Facebook Twitter

ას-894-842-2010 8 ნოემბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა მ. მ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მ. მ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის ნაბეჭდი ფორმით წარმოდგენა, ასევე დღეის მდგომარეობით შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების ან 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

2010 წლის 1 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. მ-ძემ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ განმეორებითი შუამდგომლობით. განმცხადებელი კვლავ ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო და დადებით შემთხვევაში დამატებით 10 დღის ვადის მიცემას საკასაციო საჩივრის ნაბეჭდი ფორმით წარმოსადგენად.

საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, შეამოწმა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა მ. მ-ძის შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მისი გათავისუფლების შესახებ, მიიჩნია, რომ კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მისი ქონებრივი მდგომარეობის გამო სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით კასატორის განმეორებითი შუამდგომლობა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ კვლავ არ დაკმაყოფილდა. მ. მ-ძის მიერ 2010 წლის 1 ნოემბერს წარმოდგენილ განცხადებაში შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებაზე ემყარება იმავე საფუძვლებს, რაც საკასაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში უკვე შეაფასა და არ მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის საკმარისად დასაბუთებულ საფუძვლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ არ არის დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძვლების არსებობა, საკასაციო საჩივრის დადგენილი ხარვეზი არ არის შევსებული დანიშნულ ვადაში, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.