Facebook Twitter

¹ას-927-1210-09 25 მარტი, 2010წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ მიწოდებული წყლის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მიწოდებული წყლის საფასურის _ ძირითადი თანხის 13745 ლარისა და ამასთან სადავო თანხიდან ეროვნული ბანკის მიერ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე შესაბამისი პერიოდისათვის დადგენილი პროცენტის დაკისრება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 15533.36 ლარის გადახდა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის იაღლუჯის გაწყლოვანების სამმართველომ, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრს „კ .“ მიაწოდა 17400 მ3 წყალი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრმა მიიღო აღნიშნული მიწოდება.

მიწოდებული წყლის ღირებულებამ შეადგინა 13745 ლარი. კანონით განსაზღვრული პროცენტის თანხამ შეადგინა 1788 ლარი და 36 თეთრი.

მოპასუხეს მიწოდებული წყლის საფასური არ გადაუხდია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს ¹151 დადგენილების საფუძველზე ლიკვიდირებული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ განსახილველი საქმე სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარებოდა. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურული უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღძრული სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენდა სამინისტროების უფლებამოსილების ან საქმიანობის თაობაზე სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლოს მოთხოვნა გამომდინარეობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობიდან, განხილვაც უწყებრივად ექვემდებარებოდა სასამართლოს.

სასამართლო კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს, ვინაიდან არ იყო დამთავრებული აღნიშნული დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, რის გამოც სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი აღეძრა სარჩელი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესდებულება – სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას და მხოლოდ სამინისტროს ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო უფლებაუნარიანობა (მათ შორის სარჩელის აღძვრის უფლებაც) გამგებლობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებებთან მიმართებაში. სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე ლიკვიდირებული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტი.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹1 რეგიონალური ბაზის მარნეულის სამსახურის უფროსის 2007 წლის 05 აპრილის წერილის საფუძველზე, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრმა „კ.” სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის, იაღლუჯის გაწყლოვანების სამმართველოდან 2007 წლის იანვარში მიიღო 10680 კუბ.მ. წყალი, ხოლო 2007 წლის თებერვალში – 6720 კუბ.მ. წყალი. საერთო ღირებულებით 13745 ლარი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹1 რეგიონალური მარნეულის სამსახურის უფროსის 2007 წლის 05 აპრილის წერილის შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა. მოსარჩელის მხრიდან განხორციელდა შესრულება (წყლის მიწოდება), რაც მიღებულია მოპასუხე მხარის მიერ. სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე იყო ორივე მხარის ნების გამოვლენა – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეთავაზება (ოფერტი) და მეორე მხარის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოხატული თანხმობა (აქცეპტი).

სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზის მარნეულის სამსახურის უფროსის 2007 წლის 05 აპრილის წერილი არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებას, მაგრამ აღნიშნული წერილი წარმოადგენდა მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდებოდა როგორც მოპასუხისგან, ისე მოსარჩელისგან მიწოდებული წყლის მიღების ფაქტი, ასევე დავალიანების ოდენობა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო ჯეროვნად და კეთილსიენდისიერად შეესრულებინა მიწოდებული წყლის საფასურის გადახდის ვალდებულება. ამდენად, სასამართლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹1 რეგიონალური ბაზის მარნეულის სამსახურის უფროსის 2007 წლის 05 აპრილის წერილის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 13745 ლარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის დაკისრების თაობაზე და სარჩელი დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩიავრი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ ¹1 რეგიონალური ბაზის მარნეულის სამსახურის უფროსის 2007 წლის 5 აპრილის წერილის შეფასების შედეგად, სასამართლომ არასწორად დაადგინა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა; კერძოდ, აღნიშნული წერილი არ იყო შედგენილი იმ პირის მიერ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სახელით უფლებამოსილი იყო დაედასტურებინა მხარეთა შორის წყლის მიწოდების თაობაზე სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა; ამასთან, მხარეთა შორის წყლის მიწოდების თაობაზე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობისა და მოსარჩელის მხრიდან მისი შესრულების დამადასტურებელი სხვა მტკიცება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა;

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის წყლის მიწოდების თაობაზე ზეპირი ხელშეკრულების არსებობა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა სამართლებრივი შედეგების მომტანი, რადგან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სადავო ტიპის ხელშეკრულებას მხოლოდ წერილობითი ფორმა უნდა ჰქონოდა;

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ დასძლია მასზე სსსკ-ის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, იმდენად, რამდენადაც სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა მხარეთა შორის წყლის მოწოდების თაობაზე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად არ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, ¹1 რეგიონალური ბაზის მარნეულის სამსახურის უფროსის 2007 წლის 5 აპრილის წერილი, რის გამოც სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ წესებს მტკიცებულებათა შეფასების შესახებ;

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, საქართველოს კანონი, ვინაიდან აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-31 “გ” ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე.

კასატორის აზრით სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმა ყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ¹1 რეგიონალური ბაზის მარნეულის სამსახურის უფროსის 2007 წლის 5 აპრილის წერილით არ შეიძლება დადგინდეს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, ვინაიდან აღნიშნული წერილი არ იყო შედგენილი იმ პირის მიერ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სახელით უფლებამოსილი იყო დაედასტურებინა მხარეთა შორის წყლის მიწოდების თაობაზე სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა; სააპელაციო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ მხარეთა შორის წყლის მიწოდების თაობაზე ზეპირი ხელშეკრულების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა სამართლებრივი შედეგების მომტანი, რადგან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სადავო ტიპის ხელშეკრულებას მხოლოდ წერილობითი ფორმა უნდა ჰქონოდა;

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება ვერ გახდება სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მოცემული საქმის დავის საგანია მიწოდებული წყლის ღირებულების ანაზღაურება და ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება არ ნიშნავს იმას, რომ არ მომხდარა მოპასუხისათვის წყლის მიწოდება. თუ პირმა ხელშეკრულების გარეშე მიიღო რაიმე ნივთი, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე გადაცემული ნივთი უკან დაბრუნებას ექვემდებარება. სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზის მარნეულის სამსახურის უფროსის 2007 წლის 05 აპრილის წერილს. ეს წერილი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება მოსარჩელისგან მიწოდებული წყლის მიღების ფაქტი. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებათა შეფასებით და შეჯერების შედეგად სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა ან არსებობა და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.