Facebook Twitter

საქმე ¹ას-899-1185-09 26 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორი _ ბ. ფ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ რ. ფ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ს.” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ.მ-ძე, მ.ზ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,ს.” სარჩელი აღძრა ბ. ფ-ძის მიმართ ზიანის 11915 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა სააქციო საზოგადოების ყოფილ თანამშრომელთა სარჩელი საზოგადოების მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, რა დროსაც საზოგადოების წარმომადგენელ ბ. ფ-ძეს არაერთხელ დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნულის გამო რამდენიმე სასამართლო სხდომა გადაიდო, თუმცა ბ.ფ-ძეს სასამართლოს დავალება არ შეუსრულებია, რითაც დაარღვია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 56.3 და 56.4 მუხლები. ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სს ,,ს.” დაეკისრა 12600 ლარის გადახდა. ბ.ფ-ძის განმარტებით, იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, რადგან გაემგზავრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, რაც სასამართლომ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, ბ.ფ-ძის მიერ სადავო დოკუმენტაციის წარუდგენლობამ და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობამ მოსარჩელეს ზიანი მიაყენა, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ სადავო სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით მას რაიმე დოკუმენტაცია არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ვერც სასამართლოს ვერ წარუდგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას სს ,,ს.” არანაირი ზიანი არ მიუყენებია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სს ,,ს.” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ს.” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სს “ს.” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ.ფ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12600 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ფ-ძე სს „ს.“ დირექტორად მუშაობდა 2003 წელს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 17 აპრილის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს.“ ყოფილი თანამშრომლების _ ნ.გ-იას, ა.ხ-იანის, გ.დ-ძის, რ.ბ-ძის, ბ.ა-ძის, ლ.ს-ძის, ნ.უ-ძის, ე.ბა-ძისა და ნ.შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „ს.“ მათ სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის, სამივლინებო და საშვებულებო თანხების ანაზღაურება 12600 ლარის ოდენობით. სს “ს.“ სარჩელით მოითხოვდა საზოგადოების ყოფილი დირექტორის ბ. ფ-ძისაგან ზიანის ანაზღაურებას იმ მოტივით, რომ მან, როგორც დირექტორმა, არაკეთილსინდისიერი ქმედებით საზოგადოებას მიაყენა ზიანი. სააპელაციო პალატამ მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებაზე მითითებით და მიიჩნია, რომ მათი ხელახლა დადგენა ან კანონიერების შემოწმება მის კომპეტენციაში არ შედის. საზოგადოების ყოფილი თანამშრომლების მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში სააქციო საზოგადოების ინტერესს თავად დირექტორი ბ.ფ-ძე იცავდა. სასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე სამჯერ გადაიდო, რადგან ბ.ფ-ძემ იშუამდგომლა სარჩელში მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელ დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე. პალატამ ასევე დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე დათქმულ დროს სააქციო საზოგადოების დირექტორი არ გამოცხადდა, მომდევნო დღეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩანიშნულ პროცესზე მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების გამო. სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება სარჩელის ხანდაზმულად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მოსარჩელის მითითებით, მას მიადგა ზიანი 2003 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მხარემ აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით კი სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2007 წლის 11 ივლისს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადის დაცვით. პალატამ მიიჩნია, რომ დავა ყოფილ დირექტორსა და საზოგადოებას შორის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა მოწესრიგდეს. სასამართლომ იხელმძღვანელა მითითებული კანონის 56.1, 56.4 და 9.7 მუხლებით და მიიჩნია, რომ დასახელებული ნორმები ითვალისწინებს საზოგადოების დირექტორის ვალდებულებას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აანაზღაუროს საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს.“ სხვა პირთა სასარგებლოდ დაეკისრა რა 12600 ლარის გადახდა, საზოგადოების ქონება დასახელებული ოდენობით შემცირდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია გამოუცხადებელი მოპასუხის მიერ საქმისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდი და მის წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნის აღიარება, რომელიც გამოუცხადებელი მხარისათვის ერთგვარი სანქციაა. პალატამ მიიჩნია, რომ სს „ს.” დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, ამდენად, საზოგადოების დირექტორი ვალდებული იყო, სრულფასოვნად დაეცვა საზოგადოების ინტერესები, თავად გამოცხადებულიყო სხდომაზე ან უზრუნველეყო მასში საზოგადოების წარმომადგენლის მონაწილეობა. სს “ს.“ მიერ მოსარჩელეთა მოთხოვნის მთლიანად, ან ნაწილობრივ გაზიარების შემთხვევაში, საზოგადოება ცნობდა სარჩელს ან დაასრულებდა დავას მორიგებით, რაც მას დამატებით ხარჯებს აარიდებდა. აღნიშნული საპროცესო მოქმედება სს „ს.“ არ განუხორციელებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მხარე სარჩელს არ ეთანხმებოდა. კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ სს „ს.“ დირექტორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა მიიჩნია რა არასაპატიოდ, ბ. ფ-ძეს სს „ს.“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზი არ გააჩნდა. იგი მოქმედებდა განზრახ, ბრალეულად და აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.7 მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საწარმოს ინტერესებთან თავის ქმედებათა შესაბამისობის მტკიცების ტვირთი ბ.ფ-ძეს ეკისრებოდა, იგი მოვალე იყო, გარკვეული მტკიცებულებებით უარეყო საზოგადოებისათვის წარდგენილი ბრალდებები. მოპასუხეს კი არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების წარდგენის ან ზეპირი განმარტებით თავისი, როგორც დირექტორის კეთილსინდისიერება არ დაუსაბუთებია. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს საკუთარი ინტერესების განხორციელებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. ფ-ძის წარმომადგენელმა რ. ფ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, მე-4, 102-ე მუხლების მოთხოვნები და არასწორად განსაზღვრა დავის როგორც საგანი, ისე საფუძველი, რადგან სს “ს.” სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხისათვის 11915 ლარის დაკისრება, ხოლო სარჩელი ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 12600 ლარის გადახდა, რაც საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევაზე მეტყველებს. “ს.” ყოფილმა თანამშრომლების სახელფასო დავალიანების საზოგადოებისათვის დაკისრების მოთხოვნით სარჩელზე საქმის განხილვა დაინიშნა 2003 წლის 2 აპრილს, რა დროსაც ორგანიზაციის ინტერესებს იცავდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ი.დ-ძე. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ საქმის განხილვა მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე, ბ.ფ-ძის შუამდგომლობის გამო, გადაიდო, ვინაიდან ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა ი.დ-ძემ. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე ინფორმირებული იყო სს “ს.” დირექტორი ბ.ფ-ძე და წარმომადგენელი ი.დ-ძე. ბ.ფ-ძე საქმის განხილვაზე საპატიო მიზეზით, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე გამგზავრების გამო, არ გამოცხადდა. სს “ს.” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელით სარჩელი შეიტანეს პირებმა, რომელთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება. არასათანადო მხარეს წარმოადგენს ბ.ფ-ძეც, რადგან დავაში, რომელზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, საზოგადოებას წარმოადგენდა მაშინდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ი.დ-ძე და პრეტენზია უნდა წარდგენოდა მას. პალატამ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ, საქმის მასალებით, სადავო სხდომაზე არც საზოგადოების წარმომადგენელი ი.დ-ძე არ გამოცხადდა. სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15, 56.3 და 56.4 მუხლები, როდესაც სასარჩელო ხანდაზმულობაზე მსჯელობისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები. პალატამ საერთოდ არ იმსჯელა სადავო ურთიერთობის სამოქალაქო კოდექსის 992-1008-ე მუხლის მეშვეობით გადაწყვეტის მოთხოვნაზე. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საზოგადოებას ზიანი მიადგა 2003 წლის 17 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 11 ივლისს, შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2003 წლის 17 აპრილს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საკითხი სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაედგინა. დირექტორთან ერთად საზოგადოებას ჰყავდა წარმომადგენელი, რომელიც ასევე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რაც ადასტურებს ბ.ფ-ძის მიერ საზოგადოების წარმომადგენლის დანიშვნის დროულად უზრუნველყოფის ფაქტს. სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 56.3 და 56.4 მუხლები, როდესაც ბ.ფ-ძის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ და განზრახ ბრალეულად ჩათვალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან გასაჩივრებულები გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა მდგომარეობს შემდეგში:

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია, სააქციო საზოგადოების დირექტორის არაკეთილსინდისიერი და დაუდევარი მოქმედების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დირექტორის ამგვარი მოქმედება გამოიხატა იმაში, რომ სააქციო საზოგადოების წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განსახილველად დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მისი, როგორც საზოგადოების წარმომადგენლის _ დირექტორის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საზოგადოებას დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხის გადახდა.

უპირველესად, საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის უხეშ დარღვევაზე. აღნიშნული ნორმით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მოცემულ დავაში მოსარჩელე ითხოვდა (და საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვაზეც დაადასტურა) მოპასუხისათვის 11 915 ლარის დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით მოპასუხეს დააკისრა 12 600 ლარი, რითაც კანონდარღვევით გასცდა სასარჩელო მოთხოვნას.

სააპელაციო სასამართლომ თავისი დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დააყრდნო იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ს.” დაეკისრა 12 600 ლარის გადახდა. ამ ფაქტობრივი გარემოებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზიანის არსებობა. ზიანის ცნებას სამეწარმეო სამართალი არ იცნობს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ის ნორმები, რომელიც აწესრიგებს ზიანის ანაზღაურების წესს. ზიანის ანაზღაურების წესზე სამოქალაქო კოდექსის დანაწესების ანალიზიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურებისთვის, როგორც წესი, 0.აუცილებელია ოთხი კომპონენტის არსებობა: თვით ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის. ამდენად, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას უტყუარად უნდა დადგინდეს ზემოაღნიშნული ოთხივე წინაპირობის არსებობა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას “მეწარმეთა შესახებ” კანონის 56.3 და 56.4 მუხლებით დავის სამართლებრივი შეფასების თაობაზე. აღნიშნული ნორმებით, სააქციო საზოგადოებას სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში წარმოადგენენ დირექტორები. დირექტორები არ შეიძლება იყვნენ სასამართლოში წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ მათ წინააღმდეგ სარჩელი შეტანილია ამ საზოგადოების მიერ. დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი. დირექტორები პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი საქმეს უძღვებოდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ამავე კანონის 9.6 მუხლის თანახმად, სააქციო საზოგადოების დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ სააქციო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ორგანოების (აქციონერთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო) კანონშესაბამისი ხელმძღვანელობითი და მაკონტროლირებელი საქმიანობით. უდავოა, რომ სააქციო საზოგადოების დირექტორს თავის მოვალეობათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, ამავდროულად, დავის შემთხვევაში ზუსტად უნდა გაირკვეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი _ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა უშუალოდ ზიანი. დირექტორის არამართლზომიერი ქმედება ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველს განეკუთვნება ე.წ კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს _ მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა).

საგულისხმოა, რომ კანონი ითვალისწინებს რა დირექტორის პასუხისმგებლობას ვალდებულების დარღვევისათვის, ამავდროულად ადგენს სოლიდარულ პასუხისმგებლობასაც იმ უფლებამოსილი პირების _ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ, თუკი ისინი დირექტორებთან ერთად ღებულობდნენ მონაწილეობას საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებაში. კანონი სააქციო საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს განიხილავს, როგორც საზოგადოების ძირითადი ორგანოს, ამომწურავად განსაზღვრავს მის კომპეტენციას და სხვა მის მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად სწორედ მას აკისრებს საზოგადოების დირექტორების დანიშვნისა და მათი გამოწვევის უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა კანონით პირდაპირ დაკისრებული აქვს დირექტორს, მისი ამ საქმიანობის სათანადოდ განუხორციელებლობა არ გამორიცხავს სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობას უმოქმედობისათვის, თუკი მისთვის ცნობილი იყო დირექტორის არამართლზომიერი ქმედების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ მიმართებით სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ვინაიდან თვით სააქციო საზოგადოების სარჩელით და საქმეში წარმოდგენილი მხარეთა არა ერთი განმარტებებით დადგენილია, რომ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის მიმდინარეობისა და ამავე დავაში საზოგადოების მიერ სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებათა (სარჩელის საწინააღმდეგო მტკიცებულებათა) წარდგენის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე მითითებულია საზოგადოების 2007 წლის 1 მაისის სასარჩელო განცხადებაში, სადაც მოსარჩელე საზოგადოება უთითებს, რომ საზოგადოების ყოფილ თანამშრომლებთან მიმდინარე დავაზე დანიშნული სასამართლო სხდომა საზოგადოების დირექტორის ბ.ფ-ძისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ი.დ-ძის შუამდგომლობით, არა ერთხელ იქნა გადადებული სარჩელის საწინააღმდეგო მტკიცებულებათა წარმოსადგენად. ამდენად, მხარეც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სასამართლო დავის თაობაზე ცნობილი იყო არა მარტო ბ.ფ-ძისათვის, რაც არ გამორიცხავს უფლებამოსილ პირთა სოლიდარული პასუხისმგებლობის არსებობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს უტყუარად არ დაუდგენია ზიანის არსებობის ფაქტი. როგორც ირკვევა, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია სააქციო საზოგადოებაში მომუშავე პირთა მოთხოვნები მიუღებელი ხელფასების, სამივლინებოდ და საშვებულებო თანხების ანაზღაურების თაობაზე. საზოგადოება განსახილველი სარჩელით აღიარებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც 12600 ლარის გადახდაა დაკისრებული, 1000 ლარის დაკისრების ნაწილში არ არის სწორი. ამავე სარჩელით საზოგადოება უარყოფს და ზიანად მიიჩნევს 11915 ლარის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნდა სათანადო მტკიცებულებები გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების არარსებობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ ისე გაიზიარა სარჩელის ეს საფუძველი, რომ არ დაუსაბუთებია, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა სასამართლოს რწმენა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულების არარსებობის თაობაზე. ამავდრულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი დირექტორის მიერ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა ვალდებულების დარღვევაა და მან პასუხი უნდა აგოს ამ მოქმედებისათვის, თუმცა იმ ფარგლებში, რა ფარლებშიც ზიანი მიადგა საზოგადოებას. ამასთან, უტყუარად უნდა გამოირიცხოს დაზარალებულის ბრალის არსებობაც.

დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ საზოგადოების დირექტორის ვალდებულებაა, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აანაზღაუროს საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი. ამასთან, სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას, რადგან ივარაუდება, რომ ყველა ქცევა კეთილსინდისიერია (კეთილსინდისიერების პრეზუმფცია).

ამდენად, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული საკითხები და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.