Facebook Twitter

ას-889-837-2010 14 მარტი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. მ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ჭ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ჭ-ძემ მოპასუხე მ. მ-შვილის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2007 წლის 4 მაისს მოპასუხეს ასესხა 7000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით თვეში 3%-ის დარიცხვით. მოპასუხემ, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქუთაისში, ... გამზირის ¹17/48-ში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის ძირითადი თანხის სახით 7000 აშშ დოლარისა და პროცენტის სახით 210 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელი ბინის იძულებითი რეალიზაცია მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. მ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარისა და ყოველთვიურად 210 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა თანხის საბოლოო გადახდამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამარლოს გადაწყვეტილება მ. მ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2007 წლის 4 მაისს იპოთეკის ხელშეკრულებით რ. ჭ-ძემ მ. მ-შვილს ასესხა 7000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით თვეში 3%-ის დარიცხვით, რომლის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ. მ-შვილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა მდებარე ქუთაისში, ... გამზირის ¹17\48-ში.

პალატამ დამატებით განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, ნ. ჟ-იას, თ. ჟ-იასა და ნ. დ-იას ჩვენებებით ირკვევა, რომ მ. მ-შვილს რ. ჭ-ძისათვის გადახდილი აქვს 9600 აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცების ტვირთი აკისრია მოვალეს, ხოლო, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორის მიერ გაცემული ვალდებულების შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 9600 აშშ დოლარი, დაუსაბუთებელი იყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორის მტკიცებით, მას უკვე შესრულებული აქვს ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. 9600 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება წინააღმდეგობრივია, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ დასაბუთებაში მითითებულია: «პალატა დამატებით განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ნ. ჟ-იას, თ. ჟ-იასა და ნ. დ-იას ჩვენებებით ირკვევა, რომ მ. მ-შვილს რ. ჭ-ძისათვის გადახდილი აქვს 9600 აშშ დოლარი.» იმავე განჩინების სამართლებრივი შეფასების ნაწილში კი აღნიშნულია: «ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება სკ 429-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორის მიერ გაცემული ვალდებულების შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 9600 აშშ დოლარი, დაუსაბუთებელია.»

საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუკი სასამართლომ გარკვეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოვალემ კრედიტორს თანხა ან მისი ნაწილი გადაუხადა, აღნიშნული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას გამორიცხავს, ხოლო, თუ სასამართლოს მიაჩნდა, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ იყო, გაუგებარია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება განჩინებაში დადგენილად როგორ მიიჩნია.

აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის ასევე სადავო იყო როგორც გასესხებული თანხის ოდენობა, ისე საპროცენტო განაკვეთი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით არ შეიძლება დადგინდეს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობები, საპროცენტო განაკვეთი და მხარეთა უფლება-მოვალეობები, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილია წერილობით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს გარკვეული ოდენობის თანხის გადახდის მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენის შეუძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის მიხედვით, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასების გზით სრულყოფილად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს და დავა აღნიშნულის შესაბამისად გადაწყვიტოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.