Facebook Twitter

ას-900-848-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ჭ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ძე, მ. ქ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ბინის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჭ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების მ. ქ-ძისა და მ. ს-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ¹11/31-ში მდებარე ბინის დაბრუნება, მ. ს-ძესა და მ. ქ-ძეს შორის ანგარშისწორების მისგან და მისი საკუთრებისაგან დამოუკიდებლად გადაწყვეტა და ასევე მ. ქ-ძისათვის მასზე მიყენებული მატერიალური ზიანის _ 55100 ლარისა და მორალური ზიანის _ 6000 ლარის, სულ 61100 ლარის დაკისრება.

მოპასუხე მ. ქ-ძემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მან ნ. ჭ-ძის ბინა აუქციონზე კანონის მოთხოვნათა დაცვით შეიძინა, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ს-ძეს ნ. ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 3400 აშშ დოლარის ეკვივალნეტი თანხა ლარში და მორალური ზიანის _ 6000 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მაისის საოქმო განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი მასზე, რომ მ. ქ-ძისა (ავადმყოფობის გამო) და მისი წარმომადგენლის (მონაწილოებდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გამართულ კონკურსზე) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც დასტურდებოდა შესაბამისი დოკუმენტებით, რის გამოც იგი დააკმაყოფილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებით განაახლა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით ნ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1999 წლის თებერვლის დასაწყისში, მ. ს-ძემ ნ. ჭ-ძეს შესთავაზა 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 6 თვის ვადით, იპოთეკით დაეტვირთა საცხოვრებელი ბინა, ნაცნობ მ. ქ-ძესთან, საიდანაც 600 აშშ დოლარს გადასცემდა ნ. ჭ-ძეს, ხოლო დანარჩენს თავად აიღებდა და დათქმულ დროს ვალს გადაიხდიდა, რაც 1999 წლის 24 თებერვალს განხორციელდა და გაფორმდა ნოტარიული წესით;

იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, იმის გამო რომ მ. ს-ძემ არ გადაიხადა ვალი, 2000 წლის დეკემბერში აუქციონის წესით გაიყიდა ნ. ჭ-ძის საცხოვრებელი ბინა, რომლის მყიდველიც გახდა მ. ქ-ძე. აღნიშნულით ნ. ჭ-ძეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენით მ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტით და (1999 წლი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენით დადგინდა, რომ მ. ს-ძემ ჩაიდინა თაღლითობა, რის გამოც დაზარალდა ნ. ჭ-ძე და დაკარგა ბინაზე საკუთრება, ვინაიდან იგი აუქციონის გზით გადავიდა მ. ქ-ძის საკუთრებაში.

იმის გამო, რომ სადავო სახლის მესაკუთრე გახდა მ. ქ-ძე, მის მიერ ნ. ჭ-ძის მიმართ აღძრული სარჩელი ბინიდან გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილებები დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც დადგინდა საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ 2000 წლის 14 დეკემბრის აქტით.

ნ. ჭ-ძის მოტივი სადავო ბინის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომ მ. ქ-ძემ ბინაზე საკუთრების უფლება დანაშაულებრივი გზით მოიპოვა და აუციონი, რომლითაც ბინა მოწინააღმდეგე მხარეს გადაეცა არ ჩატარებულა, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მ. ქ-ძე იყო მ. ს-ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე;

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ჭ-ძე არ მიუთითებდა უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის შესახებ აქტის, როგორც მტკიცებულების სიყალბეზე და სადავოდ ხდიდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ აუციონი არ ჩატარებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ზემოხსენებული აქტი საფუძვლად დაედო როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, იგი კანონიერი იყო. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აქტი ნამდვილი იყო და, შესაბამისად, ნამდვილი იყო მის საფუძველზე, მ. ქ-ძის მიერ განხორციელებული საკუთრების რეგისტრაციაც.

იმის გამო, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 15 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდებოდა მ. ქ-ძის სადავო ბინის მესაკუთრეობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციული ძალა გააჩნდა, რის გამოც აპელანტის მოთხოვნა სადავო ბინის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, როგორც უსაფუძვლო, არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის საოქმო განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-ძემ, მოითხოვა მათი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიკვლია მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და არასწორად მიიჩნია ისინი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.

კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ. ქ-ძე, სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გახდა სადავო ბინის მესაკუთრე, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მან ბინის საფასური გადაიხადა, შესაბამისად, მ. ქ-ძის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ ვერ იმოქმედებდა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ბინა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ უმსჯელია თუ რა მიზანს ისახავდა სინამდვილეში მ. ქ-ძესთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულება, რა განზრახვით იყო აღნიშნული გარიგება დადებული, რითაც მან დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ნ. ჭ-ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.