Facebook Twitter

ას-91-81-2011 26 აპრილი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ო- ა-შვილი, მ. და ნ. კ-ძეები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – კონკურისისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი კონკურსის ჩატარების დავალება, ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 10 ოქტომბერს ო- ა-შვილმა, ნ. კ-ძემ, ე. დ-შვილმა, ნ. გ-ძემ და მ. კ-ძემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული აქტის არარად აღიარების, კონკურსის შედეგების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ო- ა-შვილის, ნ. კ-ძის, ე. დ-შვილის, ნ. გ-ძისა და მ. კ-ძის სარჩელი, მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ – 2007 წლის 20 აგვისტოს ბრძანების, მოსარჩელეების შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში, ბათილად ცნობის, სამსახურში მიღების, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

მოსარჩელეებმა დააზუსტეს სარჩელი და მოითხოვეს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი კონკურსის ჩატარების დავალება, ასევე მიუღებელი ხელფასის სახით ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო- ა-შვილის, ნ. კ-ძის, ე. დ-შვილის, ნ. გ-ძისა და მ. კ-ძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოსარჩელეებმა, სახელდობრ: ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყენებითი ფიზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგის თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე ო- ა-შვილმა, ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოლოგიის ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის მიმართულების სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის გამგის თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე ე. დ-შვილმა, გ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიის გამგის თანამდებობის დასაკავებლად მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე ნ. გ-ძემ, დ) ზუსტ და საბუნებისმრტყველო ფაკულტეტის ფიზიკისა და იონოსფეროს ფიზიკის ლაბორატორიის გამგის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე ნ. კ-ძემ, ე) ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე მ. კ-ძემ;

2. კონკურსში მონაწილეობის დროისთვის:

ა) მოსარჩელე ო- ა-შვილი იყო ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

ბ) მოსარჩელე ნ. გ-ძე იყო ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი.

გ) მოსარჩელე ნ. კ-ძე იყო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

დ) მოსარჩელე ე. დ-შვილი იყო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ე) მოსარჩელე მ. კ-ძე იყო ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

3. მოპასუხიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის ¹11/02-01 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ხოლო 2007 წლის 3 აპრილის ¹20/02-01 ბრძანებით _ საფაკულტეტო საკონკურსო ქვეკომისიები;

4. საკონკურსო კომისიამ 2007 წლის 16 მარტს დაამტკიცა დასახელებული კონკურსის მონაწილეთა შეფასების წესი;

5. კონკურსანტთა შეფასება ხდებოდა 100-ქულიანი სისტემით. ფაკულტეტის ქვეკომისია და საკონკურსო კომისია კონკურსანტთა შეფასებას ახდენდა ცალ-ცალკე 50-ქულიანი სისტემით. კონკურსანტის ჯამური შეფასება შეადგენდა ორივე კომისიის მიერ წარმოდგენილი შედეგების ჯამს. კონკურსში დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტს უნდა გადაელახა 75 ქულა;

6. სადავო კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კონკურსი ჩაატარა საფაკულტეტო ქვეკომისიამ, ხოლო მეორე ეტაპზე – საკონკურსო კომისიამ. პირველ ეტაპზე ხდებოდა საკონკურსო მოთხოვნებთან კონკურსანტთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა, მეორე ეტაპზე კი, გასაუბრების გზით, დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობის და პიროვნული თვისებების შესაბამისობის დადგენა;

7. ფაკულტეტზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე საბუთები წარადგინა 406-მა კონკურსანტმა;

8. მოსარჩელეების ჯამური შეფასება შეადგენს: ო. ა-შვილის -71 ქულას; ე. დ-შვილის – 76 ქულას; ნ. გ-ძის – 72 ქულას; ნ. კ-ძის – 72 ქულას; მ. კ-ძის 51 ქულას. შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებისათვის დადგენილ ქულათა მინიმალური ზღვარი (75 ქულა) გადალახა ერთმა მოსარჩელემ – ე. დ-შვილმა. საკონკურსო კომისიის წარდგინებით მას რეკომენდაცია მიეცა უფროსი ლაბორანტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

9. კონკურსში მონაწილეობის დროისათვის მოსარჩელეები არ იმყოფებოდნენ მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში;

10. მოპასუხის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ბრძანებით, საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებონაზე 2007 წლის 20 აგვისტოდან დაინიშნენ მისი ¹2 დანართით განსაზღვრული პირები, რომელთა შორის არ არიან დასახელებული მოსარჩელეები: ის თანამდებობები, რომელთა დასაკავებლადაც მოსარჩელეებმა ო. ა-შვილმა, ნ. გ-ძემ და ე. დ-შვილმა მიიღეს კონკურსში მონაწილეობა, დაიკავეს ¹2 დანართში დასახელებულმა, კონკურსში გამარჯვებულმა პირებმა, ხოლო ის თანამდებობები, რომელთა დასაკავებლადაც კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ნ. კ-ძემ და მ. კ-ძემ, დარჩა ვაკანტური.

აღნიშნული გადაწყვეტილება ო- ა-შვილმა, მ. კ-ძემ, ნ. კ-ძემ და ნ. გ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

იმავე სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ო- ა-შვილის, მ. კ-ძის, ნ. კ-ძისა და ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ იმ საფუძვლით, რომ კონკურსი ჩატარდა გაუმჭვირვალედ, არაკონკურენტულ, არათანასწორ გარემოში, არაობიექტურად და საკონკურსო წესების უხეში დარღვევით. დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს ადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამასთან კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სპეციალურ მექანიზმს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღებისას, რის გამოც ასეთი მექანიზმის განსაზღვრა მთლიანად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დისკრეციას წარმოადგენს. საკონკურსო კომისიის მიერ განხორციელებული შეფასებების ობიექტურობის საკითხს სასამართლო ვერ შეაფასებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სასამართლო შეიჭრებოდა საკონკურსო კომისიის ფუნქციებში, რაც დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო- ა-შვილმა, მ. კ-ძემ და ნ. კ-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს საქმე სამი მოსამართლის შემაგდნელობით უნდა განეხილა, რადაგანაც მოსარჩელეებს სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება შეეზღუდათ, შესაბამისად, მოცემული დავა დაკავშირებული იყო გამოხატვის თავისუფლებალსთან. სასამართლომ, ასევე, არასწორად განმარტა «უმაღლესი განათლების შესახებ» კანონის ნორმები და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კონკურსი კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩატარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო- ა-შვილის, მ. და ნ. კ-ძეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ო- ა-შვილის, მ. და ნ. კ-ძეების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ სემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი სრულად გადახდილი აქვს მ. კ-ძეს. შესაბამისად, ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

რაც შეეხება ო- ა-შვილსა და ნ. კ-ძეს, საკასაციო პალატის 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით მათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდათ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ო- ა-შვილსა და ნ. კ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 30% - 90 ლარი თითოეულს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო- ა-შვილის, მ. კ-ძისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

მ. კ-ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

ო- ა-შვილსა (პ/ნ ....) და ნ. კ-ძეს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 30% - 90 ლარი თითოეულს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.