესაბამისად, ქ.ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს უნდა დაეადასტურებინა მშენებლობის გარკვეული ეტაპების შესასრულებელ საამშენებლო სამუშაოთა პროექტთან შესაბამისობა, რისი დარღვევაც, ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. მოსარჩელეს საერთოდ არ გადაუხდია დღგ, რომლის გადახდაც სასამართლომ ა.გ-ძეს დააკისრა. მენარდეს არ შეუდგენია და ხელმოსაწერად კასატორისათვის არ წარუდგენია უკვე შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა, როგორც მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება, ისე ხარისხი. მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა არასრულად, მთელი რიგი ნაკლოვანებებითა და ხარვეზებით, რითაც ა.გ-ძეს მიადგა ზიანი და კასატორმა დამატებითი გაიღო ხარჯები როგორც, არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, ისე მშენებლობის დასასრულებლად. სახლი გადაიხურა ხელმეორედ. დამატებითმა ხარჯებმა სულ შეადგინა 25000 აშშ დოლარი. სწორედ ასეთი მოქმედების გამო სახლი დღემდე ბოლომდე აშენებული არ არის. პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ მენარდეს 74300 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო უნდა შეესრულებინა და აქედან 65300 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები უნაკლოდ შეასრულა, რის დასადასტურებლადაც მიუთითა მხოლოდ ნარდობის ხელშეკრულებაზე. გაუგებარია, სადავო ვალდებულება სასამართლომ 74300 აშშ დოლარის ღირებულების მქონედ რატომ მიიჩნია, ვინაიდან 2006 წლის 1 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულებაში სამუშაოთა ღირებულებად 65400 აშშ დოლარი არის მითითებული. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღიარებული 9000 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოთა ა.გ-ძის მიერ შესრულებისა და გადახდილი 48500 აშშ დოლარის გათვალისწინებით, გადასახდელი თანხა იქნებოდა არა უმეტეს 7900 აშშ დოლარისა. თუკი სასამართლოს ზემოხსენებული მოსაზრება ეფუძნება მოსარჩელის ახსნა-განმარტებას დამკვეთთან შეთანხმებით დამატებით აივნებისა და საძირკვლის ამაღლების სამუშაოების შესრულების შესახებ, მაშინ იგი ვალდებული იყო, მიეთითებინა აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, რაც არ მომხდარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნვევს, რომ ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც ა. გ-ძის წარმომადგენლის _ მ. ა-ძის შენიშვნები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის, 2 და 16 ივნისის სხდომის ოქმებზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველი. კასატორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა რა აღნიშნული განჩინების გაუქმება, არც საკასაციო და არც დაზუსტებული საკასაციო საჩივრით გაუქმების რაიმე საფუძველზე არ მიუთითებია. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა დასახელებული განჩინების კანონიერება და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მესამე ნაწილი და 291-ე მუხლის პირველი ნაწილი, რის საფუძველზეც ჩათვალა, რომ, სხდომის ოქმის გასაჩივრების სამდღიანი საპროცესო ვადის გასვლის გამო, სხდომის ოქმზე შენიშვნები დაუშვებელია და იგი განუხილველი უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც მენარდე _ შპს “მ.-....” ვალდებული იყო, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო _ აეშენებინა საცხოვრებელი სახლის კარკასი კედლების ბლოკებით შევსების გზით, გადაეხურა სახლი და ბათქაშით შეელესა კედლები, ხოლო შემკვეთს _ ა. გ-ძეს სანაცვლოდ უნდა გადაეხადა შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი). 2006 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ანაზღაურების წესზე, რომლის თანახმად დამკვეთი შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებას გადაიხდიდა თითოეულ კვ.მ-ზე 200 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულებამდე მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყდა შემკვეთის ინიციატივით იმ მოტივით, რომ შესრულებული სამუშაო ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარვეზებით შესრულების ფაქტის არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი უფლებას აძლევს შემკვეთს, 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების მოშლის შედეგად კი, ამავე კოდექსის 352-ე მუხლი ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას, ანუ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოებაც, რომ მენარდემ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, რაც მას აძლევს უფლებას, მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას (სამოქალაქო კოდექსის 638-ე მუხლი). ამავდროულად, მენარდე ვალდებულია, აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულების მოშლის შედეგად გამოწვეული ხარჯები, რაშიც უპირველესად იგულისხმება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო გაწეული ხარჯები. საკასაციო პრეტენზიას სწორედ შემკვეთის მიერ ნაკეთობის ნაკლის გამოსწორების გამო შესრულებული სამუშაოს ღირებულება წარმოადგენს, ანუ შემკვეთი უთითებს, რომ ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯები 25 000 აშშ დოლარის ღირებულებაა, ხოლო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ა. გ-ძის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების დასრულებისათვის 9 000 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო იქნა შესრულებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორს წარმოდგენილი არა აქვს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულა 371,5 კვ.მ სამუშაოს მოცულობა, რომლის ღირებულება ხელშეკრულებითვე თითოეული კვადრატული მეტრისათვის 200 აშშ დოლარია. შემკვეთს გადახდილი აქვს 48 500 აშშ დოლარი. სასამართლომ დაადგინა, რომ შემკვეთის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისთვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის დახარჯულ იქნა 9 000 აშშ დოლარი. სასამართლოს ეს დასკვნა ეყრდნობა მოსარჩელე მხარის _ შპს “მშენებელი-2007-ის” მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ამ ოდენობის სამუშაოთა ჩატარების აღიარებას. ა.გ-ძე სადავოდ ხდის რა ამ გარემოებას, უთითებს, რომ მის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისთვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის შესრულებულია 25 000 აშშ დოლარის სამუშაო, თუმცა არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივარში ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ემყარება საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც კასატორს სადავოდ არ გაუხდია და არც მისი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ კასატორს ექსპერტიზის დასკვნა სადავოდ არ გაუხდია და 2009 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე (ტ. 1, ს.ფ. 170-173) ექსპერტის დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამუშაოების შესრულებასთან მიმართებით დაადასტურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ დავაზე კასატორს შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება _ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის 25 000 აშშ დოლარის სამუშაოს შესრულების თაობაზე კანონით დადგენილი წესით არ დაუდასტურებია და, შესაბამისად, მისი მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისისა და 1 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.