Facebook Twitter

¹ას-913-953-2011 17 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე _ ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს «ა. კ-ის» წარმომადგენელ გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი Yთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს «აიდეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის» სარჩელის გამო, მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე მამუკა ქოჩიაშვილის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს «აიდეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის» წარმომადგენელ გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს «ა. კ-ის» წარმომადგენელ გ. ჯ-ძისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (ტ.III, ს.ფ.70), ასევე საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, რომლის თანახმადც 2011 წლის 22 მარტის სხდომა, სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო გადაიდო 2011 წლის 29 მარტს, რის შესახებაც ინფორმირებული იყო კასატორის წარმომადგენელი (ტ. III, ს.ფ.81).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 18 აპრილი, ხოლო 30-ე დღე არის 28 აპრილი. ამდენად, შპს «ა. კ-ის» წარმომადგენელ გ. ჯ-ძეს შეეძლო, მისულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინება 2011 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 28 აპრილამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორს განჩინება ჩაბარდა 2011 წლის 6 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო, ამავე მუხლის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 28 აპრილს და დასრულდა 2011 წლის 28 მაისს.

განსახილველ შემთხვევაში შპს «ა. კ-ის» წარმომადგენელმა გ. ჯ-ძემ საკასაციო საჩივარი ფოსტაში შეიტანა 2011 წლის 3 ივნისს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «ა. კ-ის» წარმომადგენელ გ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.