ას-890-838-2010 9 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ჩ-ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. და დ. ყ-შვილები (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში), საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. და თ. ყ-შვილებმა სარჩელითYმიმართეს სასამართლოს მოპასუხე ი. ჩ-ძის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, დ. ყ-შვილი ცნობილ იქნეს თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე 35,36 კვ.მ-ის მესაკუთრედ, ხოლო თ. ყ-შვილი საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის შემდგომ, ცნობილ იქნეს ქ.თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე 26,89 კვ.მ-ის მესაკუთრედ შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, 1986 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში, ... ქ.23-ში (ყოფილი თოფურიძის ქუჩა) მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ი. ჩ-ძის თანდასწრებითა და თანხმობით, გაფორმდა ხელწერილი ნ. ყ-შვილსა (მოსრჩელეების დედა) და ფართის იმდროინდელ მოსარგებლე ტ. მ-ძეს შორის, საცხოვრებელი ფართის ორი ოთახის დათმობის თაობაზე. ხელწერილის თანახმად, ნ. ყ-შვილი ადრეც ფლობდა ორ ოთახს, მხოლოდ აღნიშნული ფართის დათმობაზე მესაკუთრესთან (ი. ჩ-ძე) არანარი ხელწერილი ან ხელშეკრულება არ შემდგარა. მოსარჩელეთა განმარტებით, სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდგომ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დარეგისტრირდნენ აღნიშნულ მისამართზე, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, ამჟამადაც ფლობენ გადაცემულ ფართს და ითვლებიან კეთილსინდისიერ მოსარგებლეებად, რის გამოც “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილება, ვინაიდან დედის გარდაცვალების შემდეგ, და-ძმამ გაიყვეს ფართები და სურთ აღნიშნულ ფართებზე მესაკუთრეებად ცნობა.
მოპასუხე ი. ჩ-ძემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და თვის მხრივ შეგებებული სარჩელით მოითხოვა დ. და თ. ყ-შვილების გამოსახლება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. და თ. ყ-შვილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ი. ჩ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. და თ. ყ-შვილებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით დ. და თ. ყ-შვილების სააპელაციო საჩიავრი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება დ. და თ. ყ-შვილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. და თ. ყ-შვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ყ-შვილი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე ი. ჩ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან მის მფლობელობაში არსებული 35,36 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ, ი. ჩ-ძისათვის 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ; თ. ყ-შვილი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე ი. ჩ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან მის მფლობელობაში არსებული 26,89 საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ, ი. ჩ-ძისათვის 3750 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
მხარეთა განმარტებებით, ტექნიკური აღრიცხვის მასალებითა და 2008 წლის 10 ოქოტმბრის ცნობა-დახასიათების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე სადავო ფართის მესაკუთრეა ი. ჩ-ძე;
მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა სარჩელში მითითებული გარემოება მასზე, რომ ქ. თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილის, დ. ყ-შვილის მფლობელობაში არსებული 35,36 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 20000 ლარს, ხოლო თ. ყ-შვილის სარგებლობაში არსებული 26,89 კვ.მ-ისა _ 15000 ლარს.
მოსარჩელეთა ოჯახი 1986 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ქ.¹23-ში მდებარე ი. ჩ-ძის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ ფართში და მითითებულ მისამართზე დღემდე უწყვეტად ფლობენ სადავო 35,36 კვ.მ-ს და 26,89 კვმ ფართს და იხდიან კომუნალურ გადასახადებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისიწნებული პირობები, რაც ცხადყოფდა, რომ ადგილი ჰქონდა საცხოვრებელის სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებას, სადაც მოსარგებლეს წარმოადგენდნენ დ. და თ. ყ-შვილები;
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე მითითებითა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ დ. და თ. ყ-შვილების ოჯახი 1986 წლიდან ფლობდა ი. ჩ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის იმ ოთახებსაც, რაც საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ტ. მ-ძემ 6000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ დაუთმო მის მეზობლადვე მცხოვრებ ნ. ყ-შვილს (მოსარჩელეთა დედას) და აღნიშნული დროიდან ყ-შვილები ფლობენ ამ ფართს, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ხელწერილში დაფიქსირებული ფაქტი და გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება მასზე, რომ თავდაპირველი მოსარგებლისაგან, ტ. მ-ძისაგან საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლება ყ-შვილების ოჯახს გადაეცა მესაკუთრესთან, ი. ჩ-ძესთან ზეპირი ფორმით დადებული გარიგებით.
ვინაიდან დ. ყ-შვილი წარმოადგენდა სადავო 35.36 კვ.მ ფართის, ხოლო თ. ყ-შვილი 26,89 კვ.მ-ის მოსარგებლეს, მესაკუთრე ი. ჩ-ძე კი სარჩელის არ ცნობით უარს აცხადებდა მათთვის თანხის გადახდაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიუთითებდა მესაკუთრის მიერ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების იძულებით გამოყენებაზე უარის თქმაზე, რაც თავისთავად იწვევდა ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით მოსარგებლისათვის მინიჭებული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას, რის გამოც დ. ყ-შვილის მოთხოვნა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ნაწილის გადახდის სანაცვლოდ, ამ ფართის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, თუმცა მოთხოვნა გადასახდელი თანხის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ით განსაზღვრის შესახებ დაუსაბუთებლად ჩათვალა და მიიჩნია, რომ დ. ყ-შვილი სადავო ფართის მესაკუთრედ უნდა ცნობილიყო, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 20000 ლარის 25%-ის _ 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
რაც შეეხება თ. ყ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ იგი დასაბუთებულად და საფუძვლიანად ჩათვალა და დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორ ფაქტობრივ გარემობებზე დააყრდნო თავისი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც მიიჩნია, რომ გარიგება საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის დათმობის თაობაზე უფლებამოსილ პირთა შორის შედგა, ვინაიდან მას, როგორც მესაკუთრეს, თანხმობა, აღნიშნულთან დაკავშირებით, არ განუცხადებია და ასეთ შემთხვევას ადგილი რომც ჰქონოდა, იგი უნდა გამყარებულიყო შესაბამისი მტკიცებულებებით და არა სავარაუდო ალბათობით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2008 წლის კომუნალური გადასახადების ქვითრები და არა 1986 წლიდან მოყოლებული გადახდის ქვითრები, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა და არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და, შესაბამისად, საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ი. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ ი. ჩ-ძეს დაუბრუნდეს ს. ჩ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.