საქმე ¹ას-894-1180-09 22 იანვარი, 2010 წ.
ქ.თბილისი სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი _ ლ.ს-ძე
კასატორი _ შ. ჩ-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ა. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ნ-ძე-ჩ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ნ-ძე-ჩ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ჩ-ძის მიმართ ქ.ქუთაისში, ... ქ¹2/15-ში მდებარე უძრავი ქონების 2/3-ის, ამავე მისამართზე მდებარე ავტოფარეხის 1/2-ის, ქ.სამტრედიაში, ...... ქ¹35-ში მდებარე შპს “დ.-ს” სახელზე რიცხული უძრავი ნივთის 1/2-სა და 1990 წელს გამოშვებული ,,იკარუს 250-ის” მარკის ავტობუსის 1/2-ის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1997 წლის 2 ოქტომბრიდან 2007 წლის 2 მაისამდე მხარეები იმყოფებოდენენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი _ თ. ჩ-ძე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შ. ჩ-ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა. მხარეთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო ისინი ქორწინების პერიოდში შეძენილი საერთო ქონების გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, რა მიზეზითაც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ აქამდეც მიმართა სასამართლოს ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2/17-ში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნით, რაზეც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული. რაც შეეხება დანარჩენი ქონების გაყოფას, სადავო ნივთები შ. ჩ-ძემ შეიძინა ქორწინებამდე არსებული დანაზოგით, რის გამოც მათზე მეუღლეთა თანასაკუთრება ვერ გავრცელდება. უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა შპს “დ.-ს” კუთვნილი ნივთის გაყოფის თაობაზე, ვინაიდან ამჟამად შპს “დ.-ს” უფლებამონაცვლეა შპს “გ.-ი”, რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრეც მოსარჩელეა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შ. ნ-ძე-ჩ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, ... ქ¹2/15-ში მდებარე უძრავი ნივთის 1/2-ის თანამესაკუთრედ, ავტოფარეხიდან და “იკარუს 250-ის” მარკის ავტობუსიდან წილის გამოყოფის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქ.სამტრედიაში, ...... ქ¹35-ში მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შ. ნ-ძე-ჩ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ნ-ძე-ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქ.ქუთაისში, ... ქ¹2/15-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ შ.ნ-ძე-ჩ-ძის ცნობისა და “იკარუს 250-ის” მარკის ავტობუსის 1/2 წილის მესაკუთრედ აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, შ. ნ-ძე-ჩ-ძე ცნობილ იქნა ქ.ქუთაისში, ... ქ¹2/15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/3-ის მესაკუთრედ, 26,4 კვ.მ ავტოფარეხის 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება აპელანტის მიერ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, მოსარჩელე ასევე აღიარებულ იქნა შ.ჩ-ძის სახელზე რეგისტრირებული “იკარუს 250-ის” მარკის ავტობუსის 1/2-ის მესაკუთრედ შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეთა განქორწინების მოწმობის თანახმად, შ. ნ-ძე-ჩ-ძისა და შ. ჩ-ძის ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა დარეგისტრირდა 2007 წლის 2 მაისს. დაბადების მოწმობის მიხედვით, 1998 წლის 31 აგვისტოს შ. ნ-ძე-ჩ-ძესა და შ. ჩ-ძეს შეეძინათ შვილი თ. ჩ-ძე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ძეს, არასრულწლოვანი შვილის _ თ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი თვეში 150 ლარის ოდენობით. ქ.ქუთაისის მერიის „ქალაქ მუზეუმის ტერიტორიული ორგანოს” მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, შ. ნ-ძე-ჩ-ძე და თ. ჩ-ძე რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობენ ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2\15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2\15-ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილია შ. ნ-ძე-ჩ-ძისა და შ. ჩ-ძის ქორწინების პერიოდში _ 1998 წლის 16 ნოემბერს. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2\15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შ. ჩ-ძის მიერ ნ. ჩ-ძისათვის ჩუქების ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ქ.ქუთაისში ... ქ.¹2\15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი კვლავ ირიცხება ნ. ჩ-ძის საკუთრებად. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენით დადგენილია, რომ “იკარუს 250-ის“ მარკის ავტობუსი დღეისათვის შ. ჩ-ძის მფლობელობაში აღარ არის, იგი მიითვისა შ. ჩ-ძე-ნ-ძის ძმამ, გ. ნ-ძემ, რომელმაც მესაკუთრის ნებართვის გარეშე გაასხვისა ნივთი და მიღებული თანხა მიითვისა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ქ.სამტრედიაში, ...... ქ.¹35-ში მდებარე უძრავი ქონება 1999 წლის 14 მაისიდან ირიცხება შპს „დ.-ს“ სახელზე. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 ივლისის დადგენილების საფუძველზე შპს „დ.-ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „გ.-ი“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 26 ნოემბრის ¹02/695 ბრძანების საფუძველზე, 2007 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება შპს „გ.-ის“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში და შ. ნ-ძე-ჩ-ძე ცნობილ იქნა საზოგადოების 50%-ის მესაკუთრედ. პალატამ მიიჩნია, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლით, მაგრამ არასწორად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მეუღლეთა თანასაკუთრების განსაზღვრისას, შესაძლებელია სასამართლომ ერთ-ერთ მეუღლეს, რომელთანაც შვილი აღსაზრდელად რჩება, მეტი წილი მიაკუთვნოს. პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნორმამ უპირატესად არასრულწლოვანი შვილების ინტერესები გაითვალისწინა, რათა არასრულწლოვანს ნორმალურ პირობებში აღზრდისათვის სათანადო საბინაო პირობები გააჩნდეს. პალატამ მიიჩნია, რომ შ. ნ-ძე-ჩ-ძე ცხოვრობს რა არასრულწლოვან შვილთან ერთად და სადავო უძრავი ქონების გარდა მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნა ქ.ქუთაისში, ... ქ.¹32\15-ში მდებარე უძრავი ქონებიდან 2\3-ის მიკუთვნების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ, ვინაიდან სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენით დადგინდა ფაქტობრივი გარემოება შ. ჩ-ძე-ნ-ძის ძმის _ გ. ნ-ძის მიერ „იკარუს 250“ მარკის ავტობუსის მითვისების, მესაკუთრის ნებართვის გარეშე გასხვისებისა და მიღებული თანხის მითვისების შესახებ, აღნიშნული ვერ წარმოშობდა ამ ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის მოთხოვნის უფლებას და არარსებულ ქონებაზე წილის განსაზღვრის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა. პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შ. ჩ-ძის სახელზე რეგისტრირებულ “იკარუს 250-ის“ მარკის ავტობუსზე შ. ნ-ძე-ჩ-ძის თანასაკუთრების აღიარების გარეშე მხარე ვერ განახორციელებს ზიანის ანაზღაურების თაობაზე კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ავტობუსის 1\2-ის თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუქმდა, ამავე კოდექსის 180-ე და სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაკმაყოფილდა და შ. ნ-ძე-ჩ-ძე აღიარებულ იქნა სადავო ავტობუსის 1\2-ის მესაკუთრედ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება სარჩელზე ქ.სამტრედიაში, ...... ქ.¹35-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მითითებულ მისამართზე ფიზიკური პირის _ შ. ჩ-ძის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება არ არსებობს, რაც გამორიცხავს ამ კუთხით დავის განხილვისა და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2\15-ში მდებარე 26.4 კვ.მ ავტოფარეხის 1\2-ის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარეც დაეთანხმა, ამდენად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში სააპელაციო საქმის წარმოება შეწყვიტა და მხარეებს განუმარტა, რომ მათ ერთმევა უფლება, ამ ნაწილში კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2\15-ში მდებარე უძრავი ქონებისა და საცხოვრებელი სახლის 2\3 წილის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით. არსებობს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოარკვია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის გაყოფის შესახებ შ. ნ-ძე-ჩ-ძის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებულია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობის გამო, მოთხოვნა დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილდების ნაწილში შ. ჩ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა ა. ბ-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლით, როდესაც ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2/15-ში მდებარე სახლიდან მოწინააღმდეგე მხარეს გამოუყო 2/3 წილი. პალატას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი მეუღლეთა წილების თანაფარდობა დაერღვია, რადგან შ.ნ-ძე-ჩ-ძესთან ცხოვრობს მხოლოდ ერთი ბავშვი, მოსარჩელე შრომისუუნარო არ არის, კასატორს ოჯახის ინტერესების საზიანოდ საერთო ქონება არ დაუხარჯავს. იგი ყოველთვის თანახმა იყო, მეუღლეთა ქონების ნახევარი შ.ნ-ძე-ჩ-ძეს დარჩენოდა, რაც იმით დასტურდება, რომ მოსარჩელე ბავშვთან ერთად ამჟამადაც სადავო ბინაში ცხოვრობს. მოწინააღმდეგე მხარე არ აძლევს კასატორს კუთვნილი ბინით სარგებლობის შესაძლებლობას, რითაც ილახება ამ უკანასკნელის კონსტიტუციური უფლებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კასატორს 1989 წლიდან, როცა შ.ნ-ძე მისი მეუღლე არ იყო, ჰყავს ნაშვილები შვილი. სასამართლო სადავო ქონების გაყოფისას შ.ნ-ძე-ჩ-ძისათვის მეტი წილის მიკუთვნების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბავშვს ნორმალური აღზრდისათვის მშობლისაგან ცალკე ფართი ესაჭიროება, თუმცა აღნიშნული მოსაზრება სათანადოდ დასაბუთებული არ არის. კასატორმა არაერთხელ შესთავაზა ყოფილ მეუღლეს სადავო ბინის მათ საერთო ბავშვზე გადაფორმება, თუმცა შ.ნ-ძე-ჩ-ძე არ დასთანხმდა, რადგან მას სურს თავის სახელზე აღრიცხოს და შემდეგ შვილის სრულწლოვანებამდე გაასხვისოს ბინა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, რის შედეგად იგი განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. 1998 წლის 15 იანვრიდან კასატორი პენსიონერია და სადავო უძრავ-მოძრავი ქონება შეძენილი აქვს ქორწინებამდე შეგროვილი დანაზოგით. აღსანიშნავია, რომ შ.ნ-ძე-ჩ-ძე სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხული არ არის და აღნიშნული არც მოუთხოვია. “იკარუს 250-ის” მარკის ავტობუსის თანამესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის შესახებ საკითხის განხილვისას სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი. შ.ნ-ძე-ჩ-ძის ძმა _ გ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, გ.ნ-ძე შ. ჩ-ძის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ფლობდა სადავო ავტობუსს, თუმცა არ გააჩნდა ნივთის გასხვისების უფლებამოსილება. აღნიშნულის მიუხედავად, გ.ნ-ძემ მესაკუთრესთან შეუთანხმებლად გაასხვისა ავტობუსი და მიღებული თანხა მიითვისა, რის შესახებაც შ.ნ-ძე-ჩ-ძისათვის ცნობილი იყო. სისხლის სამართლის საქმის განხილვისას იგი დაიკითხა მოწმის სახით და განმარტა, რომ მისმა ძმამ კანონიერად გაასხვისა ეს ქონება. მითითებული დანაშაული მოხდა 2005 წლის მაისში, სარჩელი კი სადავო ავტობუსის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მხარემ შეიტანა 2008 წლის 22 ოქტომბერს, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. 2009 წლის 13 თებერვლამდე მოსარჩელე ცდილობდა, ძმისათვის პასუხისმგებლობის აცილებას, მაგრამ განაჩენის გამოტანის შემდეგ კასატორს პრეტენზია წარუდგინა არარსებულ ნივთთან დაკავშირებით, რომლის უკანონო გასხვისებაში თავად იღებდა მონაწილეობას. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ავტობუსის გასხვისებით შ.ნ-ძე-ჩ-ძეს ზიანი მიადგა. სააპელაციო პალატამ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, როდესაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარა ავტობუს “იკარუს 250-ზე” შ.ნ-ძე-ჩ-ძის თანასაკუთრება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შ.ნ-ძე-ჩ-ძეს აღიარებითი სარჩელი არ აღუძრავს, არამედ იგი მოითხოვდა სადავო ნივთის არარსებულ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობას. სასამართლომ უკანონოდ მიუთითა აპელანტისათვის სამომავლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე, ვინაიდან შ. ჩ-ძეს შ.ნ-ძე-ჩ-ძისათვის ზიანი არ მიუყენებია. მეტიც, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, შეეცვალა აპელანტის მოთხოვნა და საკუთარი ინიციატივით განემარტა აპელანტისათვის, თუ რა უნდა მოეთხოვა მას სამომავლოდ. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნდა არც მოძრავი ნივთის სარგებლის მოთხოვნის უფლება, რადგან არარსებულ ქონებაზე წილის განსაზღვრა დაუშვებელია, ამასთან, დადგენილია, რომ სადავო ავტობუსის გასხვისებით კასატორს არანაირი სარგებელი არ მიუღია, პირიქით იგი დაზარალდა კიდეც.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და სადავოს არ წარმოადგენს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1998 წლის 31 აგვისტოს შ. ნ-ძე-ჩ-ძესა და შ. ჩ-ძეს შეეძინათ შვილი თ. ჩ-ძე. მათი ქორწინების რეგისტრაცია შეწყდა 2007 წლის 2 მაისს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ძეს, არასრულწლოვანი შვილის _ თ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი თვეში 150 ლარის ოდენობით. შ. ნ-ძე-ჩ-ძე და თ. ჩ-ძე რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობენ ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2\15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2\15-ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილია შ. ნ-ძე-ჩ-ძისა და შ. ჩ-ძის ქორწინების პერიოდში _ 1998 წლის 16 ნოემბერს. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენით დადგენილია, რომ “იკარუს 250-ის“ მარკის ავტობუსი დღეისათვის შ. ჩ-ძის მფლობელობაში აღარ არის, იგი მიითვისა შ. ჩ-ძე-ნ-ძის ძმამ, გ. ნ-ძემ, რომელმაც მესაკუთრის ნებართვის გარეშე გაასხვისა ნივთი და მიღებული თანხა მიითვისა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ქ.სამტრედიაში, ...... ქ.¹35-ში მდებარე უძრავი ქონება 1999 წლის 14 მაისიდან ირიცხება შპს „დ.-ს“ სახელზე. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 ივლისის დადგენილების საფუძველზე შპს „დ.-ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „გ.-ი“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 26 ნოემბრის ¹02/695 ბრძანების საფუძველზე, 2007 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება შპს „გ.-ის“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში და შ. ნ-ძე-ჩ-ძე ცნობილ იქნა საზოგადოების 50%-ის მესაკუთრედ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ძისა და მის წარმომადგენელ ავ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შ. ნ-ძე-ჩ-ძის ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2/15-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 2/3 წილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებასა და დასკვნას შ. ნ-ძე-ჩ-ძის “იკარუს 250-ის” მარკის ავტობუსის 1/2 წილის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:
სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შ. ჩ-ძის საკუთრებაში აღრიცხული ავტობუს “იკარუს 250” მხარეთა ქორწინებაში ყოფნის პერიოდშია შეძენილი. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირის თანასაკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქორწინებაში ყოფნისა და სადავო ნივთის ამ პერიოდში შეძენის ფაქტი. ამდენად, სრულიად დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სადავო ავტობუსი შეძენილია მის მიერ, მისი სახსრებით და მოწინააღმდეგე მხარეს მასზე რაიმე უფლება არ გააჩნია.
ასევე ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული საკასაციო პრეტენზია, რომ სადავო “იკარუს 250-ის“ მარკის ავტობუსი მიითვისა რა შ. ჩ-ძე-ნ-ძის ძმამ, გ. ნ-ძემ, მესაკუთრის ნებართვის გარეშე გაასხვისა იგი, რაზედაც აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში შ. ნ-ძე-ჩ-ძეს თანასაკუთრებაზე პრეტენზია არ განუცხადებია და, შესაბამისად, დაზარალებულად ცნობა არ მოუთხოვია. დასახელებული გარემოება თანასაკუთრების უფლების მოთხოვნაზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა პირს უფლებას აძლევს, და არა ავალდებულებს, მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების დაცვა და, შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენა მთლიანად პირის ნებაზეა დამოკიდებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას შ. ნ-ძე-ჩ-ძის უძრავ ნივთზე 2/3 წილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
გაუქმებულ ნაწილში მოცემული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _ თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას. მოცემული დავის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლომ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს გადაუხვია, რაც დაასაბუთა იმით, რომ შ. ნ-ძე-ჩ-ძესთან ცხოვრობს მისი არასრულწლოვანი შვილი და მათ, გარდა სადავო უძრავი ქონებისა, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
ზემოთ აღინიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ პირის (მეორე მეუღლის) თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს _ შემცირდეს. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერ ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და მის ნორმალურ აღზრდას ხელს უშლის. ამდენად, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ არასრულწლოვანი შვილი და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით ისე განუსაზღვრა შ. ნ-ძე-ჩ-ძეს უძრავ ქონებაზე 2/3 წილი, რომ არ მიუთითებია, თუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე დააყრდნო ამ მუხლის გამოყენების საჭიროება. სასამართლო არ უთითებს, მოდავე მხარეთა თანასაკუთრების თანაბრად გაყოფა რა გავლენას ახდენს არასრულწლოვანი შვილის ინტერესზე, ან მის ნორმალურ პირობებში აღზრდაზე. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის ძალითაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებული ნორმის გამოყენებისას დასაბუთებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც ადასტურებენ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისასგან გადახვევის აუცილებლობას.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს უძრავ ნივთთან მიმართებით მეუღლეთა წილის განსხვავებული წესით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობები და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ჩ-ძისა და მის წარმომადგენელ ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება შ. ნ-ძე-ჩ-ძის ქ.ქუთაისში, ... ქ.¹2/15-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 2/3 წილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.