Facebook Twitter

ას-909-857-10 28 ოქტომბერი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)

წარმომადგენელი –ე. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ტ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ტ.-ს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ავანსის თანხა 41 764 ლარი. შპს ,,ტ.-ს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო 40 000 ლარი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ეთქვა თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე შპს “ტ.-სათვის” პირგასამტეხლოს სახით 34 592,10 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. შპს “ტ.-ს” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს “ტ.-ს” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 46 732 ლარი. დადგინდა ურთიერთმოთხოვნათა ჩათვლა და საბოლოოდ შპს ,,ტ.-ს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 35 032 ლარი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს “ტ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 1 402 ლარი შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. შპს “ტ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 1 050 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 10 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემსყიდველი) და შპს “ტ.-ს” (მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება ¹07–123/3 ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის საჯარო სკოლის აშენების თაობაზე, რომლის სპეციფიკური პირობების 8.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება 396 298 ლარით განისაზღვრა.

2007 წლის 24 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც 2006 წლის 10 ივლისის ¹07–123/3 ხელშეკრულება შეწყდა და შპს “ტ.-მ” ვალდებულება აიღო, დაებრუნებინა სამინისტროსათვის ავანსად მიღებული თანხის ნაწილი – 41 764 ლარი. შეთანხმებითვე, 2006 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 10.3 მუხლის საფუძველზე, შპს “ტ.” დაჯარიმდა ხელშეკრულების საერთო Eღირებულების 10%-ით ანუ 39 629,80 ლარით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემსყიდველი) და შპს “ტ.-ს” (მიმწოდებელი) შორის 2006 წლის 4 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება ¹08-149/3 მცხეთის რაიონის სოფელი წეროვანის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რომლის სპეციფიკური პირობების 8.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება 181 653 ლარით განისაზღვრა. თუმცა, მხარეთა 2006 წლის 29 სექტემბრის ¹09-305/3 შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეიცვალა და განისაზღვრა 349 623 ლარით.

2007 წლის 1 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ¹10-149/3 შეთანხმება, რომლითაც 2006 წლის 4 აგვისტოს ¹08–149/3 ხელშეკრულება შეწყდა. ამავე შეთანხმებით სამინისტრომ აიღო ვალდებულება შპს “ტ.-სათვის” აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 46 731 ლარი. ამასთან, 2006 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 10.3 მუხლის საფუძველზე, შპს “ტ.” დაჯარიმდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით, ანუ 34 962,30 ლარით.

მხარეთა შორის დადებული ნარდობის ორივე ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებითვე ვადაზე ადრე შეწყდა. ხელშეკრულებების დარღვევა, ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების 10.3 მუხლის თანახმად, სანქცირებას ექვემდებარება. კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში “მიმწოდებელი” ჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, რაც, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 74 592,10 ლარს შეადგენს (39 629,80 + 34 962,30).

სააპელაციო პალატა არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის 2007 წლის 24 ივლისს და 2007 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებულ შეთანხმებებში მოპასუხე მზადყოფნას გამოთქვამდა დაეფარა პირგასამტეხლო 74 592,10 ლარის ოდენობით, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის სწორად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. “სასამართლო შესაგებელი” და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხიმგებლობის, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.

პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად გამოყენების მცდელობაზე მიუთითებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით, რომლის თანახმად სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, სააპელაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის გამოიყენა არგუმენტაცია, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის არამარტო ქონებრივ, არამედ სხვა გარემოებებსაც, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ¹07-123/3 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 396298 ლარით, რეალურად შესრულდა 52547ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ¹08-149/3 ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 349623 ლარით, რეალურად შესრულდა 1199795 ლარის სამუშაო. ორივე ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის საჯარიმო თანხის ოდენობა განისაზღვრა 74592,10 ლარით. ამასთან, ხელშეკრულებების შეწყვეტის ინიციატორი იყო სამშენებლო კომპანია, რაც დასტურდება შპს „ტ.-ს“ დირექტორის 2007 წლის 25 ივნისის და 2007 წლის 28 სექტემბრის კორესპონდენციებით. სასამართლომ თავად მიუთითა, რომ უნდა მოხდეს შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებების შეფარდება.745921 ლარის ღირებულების სამუშაოდან შესრულდა 172342 ლარის სამუშაო, შესაბამისად შეუსრულებელი დარჩა 573579 ლარის სამუშაო. აღნიშნული ღირებულების სამუშაოს შეუსრულებლობისათვის ჯარიმის სახით 74592,10 ლარის დაკისრება სავსებით სამართლიანია. ვინაიდან შეუსრულებელი დარჩა სამუშაოების დაახლოებით 77%, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით 10%-იანი ჯარიმა წარმოადგენს სამართლიან კომპენსაციას ნაკისრი ვლადებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე მითითება, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, სასამართლოს უნდა გაევრცელებინა სამინისტროს მოთხოვნაზე და სამშენებლო კომპანიისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.