Facebook Twitter

¹ას-911-1194-09 11 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეM თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ყ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ ი. ყ-შვილის სარჩელის გამო მოპასუხე ამხანაგობა “...-2-ის” მიმართ წილზე საკუთრების უფლების აღიარების, ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ფართის მიკუთვნების შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ი. ყ-შვილის წარმომადგენელ გ. კ-ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და მის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობის წარმოდგენა.

2009 წლის 12 ოქტომბერს კასატორმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი სპეციალური მინდობილობა, ამასთან, განცხადებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ი. ყ-შვილის წარმომადგენლის გ. კ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას 26 ოქტომბრის ჩათვლით სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრი წარმოდგენა.

2009 წლის 26 ოქტომბერს ი. ყ-შვილის წარმომადგენელმა გ. კ-ძემ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა 500 ლარის ჩარიცხვის ქვითარი, ამასთან განცხადებით მოითხოვა გადასახდელად დარჩენილი თანხის გადახდისაგან განთავისუფლება ან თანხის გადავადება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ი. ყ-შვილის წარმომადგენლის გიგა კ-ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 30 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს ი. ყ-შვილის წარმომადგენელმა გ. კ-ძემ კვლავ მიმართა საკასაციო პალატას განცხადებით და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება საქართველოს კანონის “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ი. ყ-შვილის წარმომადგენლის გ. კ-ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 5 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 8 დეკემბერს ი. ყ-შვილის წარმომადგენელმა ვ. კ-შვილმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა 1 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ამასთან, განცხადებით მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე გადასახდელად დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადავადება. განცხადებას დაერთო ცნობები ... უნივერსიტეტიდან, საქართველოს სახელმწიფო ... უნივერსიტეტიდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, შრომის წიგნაკის ქსეროასლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ი. ყ-შვილის წარმომადგენელ ვ. კ-შვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადასახდელად დარჩენილი 4 000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორსა და მის წარმომადგენელ ვასილ (ბესო) კ-შვილს გაეგზავნა 2009 წლის 16 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ. 165-166). განჩინების ასლი ი. ყ-შვილის ოჯახის წევრს მიჩელაშვილსა და კასატორის წარმომადგენელ ვ. კ-შვილს პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 19 დეკემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია (ტ.II ს.ფ. 167-168).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

ი. ყ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 2000 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.