ას-899-847-2010 16 დეკემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. საილაგაძე, ლ. მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “ე. ჯ.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-ავა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 6 თებერვალს ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ა-ავამ მოპასუხე სს “ე. ჯ.-ს” დასავლეთ რეგიონალური ფილიალის მიმართ მის საკუთრებაში არსებული, ქ. ლანჩხუთში, ... ქ. ¹71-ში მდებარე საკარმიდამო ეზოს ელექტროგადამცემი ხაზებისა და ¹7 ტრანსფორმატორისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
საქმის განხილვისას არასათანადო მოპასუხე _ სს “ე. ჯ.-ს” დასავლეთ რეგიონალური ფილიალი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ სს “ე. ჯ.“ და სს “ე.”.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ლ. ა-ავას საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლის წინ განთავსებულია ¹07 ტრანსფორმატორი, ასევე მისი სახლის გვერდით გადის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რაც უქმნის დისკომფორტს და წარმოადგენს საფრთხეს მისი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “ე. ჯ.-ს” და სს “ე.-ს” დაევალა ლ. ა-ავას საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო ეზოს, მდებარე ქ. ლანჩხუთი, ... ქ. ¹71-ში ელექტრო გადამცემი ხაზებისა და ¹7 ტრანსფორმატორისაგან განთავისუფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ე. ჯ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სს “ე. ჯ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სს “ე. ჯ.-სათვის” ლ. ა-ავას საკუთრებაში არსებული საკარმიდამო ეზოს, მდებარე ქ. ლანჩხუთი, ... ქ. ¹71-ში, ¹7 ტრანსფორმატორისაგან გათავისუფლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ა-ავას სარჩელი სს “ე. ჯ.-სათვის” ¹7 ტრასფორმატორისაგან ეზოს გათავისუფლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. ა-ავას საკუთრებაში არსებულ ქ. ლანჩხუთში .... ქ. 71-ში მდებარე 4744 კვმ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სს “ე. ჯ.-ს” კუთვნილი ¹7 ტრანსფორმატორი და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ანძები. სადავო არ არის, რომ ნაკვეთის გადაცემის დროისათვის და ადრინდელ პერიოდშიც, ნაკვეთზე ტრამსფორმატორი და ანძები იყო განთავსებული.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის თანახმად, სახლის დასავლეთ ფასადის მხარეს განლაგებული ანძა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იყო. ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულ ანძის კონსრუქციაში შეინიშნებოდა ხის საყრდენის ძლიერი დაზიანება 85%-მდე განაკვეთის სრული დაზიანებით. ელექტროგადამცემი ხაზის დაშორება ლ. ა-ავას საცხოვრებელი სახლიდან წარმოადგენდა 3,5 მ-ს, რაც ნაკლები იყო ნორმებით დადგენილ მანძილზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით დადგენილი იყო, რომ სატრანსფორმატორო ჯიხური და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემის ხაზის ანძები მდებარეობდა ლ. ა-ავას საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, აპელანტი სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელია. ნაკვეთის გადაცემის დროისთვის ლ. ა-ავას ეს უფლება სადაოდ არ გაუხდია. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას ლ. ა-ავას მოთხოვნის ხანაზმულობის თაობაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მესაკუთრის პრეტენზია მფლობელის მიმართ არ ექვემდებარება ხანდაზმულობას. ამასთან, მფლობელობის შესაწყვეტად აუცილებელი იყო მესაკუთრის პრეტენზია დასაბუთებული ყოფილიყო. პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლ. ა-ავას პრეტენზია დასაბუთებული ელექტროგადამცემი ხაზებისაგან ეზოს განთავისუფლების ნაწილში, რადგან ძლიერ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის ანძა საფრთხეს უქმნიდა მისი ოჯახის წევრებისა, თავად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და მის კუთვნილ ქონებრივ სიკეთეს.ხოლო ტრანსფორმატორისაგან ეზოს გათავისუფლების ნაწილში, პალატამ ჩათვალა, რომ ლ. ა-ავას პრეტენზია დასაბუთებული არ იყო, რადგან მას არ განუმარტავს, თუ რა ზიანს აყენებდა აღნიშნული ტრასფორმატორი მას და არ მიუთითებია ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ე. ჯ.-მ” პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის ვალდებულება რატომ უნდა დეკისროს სს “ე. ჯ.-ს”. შესაბამისად, გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს იურიდიულ დასაბუთებას. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, მიწის ნაკვეთის ლ. ა-ავასთვის გადაცემის მომენტისათვის მოქმედი სსრკ მინისტრთა საბჭოს 1984 წლის 26 მარტის ¹255 დადგენილებით დამტკიცებული “1000 ვოლტზე ზევით ელექტრული ქსელის დაცვის წესები”, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჰაერო ელექტროქსელების დაცვის უზრუნველყოფისა და მათი ექსპლუატაციის ნორმალური პირობების შექმნის მიზნით, დგინდება დაცვის ზონები დასახელებულ პუნქტებში მაღალი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გასწვრივ. იმავე წესების მე-11 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული ქსელების დაცვის ზონებში ელექტროქსელის მფლობელი ორგანიზაციის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია ყოველგვარი მშენებლობა და ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ანალოგიურ მოთხოვნებს ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 27.12.09 წლის ¹964 ბრძანებულება, რომლითაც დამტკიცებულია “ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესები და მათი დაცვის ზონები”, რომლის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით ელექტრონული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება; მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, ასკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვა. ამავე წესების მე-4 მუხლის 1 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. რადგან სადავო არ არის, რომ ლ. ა-ავასთვის ნაკვეთის გადაცემის დროისთვის და მის მიერ საცხოვრებელი სახლის აშენებამდე ნაკვეთზე ელექტროტრანსფორმატორი და ლელექტროგაყვანილობის ანძები იდგა, ლ. ა-აძემ საცხოვრებელ სახლის აშენების დროს თავად დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს თავად უნდა დაეკისრო ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ქსელის მფლობელ ორგანიზაციასთან შეთანხმებული პროექტით. კასატორის განმარტებით, სს “ე. ჯ.” ვერ იქნება ელექტროგადამცემი ხაზისა და ტრასფორმატორის მფლობელი 1998 წლიდან, როგორც ამას სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან იგი, როგორც იურიდიული პირი, შექმნილია 31.07.06 წელს, ხოლო აღნიშნული ქონების მფლობელის უფლება კი მოიპოვა 2007 წლის 5 თებერვალს. კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.05.2010 წლის ¹1918 დასკვნაში ექსპერტმა იხელმძღვანელა გაუქმებული ნორმატიული აქტით. მას უნდა გამოეყენებინა “ელექტროდანადგართა მოწყობის წესები”, რომლის 2.5.109 პუნქტისა და 2.5.24. ცხრილის მიხედვით დასახელებულ პუნქტებში მინინმალური დაცილება საცხოვრებელ სახლამდე შედაგენს 3 მეტრს. ხოლო ლ. ა-ავას საცხოვრებელ სახლსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის მანძილი 3.5 მეტრია და შესაბამისად, არ ასებობს საფრთხე მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებისათვის. კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 130-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნას 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული, რადგან ლ. ა-ავას მიწის ნაკვეთზე უფლება წარმოეშვა 1998 წლის მიღება-ჩაბარების აქტით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ე. ჯ.-ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს “ე.ჯ.-ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “ე.ჯ.-ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “ე.ჯ.-ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს “ე. ჯ.-ს” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.