ას-921-868-2010 18 ოქტომბერი, 2010წ.
q. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით კასატორ ნ. გ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ნ. გ-შვილს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და 750 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კასატორს მისივე შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან ორი კვირით.
2010 წლის 12 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. გ-შვილმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ განმეორებითი შუამდგომლობით. განმცხადებელი კვლავ ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო. კასატორმა ასევე წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, შეამოწმა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა ნ. გ-შვილის შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მისი გათავისუფლების შესახებ, მიიჩნია, რომ კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მისი ქონებრივი მდგომარეობის გამო სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კასატორს მისი შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 2 კვირით. ნ. გ-შვილის მიერ 2010 წლის 12 ოქტომბერს წარმოდგენილ განცხადებაში შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებაზე ან მისი გადახდის გადავადებაზე ემყარება იმავე საფუძვლებს, რაც საკასაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში უკვე შეაფასა და არ მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის საკმარისად დასაბუთებულ საფუძვლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ არ არის დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძვლების არსებობა, საკასაციო საჩივრის დადგენილი ხარვეზი სრულად არ არის შევსებული დანიშნულ ვადაში, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.