ას-911-859-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ თ. და მ. ბ-იები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. (ჟ.) ო-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებულ თანხაზე პროცენტის დაკისრება.
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ჟ. ო-იამ მოპასუხეების _ თ. და მ. ბ-იების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებულ თანხაზე, პროცენტის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სააპლაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 1997 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დადებული იყო ზეპირი გარიგება, რომლითაც თ. და მ. ბ-იებმა, თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე მათი კუთვნილი ბინა, მოსარჩელეს მიჰყიდეს 70 000 აშშ დოლარად.
ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელემ 1997 წლიდან 1998 წლის განმავლობაში გადაუხადა 17 200 აშშ დოლარი, ამავე გადაწყვეტილებით ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა ბათილად და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ, როგორც 17 200 აშშ დოლარის, ასევე ყოველთვიურად 2%-ის გადახდა, რამაც 2006 წლის 24 ოქტომბრის პერიოდისათვის შეადგინა 34,678 აშშ დოლარი.
მოპასუხეებს არ გადაუხდიათ არც ძირითადი თანხა და არც პროცენტი, მოსარჩელე შეეცადა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების გზით თანხის მიღებას, თუმცა იმის გამო, რომ მაშინაც და ამჟამადაც სააპელაციო სასამართლო იხილავს თ. და მ. ბ-იების შეგებებულ სარჩელს მის წინააღმდეგ, მოსარჩელეს უარი ეთქვა სააღსრულებლო ფურცლის გაცემაზე.
თ. და მ. ბ-იებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. ო-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოეხსნა ყადაღა თ. ბ-იას სახელზე აღრიცხულ უძრავ ქონებას.
აღნიშნული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. ო-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ჟ. ო-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჟ. ო-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. და მ. ბ-იებს ჟ. (დ.) ო-იას სასარგებლოდ დაეკისრათ 13072 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო და მხარეთა შორის დავას არ იწვევდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჟ. (დ.) ო-იამ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მ. და თ. ბ-იების მიმართ და მიუთითა რომ 1997 წლის ოქტომბერში მოპასუხეებს შეუთანხმდა, შეიძენდა მათ საცხოვრებელ სახლს მდებარე _ ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში 100 000 აშშ დოლარად და ბინაში არსებულ ავეჯს 45 000 აშშ დოლარად, ხოლო თანხას გადაუხდიდა ნაწილ-ნაწილ. სხვადასხვა დროს მოპასუხეებს გადაუხადა 100 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 45 000 აშშ დოლარის გადახდა ვერ შესძლო. მოპასუხეებმა ბინა გაასხვისეს სხვა მყიდველზე, ხოლო ჟ. ო-იას უარი განუცხადეს გადახდილი 60 000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 1997 წლის ოქტომბრიდან ბ-იები უსაფუძვლოდ ფლობდნენ 17 200 აშშ დოლარს, რომელიც ექვემდებარებოდა დაბრუნებას იმ სარგებლოთ, რომელიც მათ მიიღეს ან უნდა მიეღოთ თანხის სწორად გამოყენებით, ასეთ შემოსავლად კი, სასამართლოს განმარტებით, ფულადი ვალის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მეორე ნაწილით მიიჩნევა პროცენტი. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, თ. და მ. ბ-იებს ჟ. ო-იას სასარგებლოდ დაეკისრათ 17 200 აშშ დოლარისა და პროცენტის გადახდა 1997 წლის ოქტომბრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2006 წლის 24 ოქტომბრისათვის, 36 666 აშშ დოლარის ოდენობით (17 200 აშშ დოლარის 2% თვეში), სულ 53 866 აშშ დოლარი. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ო-იას საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. და მ. ბ-იების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ჟ. ო-იას თ. და მ. ბ-იების სასარგებლოდ დაეკისრა 55 231 აშშ დოლარის გადახდა. ამასთან, აღნიშნულ თანხის ანგარიშში გაიქვითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამაოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. და თ. ბ-იებისათვის ჟ. ო-იას სასარგებლოდ დაკისრებული 53 866 აშშ დოლარი და ჟ. ო-იას მ. და თ. ბ-იების სასარგებლოდ დაეკისრა 1 365 აშშ დოლარის გადახდა.
დადგენილია, რომ ჟ. ო-იას სარჩელზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით, ხოლო თ. და მ. ბ-იების შეგებებულ სარჩელზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2009 წლის 25 დეკემბერს. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი არ გაიცა იმ მოტივით, რომ თ. და მ. ბ-იები ითხოვდნენ ვალდებულების გაქვითვას, ხოლო ჟ. ო-იას ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტი თ. და მ. ბ-იების მიმართ წარმოადგენდა სადავოს. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ჟ. ო-იას ვალდებულება თ. და მ. ბ-იების სასარგებლოდ 55 231 აშშ დოლარის ოდენობით და შესაბამისად, დადგინდა ურთერთმოთხოვნათა გაქვითვა, კერძოდ, აღნიშნული თანხის 55 231 აშშ დოლარის ანგარიშში გაიქვითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. და თ. ბ-იებისათვის ჟ. ო-იას სასარგებლოდ დაკისრებული 53 866 აშშ დოლარი და ჟ. ო-იას მ. და თ. ბ-იების სასარგებლოდ დაეკისრა 1 365 აშშ დოლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისიწნებით და სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. და მ. ბ-იების ვალდებულება ჟ. ო-იას მიმართ 17 200 აშშ გადახდის შესახებ შეწყდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით 2009 წლის 25 დეკემბერს. და, ვინაიდან ჟ. ო-იას მოთხოვნას წარმოადგენდა ვალდებულების შესრულების მომენატამდე პროცენტის დაკისრება და მოვალის (თ. და მ. ბ-იების) ვალდებულება შეწყდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, სააპელაციო პალატამ სარჩელის მოთხოვნა პროცენტის 13072 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე კანონიერად ჩათვალა და დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და მ. ბ-იებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორთა განმარტებით, 2010 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაარღვია, საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-10, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი, 264-ე მუხლის მესამე ნაწილი, 266-ე მუხლი, 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი, 273-ე მუხლის მეორე ნაწილი, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი, 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტები, 337-ე მუხლი პირველი, მეორე და მესამე ნაწილები.
კასატორების მითითებით, სააპელაციო პალატა კი აღნიშნავს, რომ 2006 წლის 24 ოქტომბრიდან კასატორებს უნდა დარიცხებოდათ პროცენტი, მაგრამ იგი არ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, თუ, რის საფუძველზე გაჭიანურდა სასამართლო პროცესი 2009 წლის 25 დეკემბრამდე, და მთელი ამ ხნის განმავლობაში დ. ო-იას არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით თ. და მ. ბ-იების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და მ. ბ-იების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. და მ. ბ-იების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორები, თ. ბ-ია “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მ. ბ-ია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. და მ. ბ-იების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.