ას-915-862-2010 11 ნოემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს. _ მენეჯმენტის სკოლა” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დკამაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
A ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს. _ მენეჯმენტის სკოლის” მიმართ გარიგების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 3 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება მოსარჩელე სამინისტროს 5 თანამშრომლის ორგანიზებულ სტრატეგიული მართვის კურსში მონაწილეობის მიზნით. გარიგების შესაბამისად, სამინისტროს თანამშრომლებს სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში უნდა მიეღოთ სერტიფიკატები და მაგისტრატურის კურსდამთავრებულის დიპლომები, რისთვისაც მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 7500 ლარი.
2007 წლის 10 მაისს შპს “ს. _ მენეჯმენტის სკოლის” ხელმძღვანელობა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული გარიგება ბათილია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 3 ოქტომბერს შპს „ს. _ მენეჯმენტის სკოლასა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება სამინისტროს ხუთი თანამშრომლის ორგანიზებულ-სტრუქტურული მართვის კურსში მონაწილეობის მიზნით. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრა 12 კვირით.
სასამართლოს მითითებით, დადგენილია და დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული 12-კვირიანი სწავლების ორგანიზება შესაძლებელი იყო შპს “ს. _ მენეჯმენტის სკოლის” მიერ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას არ წარმოადგენდა.
პალატამ მიიჩნია, რომ გარიგების მხარეთა ნების არსებობის შემთხვევაში სწავლების მომდევნო კურსის გავლაზე შეთანხმება უნდა დადებულიყო დამატებით, გარკვეული პირობების დაცვით, რაც გულისხმობდა მსმენელების მიერ ოთხივე კურსის – ფინანსების, მარკეტინგის, სტრატეგიული მართვისა და ბიზნეს-პროექტი/დიპლომის წარმატებით გავლას.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების დასკვნითი დებულებების ბათილად აღიარება არ გამოიწვევს ხელშეკრულების სხვა ნაწილების ბათილობას, ვინაიდან ხელშეკრულების დადება დასკვნითი დებულებების არსებობით განპირობებული არ იყო და იგი დაიდებოდა ბათილი ნაწილის გარეშეც.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: შპს „ს. _ მენეჯმენტის სკოლამ“ სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით მსმენელებს შესთავაზა გარკვეული პირობები, რომელთა შესრულების შემდეგ აიღო ვალდებულება მაგისტრის დიპლომის გაცემის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში შეთავაზება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება სკოლას არ ჰქონდა, მიჩნეულ იქნა უკანონო სამეწარმეო საქმიანობად.
პალატამ სამინისტროს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპს-ს ჰქონდა დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რაც განახორციელა კიდეც, თუმცა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენდა მოპასუხის შეთავაზება და, შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც მომავალში ითვალისწინებდა სკოლის მიერ შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსის გავლასა და მაგისტრის დიპლომის მიღებას.
სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა და არ შეაფასა ის გარემოებები, რომ მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმება არ დადებულა შპს-ს ხელმძღვანელობის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტის დადგენის გამო და 2007 წლის 29 იანვარს დაიწყო გამოძიება შპს „ს. _ მენეჯმენტის სკოლის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე. 2007 წლის 10 მაისს კი სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო პასუხისგებაში მიეცენ საზოგადოების დამფუძნებლები _ ა. მ-ძე და ა. ხ-შვილი, ხოლო 2007 წლის 12 მაისს _ დირექტორი ნ. მ-ური.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს სადავო გარიგების ნაწილის ბათილად აღიარების იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა. გარიგების დასკვნითი დებულებებით განისაზღვრა სკოლის მიერ შემოთავაზებული ოფერტი და მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების გაფორმების შემდეგ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის დიპლომის გაცემის ვალდებულება. გასაჩივრებული ხელშეკრულება არ დაიდებოდა, რომ არ ყოფილიყო დასკვნითი დებულებით გათვალისწინებული პირობა, ხოლო კონკრეტული კურსის გავლა და მისი განხორციელებისათვის დადებული შეთანხმება წარმოადგენდა შპს-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლი, რადგან სამინისტრო მოპასუხის მხრიდან მაგისტრის დიპლომის გაცემის ვალდებულების უზრუნველყოფის გარეშე სადავო ხელშეკრულებას არ დადებდა და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 976-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია გარიგების ბათილად ცნობისა და თანხის დაბრუნების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.