ას-923-870-2010 2 დეკემბერი, 2010 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ სსიპ “სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველო”
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ე-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ე-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1997 წელს მოსარჩელესა და ვარხნის საკრებულოს შორის დაიდო წყალსადენის იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ა.ე-ძემ წყალსადენს ჩაუტარა 3 387 აშშ დოლარისა და 6930 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები.
ადიგენის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოხსენებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა, ხოლო გადახდილი თანხის სანაცვლოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მიიღებდა სამშენებლო მასალას. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ სადავო მასალების გადაცემაზე ა.ე-ძეს უარი განუცხადა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა.ე-ძემ ვერ დაადასტურა სადავო სამშენებლო მასალა (მილები) ნამდვილად მოპასუხის ტერიტორიაზე მდებარეობს თუ არა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ე-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სამცხე-ჯავახეთის რეგინალურ სატყეო სამმართველოს დაევალა “ტყით სარგებლობის წესების“ დაცვით ნება დართოს მოსარჩელეს, გაიტანოს მისი კუთვნილი წყალმომარაგების მილები, რომელიც მდებარეობს ე.წ. “კურცხანის“ ტყის ტერიტორიაზე.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ “სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველომ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1998 წლის 1 დეკემბერს ა. ე-ძესა და ადიგენის რაიონის სოფელ ვარხნის თემის საკრებულოს გამგებელ ტ. დ-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ა. ე-ძის მიერ ე.წ. “კურცხანის” ტყის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემაში ჩატარებული 6930 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების სანაცვლოდ, ვარხნის თემის საკრებულომ მოსარჩელეს გადასცა ე.წ. “კურცხნის” ტერიტორიიდან სოფელ ვარხნის შესასვლელამდე არსებული გაუქმებული 300 მმ მილები და სხვა.
1999 წლის 15 მარტს მხარებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარება. ვარხნის საკრებულოს გამგებელსა და ა. ე-ძეს შორის დადებული 1997 წლის 27 აგვისტოს საიჯარო ხელშეკრულებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მეიჯარე ვარხნის საკრებულომ მოიჯარეს იჯარით გადასცა ვარხნის წყალსადენი, რომელიც მდებარეობს ე.წ. “კურცხანის” წყლის სათავიდან სოფელ ვარხნის შემოსასვლელამდე.
ადიგენის რაიონული სასამართლოს 1999 წლის წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, მეიჯარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით, რის გამოც იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა.
იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ შესრულებული სამუშაოს ღირებულების სანაცლოდ ა. ე-ძეს გადაეცა ე.წ. “კურცხანის” ტყეში წყლის სათავიდან სოფელ ვარხნის შემოსასვლელამდე არსებული უმოქმედო წყალმომარაგების მილები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი და არ გამოიკვლია, თუ რაში გამოიხატებოდა ხელშეშლა და რისი აღკვეთა უნდა მომხდარიყო. აპელანტის წარმომადგენელმა არ უარყო, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს “კურცხანის” ტყის ნიადაგიდან მისთვის მიკუთვნებული მილების ამოღების საშუალება არ მისცა, რადგან არსებობდა მრავალწლიანი ნარგავებისა და წითელ წიგნში დაცული მცენარეების დაზიანების საშიშროება. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან მოხდა მოსარჩელისათვის მიკუთვნებული მილების ამოღების ხელშეშლას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ “სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველომ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორედ დაადგინა, რომ სადავო მილები მდებარეობს “კურცხალის” ტყის ტერიორიაზე, ვინაიდან სათანადო მტკიცებულებათა შეფასებით არ დადასტურებულა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მილები სწორედ ის მილებია, რომელთა მიმართ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი და ეს მილები ტყის ტერიტორიაზე იმყოფება.
სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მილების ამოღება, მაგრამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მილების ამოღებას შეიძლება მოჰყვეს წითელ წიგნში შეტანილი ნარგავების დაზიანება და აღნიშნულმა ფაქტობრივად ხელი შეუწყო სამართალდარღვევის განხორციელებას. სასამართლომ დაადგინა სადავო მილების დემონტაჟი და მიწიდან ამოღება ზოგადად “ტყის სარგებლობის წესების” შესაბამისად, თუმცა არ მიუთითა სამართლის კონკრეტული ნორმა, რომლითაც აღნიშნული წესები დამტკიცდა.
სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რომ მხარეთა შორის გოფორმებული ხელშეკრულებით იჯარით გაიცა “ვარხნის წყალსადენი”, რომელიც მდებარეობს ე.წ. “კურცხანის წყლის” სათავიდან სოფელ ვარხნის შესასვლელამდე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი კასატორს აღეკვეთა ხელშეშლა ე.წ. “კურცხანის” ტერიტორიიდან მილების ამოღებაში, რაც იდენტური ადგილები არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სსიპ “სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ “სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ “სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.