¹ას-921-1204-09 14 იანვარი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “ზ.-ი” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს “ა.-ა”, შპს “კ.-ა”, სს “ს.-ა” (მოპასუხეები)
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2008 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2007 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართა შპს „ზ.-ის“ წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა, შპს „ა.-ის“, შპს „კ.-ის“ და სს „ს.-ის“ მიმართ და მოითხოვა 2006 წლის 21 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების სადავო ხელშეკრულების დადებამდე რეგისტრირებული მესაკუთრისათვის მიკუთვნება-დაბრუნება, მათი ბათილად ცნობა, აგრეთვე, მოითხოვა შპს „კ.-ას“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლის შესაბამისადაც თბილისში, ... ¹1-ში მდებარე უძრავი ქონება, 3800 კვ.მ (დაზუსტებული) მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები რეგისტრირებულია შპს „ა.-ის“ სახელზე. 2007 წლის 10 აპრილს შპს „ზ.-მა“ სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ 2006 წლის 21 მარტს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც სს „ს.-ას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ... ¹1-ში, 3800 კვ.მ (დაზუსტებული) მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მიეყიდა შპს „ა.-ს“ 4.144.421.00 ლარად, რაც 10-ჯერ ნაკლებია ქონების რეალურ ღირებულებასთან.
შპს „ზ.-ი“ წარმოადგენს სს „ს.-ის“ აქციონერს, რომელიც ფლობს აქციათა 50.99 %-ს და ამავდროულად წარმოადგენს საზოგადოების კრედიტორს, თანახმად 2004 წლის 5 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებისა, რომლის შესაბამისად სესხად გაცემული ძირითადი თანხაა 1.684,616 00 აშშ დოლარი წლიური 15%-იანი სარგებლით, ხოლო დაბრუნების ვადად განსაზღვრულია 2005 წლის 1 მარტი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ზემოხსენებული სესხის ხელშეკრულების 3.17 მუხლის „გ“ და „ბ“ პუნქტების შესაბამისად, სს „ს.-ას“ უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში ესაჭიროება კრედიტორის ანუ შპს „ზ.-ის“ ნებართვა-თანხმობა. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2005 წლის 8 ივლისს სს „ს.-ის“ აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს „ს.-ის“ ადმინისტრაციული შენობის გასხვისების თაობაზე და კრების ოქმში აღინიშნა, რომ ქონების გასხვისების შემთხვევაში სს „ს.-ის“ გენერალური დირექტორის - ი.უ-იას უნდა მოეპოვებინა საზოგადოების კრედიტორთა თანხმობა. 2006 წლის 21 მარტს უძრავი ქონების გასხვისებაზე დადგენილი თანხმობა კრედიტორების მხრიდან 2004 წლის 5 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების და სს „ს.-ის“ აქციონერთა საერთო კრების 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამასთან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ან დანართ დოკუმენტებში არ არის მითითებული შენობის იმ უფლებრივი ნაკლის შესახებ, რომლის თანახმადაც შპს „ზ.-ის“ ვალის გაქვითვაც უნდა მომხდარიყო შენობის ღირებულების ანგარიშიდან, რაც გაწერილი იყო 2005 წლის 8 ივლისის კრების ოქმში, რის შესახებაც, როგორც სარჩელშია მითითებული, იცოდა შპს „ა.-მ“ როგორც ქონების მყიდველმა, ვინაიდან ამ უკანასკნელის დამფუძნებელი თ. უ-ავა სს „ს.-ის“ აქციონერია, შპს „ზ.-ის“ აქციების გამსხვისებელია და სესხის ხელშეკრულების მხარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნებია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნული ხელშეკრულებით გასხვისებული უძრავი ქონების ხელშეკრულების დადებამდე რეგისტრირებული მესაკუთრისათვის მიკუთვნება-დაბრუნება, შპს „ა.-ისა“ და შპს „კ.-ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების შპს „ა.-ს“ და შპს „კ.-ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების შპს „ა.-ის“ რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის გაუქმება. ხელშეკრულების ბათილად ცნობის ინტერესად მოსარჩელე უთითებს იმას, რომ ბათილად ცნობით დადებამდე არსებულ მესაკუთრეზე, რომლის აქციათა 50,99%-ის მფლობელი აქციონერია შპს „ზ.-ი“ და მოთხოვნის დაკმაყოფილება მისთვის გარკვეული სარგებლობის მოტანას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ზ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ზ.-მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს “ზ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ზ.-მა”. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2005 წლის 8 ივლისს სს “ს.-ის” აქციონერთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს “ს.-ის” სადავოდ გამხდარი ქონების გასხვისების შესახებ. აღნიშნული არ გამომდინარეობს დასახელებული კრების ოქმიდან და არ შეესაბამება სინამდვილეს. კრების ოქმში მითითებულია, რომ უნდა მიეღოთ კრედიტორების თანხმობა, ამასთან უნდა გაესხვისებინათ რამდენიმე ნაწილად დაყოფილი შენობის მხოლოდ ერთი ნაწილი – ადმინისტრაციული შენობა, რის საფუძველზე უგულებელყო სასამართლომ კრების ოქმის აღნიშნული ჩანაწერი. გაუგებარია რა გარემოებებზე დაყრდნობით შეაფასა და დაადგინა სასამართლომ, რომ აქციონერები ადმინისტრაციულ შენობაში მთელ სასტუმროს გულისმობდნენ. სასამართლომ მცდარი მსჯელობის საფუძველზე დაადგინა აღნიშნული გარემოება. დაუსაბუთებელია მსჯელობა, რომ აქციონერთა კრების გადაწყვეტილებაში სრულად იყო მოცემული და გამოხატული შპს “ზ.-ის” ნება მთლიანი ქონების გასხვისებაზე. სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად შეაფასა თუ რას გულისხობდა აქციონერთა კრების გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერი, კრედიტორებთან საზოგადოების დირექტორის შეთანხმების თაობაზე და საერთოდ არ გამოუკვლევია განხორციელდა თუ არა ასეთი შეთანხმება დირექტორსა და კრედიტორებს შორის თუნდაც იმ სახით, რა სახითაც გასაჩივრებულ განჩინებაშია ეს შეთანხმება შეფასებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს “ზ.-ს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (8000 ლარის) 70% - 5600 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.