ას-90-85-10 6 მაისი, 2010წელი.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოწინააღმდეგე მხარე – 1. შპს “ .. ..”
2. მ. ც-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით შპს „.. ..ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მ. ც-ძესა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოსარჩელე შპს „.. ..ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ, მ. ა-იდზე გაწეული სამედიცინო მომსახურეობის თანხის 3388 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 101 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 12 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მ. ა-იდი მოთავსებულ იქნა კლინიკურ საავადმყოფოში, საიდანაც იგი რეანიმობილით 2008 წლის 20 მაისს გადაიყვანეს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში სამკურნალოდ;
¹58 ანგარიშ-ფაქტურით დადგენილი იქნა, რომ მ. ა-იდის სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობის გაწევის ხარჯმა შეადგინა 3388 ლარი.
2008 წლის 29 მაისს მ. ა-იდი გარდაიცვალა;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის, 2008 წლის 20 მაისის ¹01-19\148 წერილით დადგენილ იქნა, რომ ხარაგაულის საკრებულო თანხმობას აცხადებდა გადაერიცხა მ. ა-იდის სარეაბილიტაციო თანხა საავადმყოფოს მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ასევე მე-18 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ „პ“ პუნქტების შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების საკითხებზე; საკრებულოსა და თვითმმართველი ერთეულით დადებულ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს და მოქმედებს თვითმმართველი ერთეულის სახელით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ განმარტა შემდეგი:
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, მ. ა-იდი ვალდებული იყო აენაზღაურებინა საავადმყოფოსათვის მასზე გაწეული მკურნალობის ხარჯები;
ამავე კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. ა-იდის გარდაცვალება არ იწვევდა ვალდებულების შეწყვეტას.
ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდაცვლილი მ. ა-იდის სამკვიდრო შეიცავდა როგორც მის ქონებრივ უფლებებს, ისე მოვალეობებს.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მ. ც-ძე წარმოადგენდა მ. ა-იდის კანონისმიერ მემკვიდრეს და ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მ. ა-იდის კრედიტორის _ საეკლესიო საავადმყოფოს ინტერესი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის, მე-9 მუხლის, მე-60, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და საკრებულოს დებულებაზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2008 წლის 20 მაისის ¹01-19\148 თანხმობა, გაცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ, სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეები წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. აპელანტმა მ. ც-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 3388 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხისა და სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დაკისრება.
აპელანტმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მ. ა-იდის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა მ. ც-ძე, ხოლო სამკვიდრო ქონებას შეადგენდა 700 ლარად ღირებული სანადირო თოფი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ასევე მე-18 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ „პ“ პუნქტებით განსაზღვრულია, რომ სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილება გააჩნდა მიეღო გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების საკითხებზე, ამასთან საკრებულოსა და თვითმმართვუელი ერთეულით დადებულ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს და მოქმედებს თვითმმართველი ერთეულის სახელით, პალატა მიიჩნია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი, 2008 წლის 20 მაისის ¹01-19\148 წერილი გაცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ და ნამდვილია, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული თანხმობა იყო ბათილი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა სამედიცინო მომსახურეობის ხარჯებთან დაკავშირებით ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის დადებული გარიგება. ამდენად, ამ გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე უფლებამოსილ პირსა და სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა მხოლოდ გარიგების მხარე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მიუხედავად იმისა, რომ მ. ც-ძე გარდაცვლილი მ.ა-იდის მემკვიდრე იყო, რომლის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებასაც ითხოვდა მოსარჩელე. იგი არ შეიძლება მიჩნეულიყო სათანადო მოპასუხედ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა აპელანტ მ. ც-ძის მითითება იმის თაობაზე, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა განსახილველ დავაში და სათანადო მოპასუხესთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან სოლიდარულად მისთვის თანხის დაკისრება არასწორი იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გარდა ამისა, არ გაარკვია სათანადო მოპასუხის საკითხი და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება არასათანადო მოპასუხის მიმართ გამოიტანა, რის გამოც ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი, ასევე საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ამასთან, არ იმსჯელა საკრებულოს მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.