Facebook Twitter

ას-920-867-2010 25 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ჰ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ჰ.-ს“ მიმართ ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში სასურსათო ხორბლის რეალიზაციიდან ამონაგები თანხებით, სამინისტროს მიერ გამართულ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების შესყიდვაზე გამოცხადდა ღია ტენდერი მინიმუმ 70 ერთეული ტრაქტორისა და გუთნის შესყიდვის მიზნით. გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჰ.“, რომელსაც, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დაეკისრა ვალდებულება სულ ცოტა 70 ერთეული ტრაქტორის სამინისტროსათვის მიწოდებაზე.

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, კერძოდ, 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, 2006 წლის 20 აპრილს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი 75 ერთეული ტრაქტორის შემსყიდველისათვის გადაცემის თაობაზე. ამავე დროს ტრაქტორებთან ერთად ასევე გათვალისწინებული იყო 2006 წლის 20 აპრილს იმავე რაოდენობის გუთნების შემოტანის ვალდებულება, რაც მიმწოდებელმა არ შეასრულა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მხარეებს შორის 2006 წლის 27 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 17 მარტის ¹3701-6/49 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს შემსყიდველს საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე დროს ხელშეკრულების საერთო პირობების 20.1 პუნქტის თანახმად, ფორსმაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები. შესაბამისად, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 9.1 მუხლის თანახმად, შპს „ჰ.-ს“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის ღირებულებიდან, სულ _ 314 414,62 ლარი.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული 75 ერთეული ტრაქტორისა და გუთნის მიწოდება წარმოადგენდა მხარეებს შორის შეთანხმებულ ერთიან ვალდებულებას, ვინაიდან შემსყიდველის ინტერესში არ შედიოდა მხოლოდ ტრაქტორის მიწოდება გუთნის გარეშე.

მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-11 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მიმწოდებლის მიერ მისაწოდებელი საქონლის სვლის შემანელებლებით კომპლექტაციას. აღნიშნული უნდა მომხდარიყო სამინისტროს მიერ ამ ხელშეკრულებისათვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, რაც დღემდე შეუსრულებელია. მინსკის სატრაქტორო ქარხნის უკრაინული წარმომადგენლის _ „რ.-ს“ ინტერნეტგვერდზე განთავსებული მონაცემებით, სვლის შემანელებლის ერთეულის ფასი შეადგენს 4900 უკრაინულ გრივნას, რაც, ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, 1687 ლარია, ამდენად, მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს 75 ერთეულის ღირებულება _ 126525 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის დაიდო ორი ხელშეკრულება _ 2006 წლის 17 მარტის ¹370106/49 და 2006 წლის 4 სექტემბრის ¹37101/86. პირველი ხელშეკრულების საგნის ღირეულებაა 3733,95 ლარი, მეორის _ 34356,30 ლარი. 2007 წლის 12 იანვრის ¹5-1-9/59 წერილით შპს „ჰ.-სათვის“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ცნობილი გახდა, რომ, 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულების დარღვევის გამო, შპს „ჰ.-ს“ უნდა გადაეხადა 3733,95 ლარი. წერილის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, 2007 წლის 20 თებერვალს, მოპასუხემ აღნიშნული თანხა გადაიხადა, რაც შესაბამისი ქვითრით დასტურდება.

2006 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე პირგასამტეხლო სწორად არ იყო დარიცხული. მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ შპს “ჰ.-მ” ნაკისრი ვალდებულებები დროულად შეასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა საფუძვლით უნდა დაეკისროს მას პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის დარიცხვით. არასწორია თვით პირგასამტეხლოს ოდენობაც. კანონსაწინააღმდეგოა მოსარჩელის მიერ მითითებული სვლის შემანელებლის ღირებულებაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს “ჰ.-ს” 2006 წლის 4 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 16 935,88 ლარის, ხოლო 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით _ 8625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება სადავო ნივთის _ ტრაქტორის სვლის შემანელებლის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების არასწორი შეფასების თაობაზე, რაც, აპელანტის მოსაზრებით, იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სვლის შემანელებლის ღირებულებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებლად უარყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ “კ.ამირეჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის” მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტრაქტორებისათვის სვლის შემანელებელი მოწყობილობის ღირებულების თაობაზე, რის გამოც არასწორად იქნა გამოთვლილი მიყენებული ზიანის ოდენობა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 17 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „ჰ.-ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹370101/49 ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა, შპს „ჰ.-მ“, ვალდებულება იკისრა, შემსყიდველისათვის საქონელი მიეწოდებინა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად კი _ მისაწოდებელი საქონელი დაეკომპლექტებინა სვლის შემანელებლებით.

მხარეთა შორის 2006 წლის 20 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მიწოდებული ტექნიკა სვლის შემანელებლებით დაკომპლექტებული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს „ჰ.-ს“ მიერ 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ჯეროვნად არ შესრულდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი სადავოდ ხდის სვლის შემანელებლის ერთეულის ღირებულებას, რომელიც, შპს „ჰ.-ს“ მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 115 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო აპელანტის ინფორმაციით _ მისი ფასი 1687 ლარია. აღნიშნული გარემოებების დადგენის მიზნით შპს „ჰ.-ს“ წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2006 წლის 9 მარტის ¹4-1-8/591ა წერილზე, რომლის მიხედვითაც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ატყობინებდა შპს „ჰ.-ს“ დირექტორს, რომ მიზნობრივი პროგრამის _ „სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ ტრაქტორების შესყიდვის მიზნით მიმდინარე ტენდერში წარმოდგენილი შპს “ჰ.-ს” სატენდერო წინადადების განხილვისას სატენდერო წინადადების საერთო ფასსა და ფასების ცხრილის ფორმაში მოცემულ ფასებს შორის დაფიქსირდა გარკვეული სახის შეუსაბამობა, კერძოდ, სატენდერო წინადადების ფასი შეადგენს 2 700 000 ლარს, ხოლო ფასების ცხრილის მიხედვით, შემოთავაზებული საქონლის საერთო ფასია 2598562,5 ლარი.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ითხოვდა საკითხის დაზუსტებას, რით იყო გამოწვეული ზემოაღნიშნული შეუსაბამობა, რათა კომისიას მისცემოდა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2006 წლის 9 მარტის ¹4-1-8/591ა წერილის პასუხად შპს “ჰ.-ს” დირექტორ ი.გ-ძის წერილით 2006 წლის 10 მარტს ეცნობა, რომ სატენდერო წინადადებასა და ფასების ცხრილს შორის შეუსაბამობა არ არის. აღნიშნული სხვაობა წარმოადგენს შპს “ჰ.-ს” მოგებას, რომელიც შესდგება ასევე სხვადასხვა ხარჯებისაგან (საბანკო პროცენტი, სამივლინებო ხარჯები და სხვა).

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებანი: 2006 წლის 17 მარტს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის 2„ბ“ პუნქტში ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად მითითებულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და ფასების ცხრილი, რომლის თანახმადაც 82175 ცალი ტრაქტორი “ბელორუსის” საერთო ღირებულება განსაზღვრულია 2411865 ლარით, ხოლო 75 ცალი გუთნის სამკაპიანი საკიდის ფასია 186697,5 ლარი.

2006 წლის 6 მარტის სატენდერო წინადადების თანახმად (რომელიც წინ უსწრებდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას), მიმწოდებელი – შპს „ჰ.-“ თანახმა იყო, განეხორციელებინა 75 ერთეული ტრაქტორ „ბელორუს 82.1-ისა“ და ჩვეულებრივი საკიდი (სამკორპუსიანი) გუთნის მიწოდება 2700000 ლარად. სატენდერო წინადადებას ერთვოდა ფასების ცხრილი.

ტრაქტორ „ბელორუს 82.1-ის“ სპეციფიკაციის თანახმად, ტრაქტორი სვლის შემანელებლით აღჭურვილი არ ყოფილა. შპს „ჰ.-ს“ ზემოაღნიშნული წერილისა და ფასების ცხრილის მიხედვით კი, სატენდერო წინადადებად რჩებოდა 2700000 ლარი, სადაც სვლის შემანელებელი არ შედიოდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მისაღები იყო შპს „ჰ.-ს“ სატენდერო წინადადება. მათ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც სატენდერო პირობებისაგან და ფასების ცხრილისაგან განსხვავებული პირობები მიეთითა სვლის შემანელებლის მიწოდების სახით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ წარმოუდგენია და ვერ დაასაბუთა, რომ, სატენდერო პირობების შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ტრაქტორის სვლის შემანელებლის შესყიდვის თანხა შპს „ჰ.-სათვის“ წინასწარ გადახდილი ჰქონდა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია აპელანტის მოსაზრება სასამართლოს მიერ სვლის შემანელებლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისა და ერთი ერთეული სვლის შემანელებლის 1687 ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს (მყიდველს) ნასყიდობის საგნის მიღებაზე უარი არ განუცხადებია და 2008 წლის 20 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს 75 ერთეული ტრაქტორის მიწოდების ფაქტს, თუმცა შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ტრაქტორის შემოწმებისას არც ერთი მათგანი არ იყო დაკომპლექტებული სვლის შემანელებელი დეტალით, რისი უზრუნველყოფაც მიმწოდებელს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-11 მუხლით ეკისრებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სვლის შემანელებლის ნასყიდობის ფასი წინასწარ არ გადაუხდია.

სასამართლომ არ იმსჯელა შპს “ჰ.-სათვის” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ 8625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ, ვინაიდან ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ჰ.-ს” არ გაუსაჩივრებია.

სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ სატენდერო პირობებითა და ფასების ცხრილით ტრაქტორის სვლის შემანელებლის მიწოდება და 75 ერთეულის საერთო ღირებულება არ განსაზღვრულა, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია ფასის იმ ოდენობით შემცირებაზე მსჯელობა, რაც საჭიროა კონკრეტული ნაკლის გამოსასწორებლად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მეორე პუნქტი და უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მითითებანი.

სააპელაციო პალატას ნივთის ნაკლი უნდა შეეფასებინა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლითაც ტრაქტორის ფასი განისაზღვრა სვლის შემანელებელთან ერთად.

აღნიშნული გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლომ შპს „ჰ.-საგან“ მიიღო დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, მხარეებს შორის წარმოებული კორესპოდენცია ფასების ცხრილსა და სატენდერო წინადადებას შორის არსებული შეუსაბამობის თაობაზე, თუმცა დაადგინა, რომ შეუსაბამობა არ არსებობს. ამავდროულად, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების შესრულების მომენტში ტრაქტორ „ბელარუს 82.1“ ტრაქტორი სვლის შემანელებლით არ აღჭურვილა და აღნიშნულზე დაყრდნობით არასწორად მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „ჰ.-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობაზე სვლის შემანელებლით აღჭურვასთან დაკავშირებით ნასყიდობის ფასი წინასწარ გადახდილი არ ყოფილა.

ზემოხსენებული მსჯელობით სააპელაციო პალატამ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე უარყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, სადაც ცალსახადაა მითითებული, რომ გამყიდველს ნასყიდობის საგნის ფასი, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია, წინასწარ აქვს გადახდილი.

სააპელაციო პალატამ ასევე არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირდაპირი მითითება და, სამოქალაქო კოდექსის 337-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, სათანადოდ არ გამოიკვლია, თუ რა თანხა იქნა გადახდილი ხელშეკრულებით ტრაქტორის შესასყიდად, რა ღირებულების იყო ტრაქტორი სვლის შემანელებლის გარეშე და რა ოდენობით მეტი თანხა გადაიხადა მყიდველმა ნასყიდობის საგნის სადავო დეტალით – სვლის შემანელებლით შესყიდვისათვის.

მითითებული გარემოება მნიშვნელოვანია მით უფრო, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უარუყვია შპს „ჰ.-ს“ მიერ 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მეტიც, აღნიშნული ფაქტი აღიარებულია თავად მოპასუხე მხარის მიერაც.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე. პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, არ იმსჯელა და სათანადოდ არ შეაფასა კონკრეტული დავის არსი და შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებისა და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სვლის შემანელებლის ნასყიდობის ფასი წინასწარ არ გადაუხდია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პირობას _ საქმისათვის მნიშვნელოვანი ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობას, არასრულად დადგენასა და მტკიცებულებების დამატებით გამოკვლევის აუცილებლობას, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული საკასაციო სასამართლოს დასაბუთება სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოდგენილ დავაზე ერთხელ უკვე განიხილა, რა დროსაც დაუბრუნა საქმე სააპელაციო პალატას კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებები სათანადოდ შესრულებული არ არის, კერძოდ:

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2006 წლის 17 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „ჰ.-ს“ შორის დაიდო ¹370101/49 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც შპს „ჰ.-მა“ ვალდებულება იკისრა, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სვლის შემანელებლებით დაკომპლექტებული ტრაქტორები.

მხარეთა შორის 2006 წლის 20 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მიწოდებული ტრაქტორები სვლის შემანელებლებით დაკომპლექტებული არ იყო.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად რა თანხა იქნა გადახდილი ტრაქტორის შესასყიდად, რა ღირებულებისა იყო ტრაქტორი სვლის შემანელებლის გარეშე და რამდენით მეტი თანხა გადაიხადა მყიდველმა ნასყიდობის საგნის სვლის შემანელებლით შესყიდვისათვის.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით 2006 წლის 17 მარტის ხელშეკრულების 2 “ბ” პუნქტით ამავე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად მიჩნეული სატენდერო წინადადებისა და ფასების ცხრილის საფუძველზე დაადგინა, რომ 75 ცალი “ტრაქტორ ბელორუსი 82.1-ის” საერთო ღირებულებაა 2 411 865 ლარი, ხოლო 75 ცალი გუთნის სამკაპიანი საკიდით _ 186 697,5 ლარი, თუმცა ტრაქტორის სვლის შემანელებლის ღირებულება არ დაუდგენია.

საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს საკასაციო პრეტენზიას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეკრულებით გათვლისწინებული სვლის შემანელებლის ღირებულება წინასწარ არ გადაუხდია.

აღნიშნული დასკვნა არ ეფუძნება საქმეში არსებული მტკიცებულებების (მხარეთა შორის 2006 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების) სრულ და ყოველმხრივ შეფასებას. მითითებული ხელშეკრულების შინაარსით ნათლად ირკვევა მიმწოდებელ შპს “ჰ.-ს” ვალდებულება, მისაწოდებელი საქონელი დაკომპლექტებულიყო სვლის შემანელებლით (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობის მე-11 პუნქტი). სწორედ აღნიშნული განაპირობებს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილში _ შეფასების ცხრილში სვლის შემანელებლის ღირებულება ცალკე მოცემული არ არის, არამედ მითითებულია ტრაქტორის ღირებულებასთან ერთად. აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ წინასწარი ანგარიშსწორების წესზე.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ჰ.-მა” დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი მხარეთა შორის 2006 წლის 17 მარტს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა ამავე კოდექსის 487-488-ე მუხლით განსაზღვრული ნაკლის მქონე ნივთი.

გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო სამართალი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, სახელშეკრულებო პირობათა მოდიფიცირების გზით (სამოქალაქო კოდექსის 490-ე, 492-ე მუხლები) რეალური მდგომარეობა შეუსაბამონ სამართლებრივ ურთიერთობას და შეინარჩუნონ ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში მყიდველს _ კასატორს ნივთის ნივთობრივი ნაკლის გამო ნასყიდობის საგნის მიღებაზე უარი არ განუცხადებია და, შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლა არ მოუთხოვია.

სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას, გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

მითითებული ნორმის შესაბამისად, ნივთობრივი ნაკლის არსებობის შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ნასყიდობის საგნის ფასის შემცირება, ხოლო წინასწარ გადახდის შემთხვევაში _ უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულება ამ ნაწილში შეწყვეტილია და მხარეებმა განმარტეს, რომ სადავო სვლის შემანელებლების წარმოება აღარ ხდება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააპელაციო პალატა დაადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ტრაქტორების შესაძენად გადახდილი თანხიდან რა ოდენობა შეადგენს სვლის შემანელებლის ღირებულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.