საქმე # 010142219700096778
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №43აგ-19 ქ. თბილისი
მ-ი ვ., 43აგ-19 27 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განაჩენით ვ. მ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ–ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათით.
ვ. მ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. 2019 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ვ. მ-ის შუამდგომლობა, რომლითაც ვ. მ-ი ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან იგი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ–ის 265-ე მუხლით, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“, ასევე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე–3 ნაწილის სიტყვები: „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისათვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის“.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. მ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. კასატორი - მსჯავრდებული ვ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისათვის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის.
3. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. მ-ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: დიდი ოდენობით - 178, 57 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - „კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანისათვის, რაც აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობას.
4. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - „ექვსიდან თორმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით - „ექვსიდან თორმეტ წლამდე“. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ვ. მ-ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით (და არა ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით), მასზე არ ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილიც.
5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ვ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ვ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი