ბს-1199-1026-კ-04 27 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-მა, ა. ზ-მა, რ. მ-მა და გ. ს-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მერიისა და მესამე პირის _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, დაბა წყნეთში, ..... ქ. ¹16-სა და ¹18-ში, ..... ქ. ¹49-სა და ..... ¹28-ში მდებარე სააგარაკო კოტეჯების საბინაო ფონდში ჩარიცხვის შესახებ.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 1989 წლიდან ცხოვრობდნენ დაბა წყნეთში მდებარე სააგარაკო კოტეჯებში ქალაქის ხელმძღვანელობის ზეპირი ნებართვის საფუძველზე, ვინაიდან სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნდათ. იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს და პატრონობდნენ აგარაკების მიმდებარე ტერიტორიას.
საქართველოში მიმდინარე პრივატიზების პროცესის შესაბამისად მიმართეს ადგილობრივ გამგეობას, რათა მოეხდინა მათ მიერ დაკავებული კოტების პრივატიზაცია მათ სახელზე, რაზედაც მიიღეს პასუხი, რომ აღნიშნული აგარაკები პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა. შემდგომში მათთვის ცნობილი გახდა, რომ ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს 1997 წელს ფარულად მოუხდენია აგარაკების პრივატიზაცია და მათ სარგებლობაში არსებული კოტეჯები შეიძინეს სხვა პირებმა. აღნიშნული პრივატიზების უკანონობა დასტურდებოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც გაუქმდა პრივატიზება და კოტეჯები დაუბრუნდა სახელმწიფოს. ამის შემდეგ მიმართეს ქ. თბილისის მერიას კოტეჯების საბინაო ფონდში ჩარიცხვის თაობაზე, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდებოდა კოტეჯების მათ სახელზე დაკანონება. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო წინააღმდეგი იყვნენ მათი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ანალოგიურ საკითხზე ქ. თბილისის მთავრობას 2002წ. 26 სექტემბერს მიღებული ჰქონდა ¹13.25.291 დადგენილება, რომლითაც დაბა წყნეთში მდებარე ერთ-ერთი აგარაკი ჩაირიცხა დაბა წყნეთის საბინაო ფონდში. მიაჩნდათ, რომ ქ. თბილისის მერიამ მათი მოთხოვნის არდაკმაყოფილებისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში, დაუშვებელი იყო სხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვდნენ სარჩელის დაკმაყოფილებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. მ-მა, ა. ზ-მა და რ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტები: ნ. მ-ი, ა. ზ-ი და რ. მ-ი სადავო სააგარაკო კოტეჯებში ცხოვრობდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული აგარაკები წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას და ირიცხებოდა ქ. თბილისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ბალანსზე, როგორც არასაცხოვრებელი ფართი. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლები ადგენდნენ სახელმწიფო ქონების გასხვისების წესებს. ქ. თბილისის საკრებულოს 2000წ. 28 ივლისის ¹11-8 გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ არასაცხოვრებელი ფონდის საცხოვრებელ ფონდში გადაცემა დაიშვებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფართი გატანილი იქნებოდა აუქციონზე და არ გასხვისდებოდა გასხვისება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნა ქ. თბილისის მერიისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების შესახებ, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სადავო აგარაკები გატანილი იყო აუქციონზე და არ მოხდა მათი გასხვისება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. მ-მა, ა. ზ-მა და რ. მ-მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის, ა. ზ-ის და რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ სადავო კოტეჯები წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს და მუნიციპალურ საკუთრებას. აღნიშნულ გარემოებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ კასატორების მოთხოვნებს წარმოადგენს სადავო კოტეჯების საბინაო ფონდში ჩარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოტივს იმის შესახებ, რომ ისინი 1989 წლიდან კანონიერი საფუძვლით ცხოვრობდნენ სადავო კოტეჯებში, ვინაიდან იმ დროისათვის მოქმედი “საბინაო კოდექსის” მე-60 მუხლის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელ სადგომზე ქირავნობის ხელშეკრულება იდებოდა წერილობით და გაიცემოდა შესაბამისი ორდერი. კასატორების მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა სადავო კოტეჯებზე გაცემული ქირავნობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, ხოლო ასეთად მიჩნეული ვერ იქნება კასატორების მიერ დასახელებული ზეპირი გარიგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კასატორები სადავო კოტეჯებს ფლობენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.
“სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანო, ხოლო პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.
“თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართობების ქ. თბილისის მერიის საცხოვრებელ ფონდში გადაცემის წესის შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2000წ. 28 ივლისის ¹11-8 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელ ფონდში შეიძლება გადაცემულ იქნეს არასაცხოვრებელი ფართობი, რომელიც გატანილი იყო აუქციონზე, კონკურსზე და არ გასხვისდა პრივატიზება. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დაბა წყნეთში, ... ¹16-სა და ¹18-ში, ... ქ. ¹49-სა და ... ქ. ¹28-ში მდებარე სააგარაკო კოტეჯები გატანილ იქნა საპრივატიზებოდ აუქციონზე და არ გასხვისდება. უფრო მეტიც, დადასტურებულია, რომ აღნიშნული აგარაკების პრივატიზება განხორციელდა იჯარა-გამოსყიდვის წესით, მაგრამ შემდგომში იგი გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ქ. თბილისის მერიას უფლება არ ჰქონდა, საქმის გარემოებათა იდენტურობის გამო, უარი ეთქვა მათთვის სადავო კოტეჯების საბინაო ფონდში ჩარიცხვაზე, რადგან მას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება დაბა წყნეთში, ... მდებარე 45-ე სააგარაკო კოტეჯის დაბა წყნეთის საბინაო ფონდში ჩარიცხვაზე.
საკასაციო პალატა კასატორთა ყურადღებას მიაქცევს მათ მიერ დასახელებულ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის დასახელებასა და შინაარსზე. აღნიშნული ნორმის დასახელებაა _ კანონის წინაშე თანასწორობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სხვა მხარესთან თანასწორობა მოითხოვოს კანონის საფუძველზე. მისი მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს შესაბამასი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ უნდა დაირღვეს კანონიდან გამომდინარე, მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ზემომითითებული ქ. თბილისის საკრებულოს 2000წ. 28 ივლისის ¹11-8 გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხვას ითვალისწინებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც არასაცხოვრებელი ფართი გატანილი იქნება საპრივატიზებოდ და არ მოხდება მისი გასხვისება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მთავრობამ 2002წ. 26 სექტემბრის ¹13.25.291 დადგენილებით საბინაო ფონდში ჩარიცხა დაბა წყნეთში, ... მდებარე 45-ე სააგარაკო კოტეჯი, არ აძლევს კასატორებს მათ მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის საბინაო ფონდში ჩარიცხვის მოთხოვნის უფლებას ზაკ-ის მე-4 მუხლის საფუძველზე, ვინაიდან მათი მოთხოვნა არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მთავრობამ 26.09.02 ¹13.25.291 დადგენილება მიიღო გამონაკლისის სახით, რაც გამორიცხავს მათ თანასწორობას კანონის წინაშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ზ-ის, ნ. მ-ისა და რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის განჩინება;
3. კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.