ას-930-968-2011 23 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. ს-ძის, ა. ნ-ძისა და ა. დ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ვ. კ-ძის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ლ. ს-ძის, ა. ნ-ძისა და ა. დ-ძის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. ს-ძის, ა. ნ-ძისა და ა. დ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორებისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, (ტ.II, ს.ფ. 118).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 20 აპრილი, ხოლო 30-ე დღე _ 30 აპრილი. ამდენად, კასატორებს შეეძლოთ, სააპელაციო სასამართლოში მისულიყვნენ და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინათ 2011 წლის 20 აპრილიდან 2011 წლის 30 აპრილამდე.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ა. ნ-ძე სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2011 წლის 4 მაისს (ტ.II, ს.ფ.159), ხოლო ა. დ-ძემ _ 2011 წლის 2 ივნისს. გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 30 აპრილს.
საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2011 წლის 30 აპრილს და დამთავრდა 2011 წლის 30 მაისს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი შემოტანილია 2011 წლის 2 ივნისს. ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2011 წლის პირველი ივნისი (ტ.II, ს.ფ. 169), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მიერ მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ლ. ს-ძეს, ა. ნ-ძესა და ა. დ-ძეს უნდა დაუბრუნდეთ ა. დ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 2 ივნისის საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ძის, ა. ნ-ძისა და ა. დ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ლ. ს-ძეს (პირადი ¹...), ა. ნ-ძეს (პირადი ¹...) და ა. დ-ძეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეთ ა. დ-ძის მიერ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 2 ივნისის საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.