ას-901-849-2010 6 დეკემბერი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 2 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. გ-ძემ მოპასუხე სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის _ 2006 წლის 25 აგვისტოდან 2009 წლის 13 მაისამდე პერიოდში მისაღები ხელფასის _ თვეში 704.32 ლარის, მთლიანობაში 22 528 ლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 3-10).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ასოცირებული პროფესორის განაცდური ხელფასის სახით 2006 წლის 25 აგვისტოდან 2009 წლის 13 მაისამდე ყოველთვიურად 704 ლარის, სულ _ 22 528 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე დაწესებულების საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმი მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგების დადგენის შესახებ, მოპასუხეს დაევალა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად და კანონიერად შესწავლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგად ხმების დადგენის თაობაზე;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანება, მოპასუხეს დაევალა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად და კანონიერად შეწავლის საფუძველზე გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგად ხმების დადგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრისა და 2009 წლის 5 მარტის განჩინებებით;
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 13 მაისის ¹1-21 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ბრძანება და ნ. გ-ძე დაინიშნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ქიმიის მიმართულებით 2009 წლის 1 სექტემბრამდე.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონკურსში მონაწილეობის შეფასებისა და კენჭისყრის შედეგების შესახებ მოპასუხის 2006 წლის 25 აგვისტოსა და 2008 წლის 14 იანვრის ბრძანებების უკანონობის გამო იგი 2009 წლის 13 მაისამდე არ დაინიშნა ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ქიმიის მიმართულებით, რის გამოც ვერ მიიღო ამ თანამდებობისთვის განკუთვნილი ხელფასი და განიცადა მატერიალური ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც 2006 წლის 25 აგვისტოდან 2009 წლის 13 მაისამდე (32 თვის განმავლობაში) შეადგენდა 22 528 ლარს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ, რამდენადაც მოსარჩელეს მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლო დავების წარმოებისას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაუყენებია, ამიტომ სარჩელი უსაფუძვლოა. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნული პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მხარეს შეუძლია თვითონვე განსაზღვროს დავის საგნის ფარგლები და მოთხოვნის აღძვრის მომენტი.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოხატული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ასოცირებული პროფესორის აკადემიური პერსონალის სახელფასო განაკვეთი მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად მოთხოვნილ 704 ლარზე ნაკლებია, რამდენადაც აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია. საქმეზე წარდგენილი, მოპასუხის მიერ გაცემული 2009 წლის 28 მაისის ცნობით დასტურდება, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის აკადემიური პერსონალის სახელფასო განაკვეთი შეადგენს 704 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა (ტომი 1, ს.ფ. 66-69).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 75-80).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, ნ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ. გ-ძის მოთხოვნას წარმოადგენდა იმ თანხის ანაზღაურება, რომელსაც იგი მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ 2006 წლის 25 აგვისტოდან დაინიშნებოდა სსიპ “შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში” ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნა დასაბუთებული იქნებოდა, თუკი დადგინდებოდა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაეკისრა ნ. გ-ძესთან შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება 2006 წლის 25 აგვისტოდან და რომ არა საკონკურსო კომისიის უკანონო გადაწყვეტილება და რექტორის ბათილი ბრძანება, ნ. გ-ძე დაიკავებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, თუმცა ამავე კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, აკადემიურ პერსონალსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პერსონალთან დებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი. აქედან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კონკურსანტი აკმაყოფილებს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს, თავისთავად არ იწვევს შრომითი ურთიერთობების წარმოშობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კონკურსანტს შორის. ასეთი ურთიერთობა წარმოიშობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი და კონკურსანტი ერთმანეთთან დადებენ შრომით ხელშეკრულებას.
კანონის აღნიშნული ნორმების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კანონის 34-ე მუხლი კრძალავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავებას ღია კონკურსის გარეშე, თუმცა იგი არ ავალდებულებს რექტორს, აუცილებლად დადოს შრომითი ხელშეკრულება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირთან. ამდენად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათისაა, რასაც საქმეში არსებული მასალებიც ცხადყოფდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 13 მაისის ¹1-21 ბრძანებას, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა თანამდებობაზე, საფუძვლად დაედო ნ. გ-ძის საქმის შემსწავლელი კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის ოქმი ¹4. ამ ოქმის თანახმად დადგინდა, რომ ნ. გ-ძე აკმაყოფილებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს, თუ გამოსწორდებოდა საკანდიდატო დიპლომთან დაკავშირებული უზუსტობები. აქედან გამომდინარე, კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება ნ. გ-ძესთან შრომითი ხელშეკრულების დადების ან დადებაზე უარის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა მას შემდეგ, რაც ჩათვალა, რომ საკანდიდატო დიპლომთან დაკავშირებული უზუსტობები აღმოფხვრილი იყო.
შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული მხარეთა შეთანხმებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ეს ნორმა ადგენს, რომ შრომით ურთიერთობებში სავალდებულო შესვლა დაუშვებელია. ე.ი. ამა თუ იმ პირთან შრომით ურთიერთობებში შესასვლელად საჭიროა, ამ ურთიერთობების წარმოშობის შესახებ როგორც დაქირავებულის, ისე _ დამქირავებლის ნების გამოხატვა.
მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ძესთან შრომითი ურთიერთობების წარმოშობა დაკავშირებული იყო აპელანტის მიერ ნების გამოვლენასთან, აპელანტს კი 2009 წლის 13 მაისამდე არ გამოუხატავს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების დადების ნება. ამასთან, შეუძლებელი იყო სასამართლოს დაედგინა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, ეს ნება გამოეხატა 2006 წლის 25 აგვისტოს.
ამდენად, საქმეზე დგინდებოდა, რომ სადავო პერიოდში მხარეები ერთმანეთთან შრომით ურთიერთობებში ფაქტობრივადაც არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტი არარსებულ ვალდებულებას არაჯეროვნად ვერ შეასრულებდა. შესაბამისად, ნ. გ-ძის სარჩელი უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა იგი (ტომი 1, ს.ფ. 146-152).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინებით, ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი 1, ს.ფ. 228-238).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება, ნ. გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს” ნ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 11 616 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2010 წლის 23 მარტის განჩინებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ნ. გ-ძის კონკურსში მონაწილეობის განმეორებითი შეფასების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მომენტიდან არსებობდა ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი შემადგენლობა: უნივერსიტეტის მხრიდან საკონკურსო პირობების დაკმაყოფილებაზე არამართლზომიერად უარის თქმით ნ. გ-ძეს მიადგა ზიანი _ არ დაინიშნა კონკურსით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ მიეცა შესაბამისი ხელფასი.
ზემოაღნიშნულის გამო, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გამოეკვლია, დასრულდა თუ არა ნ. გ-ძის კონკურსში მონაწილეობის განმეორებითი შეფასების მიზნით უნივერსიტეტის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება სწორედ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანებით და ამ პერიოდიდან, რამდენს შეადგენდა, ნ. გ-ძის დანიშვნის შემთხვევაში, 2009 წლის 13 მაისამდე მისაღები ასოცირებული პროფესორის ხელფასი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ ნ. გ-ძის კონკურსში მონაწილეობის განმეორებითი შეფასების მიზნით უნივერსიტეტის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა სწორედ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანებით. ასევე დგინდებოდა, რომ ამ პერიოდიდან 2009 წლის 13 მაისამდე ასოცირებული პროფესორის ხელფასი შეადგენდა თვეში 704 ლარს. შესაბამისად, მთლიანობაში, დასახელებული დროის განმავლობაში ნ. გ-ძის მიუღებელმა ხელფასმა შეადგინა 11 616 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლიდან გამომდინარე, სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს” ნ. გ-ძის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება 11 616 ლარის ოდენობით. კანონის აღნიშნული ნორმის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს, არა მხოლოდ, ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (ტომი 2, ს.ფ. 22-27).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ნ. გ-ძისათვის ზიანის ანაზღაურების აუცილებელი შემადგენლობა სახეზეა მოსარჩელის კონკურსში მონაწილეობის განმეორებითი შეფასების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მომენტიდან _ 2008 წლის 14 იანვრიდან. მისი განმარტებით, კანონიერ ძალაში მყოფი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. გ-ძის დიპლომში შიფრი 02.00.07 მექანიკური შეცდომაა, სინამდვილეში მას მიენიჭა 11.00.07 შიფრი. სწორედ ამის შემდგომ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხე უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა ბრძანება, რომელიც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ნ. გ-ძის საქმის შემსწავლელი კომისიის სხდომის 2007 წლის 20 დეკემბრის ¹4 ოქმს (რომელიც ძალაშია და სადავო არ გამხდარა ნ. გ-ძის მიერ). ამ ოქმის პირველი პუნქტით კომისიამ დაადგინა, რომ ნ. გ-ძე აკმაყოფილებს ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს, თუ გამოსწორებული იქნება საკანდიდატო დიპლომთან დაკავშირებული უზუსტობები. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ნ. გ-ძის მიერ კონკურსში მონაწილეობისას წარდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზი აღმოფხვრილად ითვლება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2009 წლის 5 მარტიდან და არა ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მომენტიდან _ 2008 წლის 14 იანვრიდან. შესაბამისად, მას ¹4 ოქმის შინაარსიდან და კონკურსის დებულებიდან გამომდინარე უკუქცევითი ძალა ვერ მიეცემოდა (ტომი 2, ს.ფ. 32-39).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (580.80 ლარი) 70% _ 406.56 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს _ სსიპ “შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (580,80 ლარი) 70% _ 406,56 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.