Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1200-775(2კ-05) 7 მარტი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ნაგებობების მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 19 სექტემბერს შ. კ-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ე. ხ-ს, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის, მიწის მართვის დეპარტამენტისა და თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიმართ სარჩელი აღძრა და სადავო მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ნაგებობების მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1965 წლიდან ოჯახთან ერთად ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში ცხოვრობდა. 2000 წელს კი ე. ხ-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში აღძრული სარჩელით მისი სადავო ბინიდან გამოსახლება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარს (საცხოვრებელი ფართი _ 68,48 კვ.მ, მიწის ნაკვეთი _ 120 კვ.მ) მ. ა-ა ფლობდა, რომელიც 1950 წელს გარდაიცვალა და მემკვიდრეობა ფაქტობრივი ფლობით ს. ხ-მ მიიღო. 1965წ. 20 იანვარს ს. ხ-ა გარდაიცვალა და მისი დანაშთი ქონების მესაკუთრე ე. ხ-ა გახდა, რომელმაც 1965 წელს შინაურული ხელშეკრულება, ე.წ. «რასპისკა» დადო მოსარჩელესთან, რის შედეგადაც 1965 წლიდან იგი ჩაწერილია და მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში.

მოსარჩელის მითითებით, სახლში შესახლების მომენტიდან მან სახლის მომიჯნავე გორაკის გამოთხრა დაიწყო, გაამაგრა სათანადო კედლებით, მოაწყო და მოაპირკეთა ეზო, მოაშენა ერთი ოთახი და სამზარეულო.

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ქ. თბილისის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2000წ. 10 ნოემბრის დადგენილებით მას დაუკანონდა ... ქუჩის ¹6-ში მდებარე ავარიული სახლი სახელოსნოს მოწყობის მიზნით, რასაც ემიჯნებოდა მის მიერ მოწყობილი ეზო, ხოლო, ვინაიდან აღნიშნული ეზო ასევე ემიჯნებოდა ... ქუჩის ¹8 სახლს და მასში მოხვედრა შეიძლებოდა როგორც ... ქუჩის ¹6-დან, ისე ... ქუჩის ¹8-იდან, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე სახლის მესაკუთრე ე. ხ-მ მოსარჩელის ოჯახის სახლში არყოფნის დროს, ტექაღრიცვის თანამშრომელთა შეცდომაში შეყვანის გზით, თავის სარგებლობაში აღრიცხა შემატებული, კეთილმოწყობილო 138 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 1986წ. საინვენტარიზაციო გეგმაზე. ამდენად, ე. ხ-მ საჯარო რეესტრის 1999წ. 19 ივნისის სარეგისტრაციო ჩანაწერით საკუთრებაში აღრიცხა ... ქუჩის ¹8-ში მდებარე 258 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის 1986წ. საინვენტარიზაციო გეგმის გაუქმება და ახალი გეგმის შედგენა, სადაც მითითებული იქნებოდა მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება; ... ქუჩის ¹8-ში მდებარე 138 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ნაგებობის მფლობელად და მესაკუთრედ ცნობა; აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და ნაგებობის ... ქუჩის ¹6-სთვის მიკუთვნება; 1999წ. 9 ივნისის ¹1746/99 განაცხადის იმ ნაწილში გაუქმება, რომელიც 138 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და იმ ნაგებობას შეეხება, რომლებიც 1986წ. გეგმის მიხედვით აღნიშნული იყო როგორც უკანონო.

მოპასუხე ე. ხ-მ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მან 1965წ. 20 იანვარს, დედის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით მიიღო ... ქუჩის ¹8-ში მდებარე 68,48 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართი და 120 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი. 1965წ. 5 თებერვალს მან შინაურული ხელშეკრულება, ე.წ «რასპისკა» გააფორმა შ. კ-სთან, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ წარმოადგენდა ფარული ნასყიდობის ხელშეკრულებას. 1965 წლიდან ბინის დამქირავებელმა სახლთან მომიჯნავე გორაკი გამოთხარა, რომელიც ე. ხ-ს საკუთრებაში შედიოდა და ამ მიტაცებულ მიწაზე მოაწყო ეზო და მიაშენა ერთი ოთახი და სამზარეულო.

მოგვიანებით, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ნაგებობის მესაკუთრედ ცნობა; ტექაღრიცხვის სამსახურის 1986წ. საინვენტარიზაციო გეგმის გაუქმება და 1999წ. 9 ივნისის განაცხადის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რომელიც 138 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ნაგებობას შეეხებოდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით შ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი ტექაღრიცხვის სამსახურის 1986წ. საინვენტარიზაციო გეგმა და 1999წ. 9 ივნისის ¹1746/99 განაცხადის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოპასუხე ე. ხ-ს სახელზე 138 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ნაგებობების საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში; ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში მოპასუხე ე. ხ-ს სახელზე აღრიცხული 138 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობების მესაკუთრედ შ. კ- იქნა ცნობილი; თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურსა და საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალათ ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე სახლმფლობელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ხ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საინვენტარიზაციო გეგმა და საჯარო რეესტრის ჩანაწერი ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენდა და მათი ბათილად გამოცხადება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე დაუშვებელი იყო.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიტაცებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ნაგებობის შ. კ-ს მესაკუთრედ აღიარებით მიითვისა აღმასრულებებლი ორგანოს ფუნქცია, რაც ამ ორგანოებს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილებით ჰქონდა დაკისრებული.

აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1513-ე მუხლი, ვინაიდან მითითებული მუხლი ეხებოდა მხოლოდ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც მათ სახლის ასაშენებლად კანონით დადგენილი წესით ჰქონდათ გამოყოფილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2004წ. 2 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეებმა მორიგების აქტი წარადგინეს და მისი დამტკიცება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მორიგების აქტი და მოცემულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდა.

აღნიშნულ განჩინებაზე ე. ხ-მ კერძო საჩივარი შეიტანა და მისი გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 სექტემბრის განჩინებით ე. ხ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის 2005წ. 12 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 5 ივლისისა და 20 სექტემბრის განჩინებები და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ხ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის ქმედება, რაც გამოიხატა თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე 138 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ნაგებობის ე. ხ-ს უკანონო მფლობელობის თაობაზე საინვენტარიზაციო გეგმის შედგენაში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის 1999წ. 9 ივნისის ¹1746/99 ჩანაწერი ე. ხ-ს სახელზე ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე 138 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ნაგებობის აღრიცხვის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1986 წელს თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ საინვენტარიზაციო გეგმის შედგენისას არაკანონიერად იქნა აღრიცხული ე. ხ-ს უკანონო სარგებლობაში ქ. თბილისის, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე 138 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ნაგებობები, ვინაიდან საქმეზე უდავოდ იყო დადგენილი, რომ დასახელებული 138 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ნაგებობები ე. ხ-ს არც საკუთრებაში და არც მფლობელობაში არასოდეს არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ტექაღრიცხვის სამსახური მისი დებულებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო მოემზადებინა ე. ხ-სათვის მხოლოდ მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმა და დაეფიქსირებინა სადავო მიწის ნაკვეთი იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობაში, რომელშიც ის იმყოფებოდა საინვენტარიზაციო გეგმის შედგენისას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ტექაღრიცხვის სამსახური დროის კონკრეტული მომენტისათვის აფიქსირებდა უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობას და ადგენდა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენდა, მაგრამ ეფუძნებოდა ან ასახავდა ადმინისტრაციულ აქტს ან კერძო სამართლებრივ გარიგებას. შესაბამისად, ტექაღრიცხვის სამსახურის საინვენტარიზაციო გეგმას, ნახაზს, ან ტექპასპორტს არ შეუძლია სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, მაგრამ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 1986 წელს საინვენტარიზაციო გეგმის შედგენისას ე. ხ-ს უკანონო მფლობელობაში სადავო მიწის ნაკვეთის არასწორად დაფიქსირებამ წარმოშვა სამართლებრივი საფუძვლები ე. ხ-ს დასახელებული უკანონო მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ განხორციელებული შედეგიც არაკანონიერად უნდა ყოფილიყო აღიარებული.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურმა 1986წ. საინვენტარიზაციო გეგმის შედგენისას დაშვებული შეცდომა აღიარა საქმეში წარმოდგენილი, 2000წ. 10 დეკემბერს გაცემული ¹24-2753 ცნობით და 2002წ. 21 მარტს მოამზადა ახალი საინვენტარიზაციო გეგმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1999წ. 9 ივნისს საჯარო რეესტრის მიერ ... ქუჩის ¹8-ში მდებარე უკანონო 138 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ნაგებობის საკუთრების უფლებით სამართლებრივი რეგისტრაცია ე. ხ-ს სახელზე კანონიერად ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან ასეთი რეგისტრაციის განხორციელებისათვის სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილება «საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ» და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილება ¹806 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელთა მიხედვითაც‚ დასახელებული ნორმატიული აქტების მოქმედების არეალში ექცეოდნენ მხოლოდ ის თვითნებური მშენებლები, რომლებმაც 1994 წლამდე თვითნებურად მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე ააგეს საბინაო განაშენიანების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. როგორც საქმეზე უდავოდ იყო დადგენილი ე. ხ-ა არ იყო ... ქუჩაზე არსებული სადავო ფართის მიმტაცებელი და არც მასზე უკანონო ნაგებობის ამშენებელი, შესაბამისად, მასზე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბერის ¹806 დადგენილების მოქმედება ვერ გავრცელდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში არსებული უკანონო 138 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ ნაგებობაზე შ. კ-ს მესაკუთრედ აღიარებისათვის, ვინაიდან მოსარჩელე ფაქტობრივად მის რეალურ მფლობელობაში არსებული უკანონო მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული ნაგებობის სამართლებრივ რეგისრტაციას ითხოვდა, რაც «საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილების და ¹806 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილებით, ასევე «მიწის რეგისტრაციის შესახებ» და «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად განეკუთვნებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლოში დავის საგანს კი შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ მათი უარი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. კ-მ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 3 დეკემბრის ¹806 დადგენილება, 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილება და კანონი «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ». კასატორმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მტკიცება, რომ მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული ნაგებობის სამართლებრივ რეგისტრაციას, როგორც დისკრეციულ უფლებამოსილებას, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ახორციელებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ მას სასამართლოსთვის მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობების სამართლებრივი რეგისტრაცია არ მოუთხოვია, არამედ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ნაგებობების მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა, რის საფუძველზეც ადგილობრივი ორგანო, კერძოდ, საჯარო რეესტრის სამსახური შესაბამის რეგისტრაციას განახორციელებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით ე. ხ-ს წარმომადგენელმა მ. ბ-მაც გაასაჩივრა, მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ შ. კ-სა და ე. ხ-ს წარმომადგენელ მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე სახლთმფლობელობა 69,61 კვ.მ საცხოვრებელი ფართით და 120 კვ.მ სამოსახლო მიწის ნაკვეთი ძირითადი ინვენტარიზაციის საფუძველზე აღრიცხულ იქნა 1941 წელს. ... ქუჩის ¹8-ში მდებარე 68,48 კვ.მ-ის საცხოვრებელი ბინა და 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1965 წელს მემკვიდრეობით მიიღო ე. ხ-მ. შ. კ-ა ... ქუჩის ¹8-ში მდებარე ე. ხ-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში 1965 წლიდან ჩაწერილია და დღემდე ცხოვრობს ე.წ შინაურული ხელშეკრულების საფუძველზე. 1965 წლიდან შ. კ-მ ... ქუჩის ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უკანა კედლის მომიჯნავედ არსებული გორაკი გამოთხარა, მიწა გადაასწორა და მოაწყო 138 კვ.მ-ს ეზო, ააშენა მასზე საცხოვრებელი ოთახი და სამზარეული, რომლითაც დღემდე სარგებლობს. 1986 წელს ე. ხ-ს განცხადების საფუძველზე თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის თანამშრომლებმა ... ქუჩის ¹8-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე შეადგინეს საინვენტარიზაციო გეგმა, რომელშიც ე. ხ-ს უკანონო მფლობელობაში იქნა აღრიცხული შ. კ-ს მიერ გამოთავისუფლებული და მის სარგებლობაში არსებული 138 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთი, მასზედ განლაგებული ნაგებობებით. 1999წ. 9 ივნისის საჯარო რეესტრის სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერით კი ე. ხ-ს საკუთრებაში იქნა აღრიცხული ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე 258 კვ.მ მიწის ნაკვეთი (კანონიერი _ 120 კვ.მ, ხოლო უკანონო _ 138 კვ.მ მიწის ნაკვეთი) და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, საერთოO ფართით _ 83,34 კვ.მ (კანონიერი _ 75,71 კვ.მ, ხოლო უკანონო _ 7,63 კვ.მ).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 1986 წელს თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ საინვენტარიზაციო გეგმის შედგენისას არაკანონიერად იქნა აღრიცხული ე. ხ-ს უკანონო სარგებლობაში ქ. თბილისის, ... ქუჩის ¹8-ში მდებარე 138 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ნაგებობები, ვინაიდან საქმეზე უდავოდ არის დადგენილი, რომ დასახელებული 138 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ნაგებობები ე. ხ-ს არც საკუთრებაში და არც მფლობელობაში არასოდეს ყოფილა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტექაღრიცხვის სამსახური მისი დებულებიდან და «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო‚ მოემზადებინა ე. ხ-სათვის მხოლოდ მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმა და დაეფიქსირებინა სადავო მიწის ნაკვეთი იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობაში, რომელშიც ის იმყოფებოდა საინვენტარიზაციო გეგმის შედგენისას.

საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, საზღვრების დაფიქსირება ხდება მხოლოდ რეგისტრატორის მიერ, მოსაზღვრე მხარეების შეთანხმებისა და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანის საფუძველზე, ამასთან თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურმა 1986წ. საინვენტარიზაციო გეგმის შედგენისას დაშვებული შეცდომა აღიარა საქმეში წარმოდგენილი 2000წ. 10 დეკემბერს გაცემული ¹24-2753 ცნობით და 2002წ. 21 მარტს მოამზადა ახალი საინვენტარიზაციო გეგმა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 1999წ. 9 ივნისს საჯარო რეესტრის მიერ ... ქუჩის ¹8-ში მდებარე უკანონო 138 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ნაგებობის საკუთრების უფლებით სამართლებრივი რეგისტრაცია ე. ხ-ს სახელზე კანონიერად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ასეთი რეგისტრაციის განხორციელებისათვის სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ «საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილება და ¹806 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილება წარმოშობს, რომელთა მიხედვითაც დასახელებული ნორმატიული აქტების მოქმედების არეალში ექცევიან მხოლოდ ის თვითნებური ამშენებლები, რომლებმაც 1994 წლამდე თვითნებურად მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე ააგეს საბინაო განაშენიანების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. საქმეზე კი უდავოდ არის დადგენილი, რომ ე. ხ-ა არ არის სავანელის ქუჩაზე არსებული სადავო ფართის მიმტაცებელი და არც მასზე უკანონო ნაგებობის ამშენებელი, შესაბამისად, მასზე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბერის ¹806 დადგენილების მოქმედება ვერ გავრცელდება.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ მეორე კასატორის, შ. კ-ს, მოთხოვნა ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹8-ში არსებული უკანონო 138 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებულ ნაგებობაზე შ. კ-ს მესაკუთრედ აღიარების თაობაზე დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მოსარჩელე ფაქტობრივად მის რეალურ მფლობელობაში არსებული უკანონო მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული ნაგებობის სამართლებრივ რეგისრტაციას ითხოვდა, რაც «საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს სსრ მიმისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილების და ¹806 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილების, ასევე «მიწის რეგისტრაციის შესახებ» და «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონების შესაბამისად განეკუთვნება ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლოში დავის საგანს კი შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ მათი უარი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. კ-სა და ე. ხ-ს წარმომადგენელ მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.